16:37 | 2021-05-25 ავტორი: Prime Time

გაინტერესებთ, რატომ არ აპროტესტებდა ლევან ვასაძე იმ ჰესების მშენებლობას, რომელთაც რუსული კომპანიები ფლობენ? – ნახეთ ბიზნესმენის პასუხი

გაინტერესებთ, რატომ არ აპროტესტებდა ლევან ვასაძე იმ ჰესების მშენებლობას, რომელთაც რუსული კომპანიები ფლობენ? – ნახეთ ბიზნესმენის პასუხი

„პრაიმ ტაიმის” ჟურნალისტის კითხვაზე ნამახვანჰესის მსგავსად აპროტესტებდა თუ არა საქართველოში იმ ჰესების მშენებლობასაც, რომელთა უდიდეს ნაწილს რუსული კომპანიები ფლობენ, ლევან ვასაძე პასუხობს, რომ ის ყოველთვის საჯარო პირი და პოლიტიკოსი არ ყოფილა, თუმცა როცა ეკითხებოდნენ პასუხობდა, რომ დიდი ჰესების აშენების შემთხვევაში საკონტროლო პაკეტს სახელმწიფო უნდა ფლობდეს.

 

„როცა ეს ჰიდროელექტროსადგურები შენდებოდა, რიგ შემთხვევაში მე დაბადებულიც არ ვიყავი, ჟინვალჰესი იქნებოდა ეს თუ ა.შ…

 

მე ყოველთვის არ ვიყავი საჯარო პირი ან პოლიტიკოსი. სხვადასხვა წლებში მე ვიყავი კერძო პირი, მესაქმე, ბიზნესმენი, ქველმოქმედი, რაც გინდათ დამარქვით, და ყოველთვის, როცა მე მეკითხებოდნენ, რა უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა ენერგეტიკის სფეროში, ყოველთვის ვამბობდი, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ესა და ეს შეზღუდული ენერგეტიკული რესურსები და აუცილებლად, თუ კი ჩვენ გვინდა, რომ ეკონომიკა სწორად განვითარდეს, მე არ ვარ ჰესების მშენებლობის და განვითარების წინააღმდეგი, უბრალოდ ის უნდა ითვალისწინებდეს ყოველთვის ადგილობრივების ინტერესებს და უნდა ეკუთვნოდეს მსხვილ და საშუალო პროექტებში ჩვენს სახელმწიფოს”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

 

ლევან ვასაძის თქმით, უკვე აშენებული ჰესები, რომელთაც უცხოური კომპანიები ფლობენ სახელმწიფომ ცივილიზებული ფორმებით უნდა გამოისყიდოს და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდეს. ხოლო ეს არათუ გააუარესებს საინვესტიციო გარემოს, არამედ პირიქით ინვესტორები მოხარულები დარჩებიან.

 

„რაც შეეხება ჩემს პროტესტს ჰესების ასე განიავებისა და დარიგებისა, ის არაერთხელ დაფიქსირებულა საჯარო სივრცეში და დღესაც მინდა ხაზი გავუსვა იმას, რაც უკვე ვთქვი. ჩემი ღრმა რწმენით, სახელმწიფომ უარი უნდა თქვას ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ, აგრესიულ-ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც გულისხმობს ყველა სახელმწიფოს სტრატეგიული აქტივის ანიჰილაციას, ანუ მოშლას და ამის ყველაფრის გაყიდვას და უფრო მეტიც, მე მიმაჩნია, რომ ახალი, კონსერვატიული, ეროვნულ-ტრადიციონალისტური პოლიტიკის პირობებში სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ არა მარტო ახალ აშენებად ჰესებში გვქონდეს საკონტროლო პაკეტი, არამედ იმ ჰესებშიც, რომლებიც უკვე გაყიდა სააკაშვილის მთავრობამ, ბენდუქიძემ, მერე ოცნებამ გააგრძელა ეს საქმე. მე ვგულისხმობ მსხვილ და საშუალო ჰესებს, დაიბრუნოს, ცივილიზებული, უკან გამოსყიდვის მეთოდებით და დაიბრუნოს საკონტროლო პაკეტები და მოახდინოს აკუმულაცია ერთ კორპორაციაში, პიდროელექტროენერგეტიკის სახელმწიფო კორპორაციაში, რათა სახელმწიფოს ჰქონდეს მეტი შემოსავალი და დოვლათი. აქედან გამომდინარე მე ვარ მომხრე არა რაღაც კომუნისტური განკულაკების ინვესტორებისა და საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუარესებისა, არამედ სრულიად ცივილიზებული, მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკისა, რომელიც ინვესტორებს ეტყვის, ქალბატონებო და ბატონებო, ველური კაპიტალიზმის ხანა საქართველოში დამთავრდა. სახელმწიფო გამოდის წინადადებით, რათა მსხვილი ჰესები და საშუალო ჰესები გამოისყიდოს უკან. არ მაინტერესებს ეს რუსები არიან, ამერიკელები, ევროპელები, თურქები თუ ვინ. თქვენ გაქვთ უფლება და საშუალება, მიიღოთ წილობრივი მონაწილეობა სახელმწიფოსთან ერთად ამ საინვესტიციო პროექტებში და იყოთ დაცული, რადგან თქვენი პარტნიორია აწი სახელმწიფო. ამრიგად აშენდეს პორტფელი ფულის მგენერირებელი აქტივებისა, რომელიც შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს კანონით უნდა იყოს დაფიქსირებული და დაცული. ეს არცერთი წამით არ ნიშნავს საინვესტიციო კლიმატის გაუარესებას, პირიქით შეგნებული და ცივილიზებული ინვესტორები მხოლოდ მოხარულნი არიან, შევიდნენ მეწილეებად ესეთ მძლავრ ადგილობრივ თანამფლობელთან. ამ გზით უნდა განვითარდეს ჩვენი ეკონომიკა. და მერე, როცა სახელმწიფოს ხელში გაუჩნდება ასეთი აქტივები, რომლებიც გენერირებენ ქეშს, მას უკვე ექნება მექანიზმები და ბერკეტები ეკონომიკის სხვა დარგების წახალისებისა და განვითარებისა და მოსახლეობის დახმარებისა.”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

 

ცნობისთვის, 200 დღეზე მეტია რიონის ხეობის მკვიდრი მოსახლეობა „ნამახვანჰესის” მშენებლობას აპროტესტებს.  აქციები ჯერ რიონის ხეობაში იმართებოდა, შემდეგ ქუთაისში, ხოლო 24 მაისიდან პროტესტმა თბილისში გადმოინაცვლა.

 

ლევან ვასაძის ინიციატივით, „ნამახვანჰესის” შესახებ სახელმწიფომ რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს და ხალხმა უნდა გადაწყვიტოს აშენდეს თუ არა.

 

ასევე ნახეთ: თბილისის პიკეტირება, როცა სამებაში ეროვნული გმირი ასვენია – ულტიმატუმი ხელისუფლებას თუ „ბანალური“ ნარცისიზმის უხეში გამოვლინება – ვინ როგორ ეხმიანება გოლეთიანის განცხადებას

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!