14:17 | 2020-07-28 ავტორი: Prime Time

გაიცანით ქალი, რომელმაც ხაშით ნაშოვნი ფულით ტაძარი ნანგრევებიდან აღადგინა

გაიცანით ქალი, რომელმაც ხაშით ნაშოვნი ფულით ტაძარი ნანგრევებიდან აღადგინა

„ნელის ხაში„ – მას ყველა ასე იცნობს ხაშურში. როგორც თავად ამბობს, მისი ხაშის დასაგემოვნებლად რუსთავიდანაც კი ჩამოსულან, რომ არაფერი ვთქვათ გორზე, ბორჯომზე, ახალციხესა და ხაშურზე.

 

ცხოვრობს ხაშურში, სადაც ამ საოჯახო ბიზნესით არის დაკავებული.

 

ხაშით ცნობილია, თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ სოფელში, სადაც დაიბადა, VIII-IX დათარიღებული ტაძარი ნანგრევებიდან აღადგინა. ტაძრის აღდგენისთვის თანხა კი სწორედ სახაშიდან შეგროვილი ფულით შეძლო.

„დავიბადე სოფელ პატარა ფლევში. ერთ დღეს სასაფლაოზე ავედი ეკლესიის ნანგრევებში სანთელი მინდოდა დამენთო, მაგრამ ძლიერი ქარი ქროდა და ვერ დავანთე.

 

თითქოს რაღაცამ შთამაგონა, რომ მე, ქალს უნდა აღმედგინა ტაძარი ნანგრევებიდან! დედმამიშვილებიდან ცოცხალი მარტო მე დავრჩი, ეს ალბათ იმიტომ მოხდა, რომ რაღაც მისია უნდა შემესრულებინა ამ ქვეყნად. მიხარია, რომ უფალმა დაუშვა და მე აღვადგინე ტაძარი“, – ამბობს ნელი ლომიძე.

 

როგორც თავად ამბობს, მშენებლობა მხოლოდ 500 ლარით დაიწყო და პროცესში ხშირად აწყდებოდა ფინანსურ პრობლემებს. თვითონაც უკვირს, როგორ მოახერხა ეს ყველაფერი დამოუკიდებლად, საკუთარი შრომით გაეკეთებინა.

„როცა ჩავიფიქრე მშენებლობის დაწყება, ერთ-ერთ მამაოს ვთხოვე, კურთხევის მისაღებად, მეუფესთან მისულიყო. მეუფემ იკითხა, ფული თუ აქვს, მშენებლობას რომ იწყებსო? ვუთხარი 5 000 ლარი მაქვს-მეთქი. სინამდვილეში კი 500 ლარი მქონდა.

 

დღეს და ღამეს ვასწორებდი სახაშეში. პარალელურად ჩემი ძველი პროფესია გავიხსენე და სამკერვალო ავამუშავე. აქედან შემოსულ თანხებს მთლიანად ტაძრისთვის ვინახავდი. მთელი დღე ვმუშაობდი, რომ საღამოს საჭირო სამშენებლო მასალა მიმეტანა მშენებლობაზე“, – ამბობს ნელი ლომიძე.

 

რას საქმიანობს ქალი, რომელიც საქართველოში 21 წლის წინ ჩეჩნეთიდან ჩამოვიდა - გაიცანით ფატი მაჩალიკაშვილი
2020-07-13რას საქმიანობს ქალი, რომელიც საქართველოში 21 წლის წინ ჩეჩნეთიდან ჩამოვიდა - გაიცანით ფატი მაჩალიკაშვილი

 

ნელი ლომიძე იხსენებს ამ პერიოდში დამდგარ რთულ მდგომარეობას, როდესაც იგი მოულოდნელად ლოგინად ჩავარდა და სიარული ვეღარ შეძლო. თუმცა მალევე გამოჯანმრთელდა, რაც მისივე თქმით, უფლის სასწაული იყო.

 

„როდესაც კედლების მშენებლობა დასრულდა და გადახურვას ვიწყებდით, გაურკვეველი მიზეზების გამო, მუშამ მშენებლობა შემიჩერა. ეს პერიოდი ლოგინად ჩავვარდი.

 

მერვე დღეს, საღამოს, სიზმარში ქალი გამომეცხადა და მითხრა – შენ ჩემთვის აღარ გცალიაო, თან ხელს ეკლესიისაკენ იშვერდა. ვუპასუხე, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი.

 

გათენებისთანავე ფეხზე დავდექი ისე თითქოს მე არაფერი არ მტკენია. იმ დღესვე ვუთხარი ჩემს შვილს, წავსულიყავით სოფელში და მამა იოანე გვენახა. ვიფიქრე, ეცოდინებოდა ვინმე, ვინც შეძლებდა ეკლესიაზე სახურავის დასრულებას.

 

მართლაც მამაომ ნახა ოთხი ადამიანი, ვინც გადახურა ტაძარი. ამ პერიოდში თანხაც მაკლდა. მუშები 4000 ლარს მთხოვდნენ, მე მხოლოდ 2000 მქონდა, მაგრამ უფალმა აქაც შემიწყო ხელი და დარჩენილ თანხასაც გავუწიე მობილიზება“, – ამბობს ნელი ლომიძე.

 

აღნიშნავს, რომ ტაძრის მშენებლობისთვის დახმარება არავისთვის უთხოვია.

 

„ისე ავაშენე ტაძარი, არავისთვის დახმარება არ მითხოვია. ქვებს საკუთარი ხელით ვეზიდებოდი. ვცდილობდი, ყველაფერი საკუთარი ხელით გამეკეთებინა, რადგან ამით ძალიან დიდ ბედნიერებას ვგრძნობდი. ბედნიერი ვარ, რომ გამიმართლა და ღმერთმა მომცა საშუალება ამაშენებინა უფლის სახლი“,- აცხადებს ნელი ლომიძე.

 

ავტორი: თათია გოლოშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X