fbpx
16:48 | 2020-05-09 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

გაიცანით 101 წლის ქართველი ექიმი – ყოველდღე ვვარჯიშობ, სანამ არ დავიღლები

გაიცანით 101 წლის ქართველი ექიმი – ყოველდღე ვვარჯიშობ, სანამ არ დავიღლები

75 წლის წინ ყველაზე მასშტაბური მსხვერპლით საბჭოთა კავშირმა გერმანია დაამარცხა… ომს 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

ეს იყო ბრძოლა, სადაც ფაშიზმის წინააღმდეგ 72 სახელმწიფო გაერთიანდა.

 

საქართველო ერთადერთი იყო, რომელმაც ფრონტის ხაზზე ყველაზე მეტი მეომარი, 700 ათასი ჯარისკაცი გაუშვა.

 

დედები მამები, შვილები, მეუღლეები დედმამიშვილები, მიდიოდნენ გადამწყვეტ ბრძოლაში, სადაც არავინ იცოდა ცოცხლები დაბრუნდებოდნენ თუ არა.

 

მაშინ , საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნები, მათ შორის საქართველო ამ ომს საკუთარ ბრძოლად თვლიდა.

 

9 მაისი… ბერლინის უსიტყვო კაპიტულაცია და რაიხსტაგზე უკვე გამარჯვებული საბჭოთა წითელი დროშის ფრიალი. ომი დასრულდა…

 

ოთხწლიანი ბრძოლის დასრულების შემდეგ, საქართველოდან წასული 700 ათასი მეომრიდან უკან 300 ათასი დაბრუნდა.

 

101 წლის მერი მაღრაძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ექიმი და სამხედრო ოფიცერია.

 

ბრძოლის დაწყებისთანავე, ჰოსპიტალში სამუშაოდ წავიდა და დასრულებამდე ფრონტზე დაჭრილი მეომრები არ მიუტოვებია.

 

საქართველოში დაბრუნებული, კვლავ ერთგულად ემსახურა თავის პროფესიას და ქვეყანას.

 

სიბერე წარსულზე მოგონებებში გაჰყავს. ყოველ 9 მაისს, სამამულო ომის შემდეგ მიღებულ მედლებს იკეთებს და ერთი დღით წარსულში ბრუნდება.

 

თითოეული მედალი და სიგელი, რომელიც გადასცეს, ეამაყება.

 

წლევანდელი წელი გამონაკლისია, ის ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ვერ მივა…

 

„პირველ მაისს 101 წლის გავხდი. ხარაგაულში დავიბადე, მერე ოჯახი თბილისში წამოვიდა და ფიქრის გორაზე დავსახლდით.

 

16 წლისამ დავამთავრე პირველი საშუალო სკოლა. იმავე წელს მოვეწყე სამედიცინო ინსტიტუტში სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე.

 

 

1941 წელს დავამთავრე უმაღლესი და იმავე წელს სამუშაოდ გადაგვანაწილეს სხვადასხვა რეგიონებში.

 

მე ფასანაურში გამიშვეს. ამ დროს მომისწრო სამამულო ომმა. გამომიძახეს, როგორც ექიმი და წამიყვანეს უკრაინაში.

 

ზუსტად აღარ მახსოვს რამდენი ხანი დავყავი იქ.

 

ფრონტის ხაზიდან დაჭრილები მოჰყავდათ. იქ ყველა პროფილის სპეციალისტი ვიყავით. თერაპევტი, ქირურგი, სტომატოლოგი მე გახლდით.

 

ჩვენი პუნქტის გამგის გვარი ახლაც მახსოვს, ბიხოვსკი იყო. საინტერესო ის არის, რომ ოთხი ერის სამედიცინო მუშაკი ვმუშაობდით ერთად, ქართველი, ებრაელი, რუსი და სომეხი.

 

ჩვენ პირველი დახმარების აღმოსაჩენად სულ მზადყოფნაში ვიყავით. უამრავი დაჭრილი მოჰყავდათ.

 

ერთხელ უმძიმესი პაციენტი მომიყვანეს, ქვედა ყბა ჰქონდა დაზიანებული. ფრონტის წინა ხაზზე, როგორც ჩანს, ჭურვის ანასხლეტი მოხვდა.

 

კარგა ხანს ვუმკურნალე და მოვარჩინე…

 

ამ ომში სხვა ნათესავებთან ერთად მაზლი დავკარგე. როცა დასრულდა წერილი მოგვივიდა, უგზო-უკვლოდ არის დაკარგულიო. ომი რომ დასრულდა მახსოვს, როგორი ბედნიერება სუფევდა ირგვლივ.

 

9 მაისის მოსვლა ძალიან მიხარია ხოლმე. გამარჯვების დღეა და ყველამ უნდა ვიმხიარულოთ, მოიგონოს ამ ომში გარდაცვლილებისა და დაკარგულების სახელები.

 

ჩვენი ვეტერანთა კავშირისგან ორი ორდენი, სიგელები და მადლობის წერილები მაქვს მიღებული.

 

ძალიან მიხარია და ალბათ, ეს მაცოცხლებს კიდეც. არ შეიძლება ჩვენ უყურადღებოდ ვიყოთ, თქვენი პატარა ყურადღება ჩემი დარჩენილი სიცოცხლისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

 

მთელი ცხოვრება ვმუშაობდი. 70 წლის ვიყავი, როცა სტომატოლოგობას დავანებე თავი. პირის ღრუში მუშაობას კარგი მხედველობა უნდა.

 

სამსახურში არასდროს წავსულვარ ტრანსპორტით, დილითაც ფეხით მივდიოდი და უკანაც ფეხით ვბრუნდებოდი.

 

ხშირად მეკითხებიან 101 წლის სიცოცხლის საიდუმლო რა არისო. მოძრაობა, გაგიკვირდებათ და ყოველ დღე რამდენჯერმე ვვარჯიშობ.

 

დღის განმავლობაში რამდენჯერმე ავდივარ და ჩავდივარ კიბეებზე. იქამდე ვვარჯიშობ, სანამ არ დავიღლები.

 

მერე ვგრძნობ რომ უკეთესად ვარ ხოლმე. ერთხელ მომივიდა მისალოცი წერილი, სადაც ეწერა, რომ მოხუცებულობა ბედნიერებააო. ვერ გეტყვით, რომ მოხუცებულობა სასიხარულოა. ახალგაზრდა რომ ვიყო სამშობლოსთვის ვიმუშავებდი, სხვას დავეხმარებოდი, სიკეთეს გავაკეთებდი. ამ სიბერეში ვერაფერსაც ვერ ვაკეთებ, სახლში ვზივარ და ტელევიზორს ვუყურებ.

 

მეუღლე მყავდა საუკეთესო ადამიანი. ჩემი გვარი ლეჟავაა. მეუღლეს სიმსივნე ჰქონდა და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მთხოვა, მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ ჩემი გვარი ატარეო. მაშინვე გადავედი მის გვარზე, ახლა 101 წლის ქალი ვარ და ისევ ჩემი საყვარელი მეუღლის გვარს ვატარებ.

 

მყავდა ორი ბიჭი, რომლებიც მამის მსგავსად საუკეთესო ქიმიკოსი ინჟინერები გამოვიდნენ… მათი გარდაცვალების შემდეგ, ჩემი ცხოვრება შეიცვალა, ისეთი აღარა არის, როგორიც ადრე. მეუღლისა და შვილების დამსახურებაა რომ აქამდე მოვედი, ალბათ ღმერთსაც ვუყვარვარ. ოთხ თაობას მოვესწარი ბებო.

 

ჩემი მეგობრებიდან დღეს ცოცხალი აღარავინაა. ტელეფონის „ბლოკნოტს“, რომ გადავშლი და მათ სახელებსა და გვარებს ვკითხულობ, მარტო მე შემოვრჩი ამ ქვეყანას, გული მწყდება და თვალზე ცრემლი მადგება ამაზე.

 

ყოველ 9 მაისს ჩვენ ვხდებოდით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან. ვკითხულობდით ერთმანეთის ამბებს… წელს განსხვავებული 9 მაისია, კორონავირუსის გამო ვერ წავედი გმირთა მემორიალთან.“- ამბობს მერი მაღრაძე.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

X