23:33 | 2020-06-13 ავტორი: Prime Time

გაიცანით ქართველი სპაიდერმენი, რომელიც წყნეთის ქუჩებს ასუფთავებს

გაიცანით ქართველი სპაიდერმენი, რომელიც წყნეთის ქუჩებს ასუფთავებს

წყნეთელი 27 წლის გიორგი ოძელაშვილი დასუფთავების სამსახურში უკვე მეოთხე წელია მუშაობს. მანამდე საბავშვო გასართობ ცენტრში ანიმატორად მუშაობდა – წყნეთის ბოლოდან „მარჯანიშვილზე“. ცენტრის დახურვის პერიოდს 2015 წლის 13 ივნისის ვერეს ხეობის ტრაგედია დაემთხვა.

 

გიორგი ოძელაშვილი: – დამეწყრილ ტერიტორიაზე გზა რომ გაიხსნა, დასუფთავების სამსახურში, სპეცრაზმში (ასე ეძახიან სპეცდასუფთავების სამსახურს, რომელიც მეეზოვისგან განსხვავებით შედარებით მძიმე სამუშაოს ასრულებს) დავიწყე მუშაობა.

იცით, როგორი თვალები აქვს ადამიანს, როცა შველას გთხოვს?! - ახალგაზრდა მაშველი კახეთიდან
2020-06-12იცით, როგორი თვალები აქვს ადამიანს, როცა შველას გთხოვს?! - ახალგაზრდა მაშველი კახეთიდან

 

თავიდან, ასაკიდან გამომდინარე მერიდებოდა დასუფთავების სამსახურში მუშაობა. მერე ეს მორიდება გაქრა. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ წყნეთში ტყიან ადგილას, თითქმის დაუსახლებელ ტერიტორიებზე მიწევს სამუშაოს ჩატარება.

 

ამიტომაც დავთანხმდი ამ სამუშაოს. მე წყნეთის ბოლო გაჩერებაზე ვცხოვრობ. ნელ-ნელა შევეგუე სამსახურს. წყნეთში „სპეცების“ პატარა კოლექტივია და მეეზოვეებსაც ვეხმარებით. უფრო მეტი სამუშაო ზაფხულობით გვაქვს. დამსვენებლები ამ პერიოდში ამოდიან და წყენთი ბინძურდება. ზამთრობით, ძირითადად მეეზოვეებს ვეხმარებით.

 

გიორგიმ „პოსტივის“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას ბრეიქდანსი იცეკვა. როგორც აღმოჩნდა, თინეიჯერობისას ქუჩის აკრობატიკით და ბრეიქდანსით იყო გატაცებული.

 

„ანიმატორად მუშაობისას სპაიდერმენზე იყო მოთხოვნა და ოჯახებში გამოძახების დროს სპაიდერმენის ფორმით და მომზადებული ნომრით მივლია ბავშვებთან“ – „პრაიმტაიმთან“ ამბობს გიორგი.

 

გიორგი პირდაპირ ეთერში „თბილსერვისჯგუფის“ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, სოფიო კობაიძის წყალობით აღმოჩნდა.

 

როგორც სოფიო „პრაიმტაიმთან“ ამბობს, ის აქტიურად ეძებს თანამშრომლებს, რომლებიც გარდა იმისა, რომ კეთილსინდისიერად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, აქვთ მიღწევები ხელოვნების, სპორტის სფეროში.

 

„ბევრი მათგანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობითაა დაკავებული. მინდა, რომ საზოგადოებას გავაცნო ეს ადამიანები“ – ამბობს სოფიო კობაიძე.

 

დილით 6-ის ნახევარზე დგება, შვიდზე უკვე „პოსტზეა“. დღეში ოთხ კილომეტრიან მონაკვეთს ასუფთავებს. როგორც ამბობს, ამხელა ტერიტორიის დასუფთავება ვარჯიშადაც ეთვლება.

 

ამგვარად სამსახურიდან დადებითსაც იღებს და უარყოფითსაც. ბუნებაში სამუშაოდ გასული ჩიტების ჭიკჭიკსაც უსმენს და გველის ნაკბენსაც ვაჟკაცურად იტანს. არც მინუს 15 გრადუსში ფიზიკურად მუშაობაა ადვილი…

 

გიორგი: – ჩვენთან ძირითადად ხანში შესულები მუშაობენ და სახიფათო ადგილებში სამუშაოდ მე მიშვებენ.

 

ხელები მაქვს დაკაწრული, დავგორებულვარ კიდეც, გველსაც უკბენია. საბედნიეროდ უშხამოს.

 

გველებს ვცნობ. სახლში სპირტით დავიმუშავე ნაკბენი, არაფერი მომსვლია. ხიფათი ბევრი ახლავს ჩემს სამუშაოს.

 

თავის მონაკვეთს რომ დაასუფთავებს, სპორტულ დარბაზში მიდის და სამბოსა და ძიუდოში ბავშვებს ავარჯიშებს. 5 წლიდან ჭიდაობს. მამაც მწვრთნელია.

 

საქართველოში სამბოში ორჯერ მეორე ადგილის  (2012-სა და 2016 წლებში) მფლობელი გახდა. წყნეთში ბევრი ახალგაზრდისთვის კარგი მაგალითის მიმცემია, ბევრსაც თვითონ მოუწოდებს, ბირჟა მიატოვონ და სპორტით დაკავდნენ.

 

გიორგი: – ხალხის მოთხოვნით, ერთი წლის წინ, დარბაზი გაგვიხსნეს, სადაც კარატეს, ძიუდოს აკადემიებია, საცეკვაო წრეებია. მამა კოჭლობს და მე ვეხმარები ბავშვების მომზადებაში.

ჩვენთან, წყნეთში, ბევრი ახალგაზრდა დგას ქუჩაში, აბოლებენ სიგარეტს, უსაქმურად ბირჟაობენ. ასე უსაქმურად დგომას, გასვლა და მუშაობა ჯობს. ბევრისთვის მითქვამს, სახლში რამე გააკეთეთ, დარბაზში წამოდით, ივარჯიშეთ-მეთქი.

 

მშობლების ხარჯზე მაცხოვრებელი „ბირჟავიკები“ – დაიცა, მოგცლიაო, თავიდან მიშორებენ. კარტის თამაში ურჩევნიათ. თუმცა რაც დარბაზი გაიხსნა, იმდენად აღარ დგანან ბირჟაზე.

 

ბევრს თავი დავანებებინე სიგარეტზე, ვარჯიშს მოკიდეს ხელი. ბევრი ლუდომანია წყნეთში. ხელფასს რომ ავიღებ, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ბიჭები – ფული მასესხეო, მომადგებიან.

 

ბევრისთვის მისესხებია ფული, მაგრამ ბოლო დროს ვკრძალავ, შვილი მყავს, ოჯახი მაქვს და ჩემი შემოსავალი მათ უნდა მოვახმარო-მეთქი.

 

– სად ხედავ თავს სამომავლოდ?

 

– ვერ ვიტყვი, რომ სამომავლოდ ჩემს თავს სულ დასუფთავებაში ვხედავ. ანიმატორი ვიყავი და მინდა ისევ ეს საქმე გავაგრძელო.

 

თუ გამოჩნდება ადგილი, ანიმატორად ისევ სიამოვნებით ვიმუშავებ. თუმცა სამი წელი არაფრის შეცვლას არ ვგეგმავ. თბილისში ჩასვლა-ჩამოსვლა რთულია.

ავტორი: თამარ გონგაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები