20:43 | 2020-12-03 ავტორი: თამარ გონგაძე

გაიცანით რვაშვილიანი მარტოხელა დედა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა და ახლა სხვებს უფასოდ ემსახურება

გაიცანით რვაშვილიანი მარტოხელა დედა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა და ახლა სხვებს უფასოდ ემსახურება

40 წლის ნათია დიაკონიძე რვა შვილის დედაა. ცოტა ხნის წინ ქუთაისიდან საცხოვრებლად დედაქალაქში ჩამოვიდა და მარტო უძღვება მრავალრიცხოვან ოჯახს.

 


უკვე ორი წელია ინდოელების ოჯახში ტყუპის ძიძად მუშაობს. განათლებით მედიკოსი არ არის, თუმცა უკვე 20 წელია საახლობლო წრეში გადასხმას აკეთებს.

როცა ვამბობდი, ვერ დაითვლით-მეთქი, ვითვლით ახლა? - იმნაძე კორონავირუსით გარადცვლილთა რაოდენობაზე
2020-12-03როცა ვამბობდი, ვერ დაითვლით-მეთქი, ვითვლით ახლა? - იმნაძე კორონავირუსით გარადცვლილთა რაოდენობაზე

 

ნოემბერში სამსახურში დაინფიცირდა. კოვიდ-19-ის დამარცხება თვითმკურნალობით შეძლო. და როგორც კი გამოჯანმრთელდა, მაშინვე ჩაება უხილავ მტერთან მებრძოლთა რიგებში: აიყვანა ტაქსი (რომელსაც ის ოჯახები უხდიან, ვინც ნათიას გამოიძახებს), კოვიდ-ინფიცირებულთა ოჯახებში დადის და გადასხმას უსასყიდლოდ აკეთებს. ოჯახები თანხას სურვილისამებრ უხდიან.

 

ნათია კურიერის ფუნქციასაც ითავსებს და ოჯახებს, რომლებიც დაინფიცირების გამო ქუჩაში გასვლას ვერ ახერხებენ, წამლებით ამარაგებს.

 

ნათია დიაკონიძე: – განათლების მიღება ვერ მოვასწარი. 15 წლის ვიყავი რომ მომიტაცეს. უფროსი შვილი 23 წლისაა, ნაბოლარა – 3 წლის.

 

კოლეჯში დავიწყე სწავლა, მაგრამ არ დამიმთავრებია. ერთხელ გადასხმა დამჭირდა და გაკეთებას რომ ვერ ვახერხებდი, ჩემს თავზე ვცადე და გავიკეთე. მერე შვილებს გავუკეთე. ასე ნელ-ნელა სანათესაოსა და საახლობლოში დავდიოდი და ვაკეთებდი გადასხმას. თუმცა ასე მასშტაბურად, როგორც დღეს, აქამდე არასდროს მივლია სრულიად უცხო ოჯახებში.

 

No description available.

თითქმის ორი წელია ინდოელების ოჯახში, ღამით ტყუპების ძიძა ვარ. იმ ოჯახს დიდი მომსახურე პერსონალი ჰყავს, ერთმა თანამშრომელმა მოიტანა ინფექცია და იქ დავინფიცირდით ყველანი.

 

ერთი კვირა იქ ვიყავი კარანტინში, მერე მეორე კვირას სახლში გამომიშვეს. ბრონხები გამირთულდა, ანთებითი პროცესი მქონდა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ანტიბიოტიკები მივიღე. გადასხმაც გავიკეთე. საკუთარი თავი გამოვაჯანმრთელე და როგორც კი 12 დღე გავიდა, გამოვედი და სხვების დახმარებას შევუდექი.

 

ერთი ქუთაისელი ნაცნობი გოგოს მსგავსად, სოციალურ ქსელში დავდე პოსტი – კოვიდინფიცირებულებს, ვისაც გადასხმის გაკეთება ესაჭიროება, შემიძლია უსასყიდლოდ დავეხმარო-მეთქი.

 

და 22 ნოემბრის შემდეგ დავდივარ ოჯახებში. არ იცით, რა საიშნელი მდგომარეობაა. დღეში 30 ოჯახშიც მივსულვარ. ჩამოვიწერ და უბნების მიხედვით დავდივარ.

 

როდესაც დამირეკავენ, ვეუბნები, ტაქსით მოვდივარ და გზის ფულს მინაზღაურებენ. ვისაც რისი საშუალება აქვს (10-15 ლარი) იმას მაძლევს, ჩემით არც არაფერს ვითხოვ. ოჯახი, რომელსაც არაფრის გადახდა არ შეუძლია, ნახევარზე მეტია. წამალს ვერ იძენენ. ამ შემთხვევაში, მათგან მხოლოდ ტაქსის ფულს ვიღებ.

 

ზოგიერთი ოჯახი წამლებს მახვედრებს, მთხოვენ იმასაც, რომ მე წავუღო და მერე მიხდიან წამლის ფულს. ასე ვთქვათ, კურიერის მოვალეობასაც ვასრულებ.

 

რა უჯდება სახელმწიფოს ერთი კოვიდპაციენტის მკურნალობა
2020-12-03რა უჯდება სახელმწიფოს ერთი კოვიდპაციენტის მკურნალობა

 

დავდივარ მხოლოდ პირბადით. ერთი უკოვიდო პაციენტიც მყავს, მასთან მისვლისას ქუდით, ხალათით, ბახილებით ვიმოსები და ისე შევდივარ.

 

ძირითათად 40 წლის ზემოთ მხვდებიან, საკმაოდ ასაკოვნებიც – 87 წლის ბებოები… მიხედვა ყველას სჭირდება.

 

გადასხმებს მათი ექიმების რეკომენდაციითაც ვაკეთებ და მათი სურვილითაც. ვინც სიცხეების გამო საკვებს ვერ იღებს, ვერც სითხეს სვამს და გამოფიტულია, მოსაძლიერებლად უნდათ გადასხმა.

 

ვეკითხები დიაბეტი ხომ არ აქვთ, წნევები ხომ არ აწუხებთ, რომ რამე შეცდომა არ დავუშვა. პრობლემატურ პაციენტს ექიმის გარეშე ვერ ვემსახურები. დიდი გამოცდილება მაქვს, რა შემთხვევაში, რა გადასხმა შეიძლება გაკეთდეს. თუმცა მე მაინც ფრთხილად ვარ.

 

თავიდან ტაქსს ვიძახებდი და ვწვალობდი. მერე ერთმა მძოლმა მითხრა, მე გატარებ მთელი დღეო და ასე ვმოძრაობ.

 

მთელი დღე გასული ხართ. თქვენ შვილებთან ვინ არის?

 

– მარტოხელა დედა ვარ. უფროსები პატარებზე ზრუნავენ. ერთმანეთს უვლიან.

 

ინდოელების ოჯახში აღარ მუშაობთ?

 

– ორი დღეა, რაც მათთან ღამით განვაახლე მუშაობა, თუმცა 10 დეკემბერს ინდოეთში ბრუნდებიან და უმუშევარი ვრჩები. თუმცა მე ამ საქმეს გავაგრძელებ. მერე ვნახოთ…

 

ავტორი: თამარ გონგაძე


X

error: Content is protected !!