17:15 | 2021-02-25 ავტორი: Prime Time

გაირიცხებიან თუ არა ბაღებიდან ის ბავშვები, რომლებიც გახსნის შემდეგ კვლავ სახლში დარჩებიან – პასუხები ყველა საინტერესო კითხვაზე

გაირიცხებიან თუ არა ბაღებიდან ის ბავშვები, რომლებიც გახსნის შემდეგ კვლავ სახლში დარჩებიან – პასუხები ყველა საინტერესო კითხვაზე
რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, როგორც საჯარო, ისე კერძო საბავშვო ბაღები, პირველი მარტიდან მუშაობას აღადგენენ.

 

 

ორ კვირაში ერთხელ კი საბავშვო ბაღების თანამშრომლები COVID-19-ზე სავალდებულო ტესტირებას გაივლიან.

 

შრომის ინსპექციამ ბაღები შეამოწმა და ყველა მათგანი აკმაყოფილებს შესაბამის პირობებს. გათვალისწინებულია სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციები და სრული მზაობაა, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი აღდგეს,- აცხადებენ სააგენტოში.

 

ასევე მშობლების ნაწილს აინტერესებს, ხომ არ გარიცხავენ იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ბავშვებს რეგისტრირებულ ბაღებში არ მიიყვანენ.

 

როგორც სააგენტოში განმარატვენ, ამის გამო ბაღიდან ბავშვები არ გაირიცხებიან. მშობელი საბავშვო ბაღის ადმინისტრაციასთან ათანხმებს, რომ მისი შვილი არ ივლის. სხვა დამატებითი რეგულაცია არ ამოქმედდება.

 

ნახეთ რეკომენდაციები, რომელთა დაცვათ საბავშვო ბაგა-ბაღებს პროცესის აღდგენის შემდეგ მოუწევთ

 

 

რა წესების დაცვაა აუცილებელი:

 

 

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ბავშვები ბაღის თანამშრომელმა უნდა მიიღოს და შენობაში მშობლის შესვლა არ შეიძლება.

 

  • დაწესებულების შესასვლელთან უნდა განხორციელდეს თერმოსკრინინგი და იმ ადამიანს, რომელიც ტემპერატურას გაუზომავს აღსაზრდელებს, უნდა ეკეთოს პირბადე და დაიცვას მინიმუმ 1-მეტრიანი დისტანცია.

 

  • თერმოსკრინინგისას, 37 ან 37 -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება მოსაცდელ სივრცეში ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით, 15 წუთიან შუალედში. ყოველი გამოყენების შემდეგ სავალდებულოა ვერცხლისწყლის თერმომეტრი დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;

 

  • ტემპერატურის ან სხვა რესპირატორული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ბავშვი საიზოლაციო ოთახში გადაჰყავთ და დაუყონებლივ უკავშირდებიან მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს, რომ გაიყვანოს. თუ მშობელი არ გამოცხადდება, ადმინისტრაცია ვალდებულია 112-ს დაუკავშირდეს.

 

  • სიცხის გადამოწმების შემდეგ 37 ან 37 -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში: მასწავლებელი/აღმზრდელი/ძიძა/ადმინისტრაციის წარმომადგენელი არ დაიშვება დაწესებულებაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს;

 

  • დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა. შ.) პირების (მასწავლებლების, აღმზრდელების, თანამშრომლების და აღსაზრდელების) დაშვება დაწესებულების შენობაში;

 

  • შესასვლელში უნდა განთავსდეს დეზობარიერი და ანტისეპტიკური საშუალებები.

 

  • ბავშვების გარდა საბავშვო ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე ყველას ნიღაბი უნდა ეკეთოს.

 

  • მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ბაღში მისვლამდე არანაკლებ 10 წუთით ადრე უნდა აცნობოს ტელეფონით ჯგუფის ხელმძღვანელს, რათა საკმარისი დრო იყოს იმისთვის, რომ ბავშვი მოამზადონ სახლში წასასვლელად;

 

  • სახლიდან სათამაშოს წაღება აკრძალულია და ფანქრების, მაკრატლებისა და სხვა საშუალებებისთვის ინდივიდუალური ყუთი უნდა შეიქმნას და ყველას ცალ-ცალკე ჰქონდეს.

 

  • საბავშვო ბაგა-ბაღებში ხმარებიდან უნდა ამოიღონ ის სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება შეუძლებელია. ხოლო საწოლები ისე უნდა განლაგდეს, რომ ბავშვები წოლის დროს სახით ერთმანეთის პირისპირ არ აღმოჩნდნენ;

 

  • აკრძალულია ისეთი გასართობი ღონისძიებების მოწყობა, რომლებიც ბავშვთა დიდი რაოდენობით თავშეყრას გულისხმობს.

 

  • ბაღის ტერიტორიაზე ხელის დასაბანად გამართული საშუალებები უნდა იყოს და ხელების გამშრალება ერთჯერადი ხელსახოცით ან ინდივიდუალური პირსახოცით უნდა მოხდეს. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ხელების დაბანა და გაშრობა, ხელების დასამუშავებლად უნდა გამოიყენონ არაუმცირეს 70%-იანი სპირტის შემცველობის სადეზინფექციო საშუალებები;

 

  • ბავშვებმა საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლისა და გამოსვლის შემდეგ საფუძვლიანად უნდა დაიბანონ ხელები წყლითა და საპნით და კარგად გაიმშრალონ ერთჯერადი ხელის გასამშრალებელი საშუალებებით; აღმზრდელმა მათ დაცემინებისა და დახველების შემთხვევაში მოქცევის სწორი წესი უნდა ასწავლოს და სადემონსტრაციოდ შეიძლება გამოიყენოს სათამაშოები.

 

ცნობისთვის, თბილისში ამჟამად, 185 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

ავტორი: Prime Time


X