19:45 | 2020-05-12 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“გაგანია კორონავირუსის დროს, ღამე ქუჩაში დავდიოდი და ვტიროდი” – როგორ ცხოვრობს ემიგრაციაში „კრიმხილდა“

“გაგანია კორონავირუსის დროს, ღამე ქუჩაში დავდიოდი და ვტიროდი” – როგორ ცხოვრობს ემიგრაციაში „კრიმხილდა“

მსახიობი ნანა კუხალეიშვილი ფართო საზოგადოებამ სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ გაიცნო, სადაც კრიმხილდას როლს თამაშობდა.

 

წელიწადნახევრის წინ, მან ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა და შორეულ ემიგრაციაში წავიდა. მისი თქმით, ემიგრაციაში ყოფნა დევნის გამო უწევს.

 

იყო რთული ეტაპები როგორც საქართველოში, ასევე ესპანეთში, თუმცა დღეს მას უკვე სამსახურიც აქვს და ბარსელონაში საკუთარი პროფესიითაც აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

 

„პრაიმტაიმი“ ნანა კუხალეიშვილს ბარსელონაში დაუკავშირდა.

 

– წელიწადნახევრის წინ წამოვედი ესპანეთში ოჯახთან ერთად, პირველად „წითელ ჯვარში“ მოვხვდით და ჰოსტელში ვცხოვრობდით.

 

სამი თვის შემდეგ, გაგვამწესეს ერთ-ერთ მსგავს ორგანიზაციაში, რომელსაც მთავრობამ დაავალა ჩვენზე ზრუნვა.

 

სამი ოჯახი ვცხოვრობდით ერთ დიდ სახლში. 6 თვის განმავლობაში ვიყავით სახლში, რომლის ქირას სახელმწიფო გვიხდიდა. ბინის ქირაობა აქ კატასტროფის ტოლფასია.

 

ეს იგივეა სახლი იყიდო, თუ სამუშაო ხელშეკრულება არ გაქვს ბინას ვერ იქირავებ. აქვე აუცილებელი პირობაა 2 200 ევროდან ზემოთ გქონდეს შემოსავალი. ჩვენ კი ეს კონტრაქტი არ გვქონდა და ძალიან გაგვიჭირდა ბინის დაქირავება.

 

თავდაპირველად ერთმა ქართველმა დაგვითმო ბინა, მითხრა ჩემს შვილთან მივდივარ სხვა ქვეყანაშიო და ბინის მეპატრონეს დაუდო ხელშეკრულება ერთი წლით, სამწუხაროდ ცუდად მოგვექცა და უფრო ადრე დაბრუნდა.

 

ვერაგული ხერხებით ეცადა ჩვენს ბინიდან გაგდებას, თუმცა ახლა ამაზე საუბარი არ ღირს, რადგან ქართველები ძალიან დაგვიდგნენ გვერდში. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ახლა კარგად ვართ.

 

Anano Dadiani-ს ფოტო.

 

– ენის ბარიერი როგორ გადალახეთ?

– როდესაც ჩამოვედი გავხდი ენის ბარიერის გამო, ეს არის არის კატასტროფა. მეგონა დებილი და ქმედითუუნარო ვიყავი. სამი თვე ვტიროდი, ვფიქრობდი, რა ვქნა-მეთქი. ბოლოს შემოვუძახე თავს, შენს უკან ბავშვები და ოჯახია, სხვა გზა არ გაქვს ენა უნდა ისწავლო-თქო.

 

ვიშოვე წიგნი და მალე ისე ვისწავლე, ყველას ვაგებინებდი სათქმელს. მეორე ეტაპზე ორგანიზაციამ აიღო პასუხისმგებლობა ენის შესწავლაზე. პირდაპირ მეორე კურსზე დამსვეს. ვერ ვიტყვი რომ ფანტასტიურად ვიცით ესპანური, მაგრამ თავისუფლად ლაპარაკი შეგვიძლია.

 

თუმცა ვაპირებ მე და ჩემმა უფროსმა გოგომ, ენის განსამტკიცებლად ერთი წლით სწავლა გავაგრძელოთ. ჩემი პროფესიით ვაპირებ აქ მუშაობის გაგრძელებას, ეს კი მოითხოვს კარგად ვიცოდე ესპანური.

 

– მუშაობა სად დაიწყეთ?

 

– მუშაობა დავიწყე საბედნიეროდ. ერთ-ერთ უზარმაზარ კომპანიაში დავსაქმდი, იუთუბის მსგავსი კომპანიაა, სადაც მოდერატორი ვარ. მაშინ როდესაც პანდემია და გაგანია კორონობის ჟამი იყო, ღამე ქუჩაში მარტო დავდიოდი.

 

ცრემლები მდიოდა ისე მეშინოდა, მაგრამ მოვასწარი და ტრენინგებზე მაინც დავდიოდი. მოთხოვნა იყო რუსული და ინგლისური.

 

რუსული ვიცი, ინგლისური კი არ ვიცოდი, მხოლოდ  გაქცეულის დაბრუნება შემეძლო. აქ ესპანურის სწავლა როცა დავიწყე ყველაფერი დამავიწყდა. თუმცა ვიმეცადინე, გავიხსენე და გამიმართლა.

 

ჩემს დასაქმებაში დიდი წვლილი მიუძღვის არაჩვეულებრივ გოგონას, ნინა ახვლედიანს, რომელიც ბალერინაა და აქ სამსახიობოზე სწავლობს. უნიჭიერესი გოგონაა, მის სპექტაკლსაც დავესწარი და ყველაზე კარგი ნინა იყო.

 

Nana Kukhaleishvili-ს ფოტო.

 

ეს გოგონა დამეხმარა CV-ის სწორად შედგენაში და ა.შ. დიდი ხნის მანძილზე ვგზავნიდი CV-ს თხოვნით, მინდა თქვენთან მუშაობის დაწყება-თქო.

 

ცოტა მოვიტყუე კარგად ვიცი ინგლისური-მეთქი, მაგრამ დავჯექი და დავიწყე მეცადინეობა, აღვიდგინე რაც დავიწყებული მქონდა, ახალიც ავითვისე.

 

როგორც იქნა მომწერეს მეილზე და გასაუბრებაზე დამიბარეს, რომელიც ინგლისურ ენაზე წარმატებით გავიარე. ყველა ეტაპი გადავლახე, ტესტებიც შევავსე და ამიყვანეს სამსახურში.

 

– ყველაზე რთული რა იყო ემიგრაციაში?

 

– ისეთი გაჭირვება არ მქონია საჭმელი ქუჩაში რომ მეძებნა, თუმცა ბევრ ადამიანს უჭირს. რადგან ორგანიზაციაში ვიყავით, აუცილებლობა არ იყო სამსახური მალევე დაგვეწყო. ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა ბინის შოვნა იყო.

 

იმ ქალთან შექმნილმა მდგომარეობამ, ნახევარი სიცოცხლე წამართვა, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დამაყენა. ღმერთს ვეხვეწებოდი, ოღონდ არ გავგიჟდე, გადამარჩინე-მეთქი.  ესპანეთი სულ სხვა შესაზლებლობების ქვეყანაა, ყველა ინიციატივაზე სიამოვნებით გთანხმდებიან, მხარს გიჭერენ.

 

ბარსელონას მერიაში მივედი და განცხადება დავწერე, მინდა ქართული თეატრი გავაკეთო-მეთქი, ავუხსენი, რომ ვიყავი დევნილი, არ მქონდა სამსახური, აქაც გამიმართლა და ფართი დაგვითმეს.

 

მყავს სტუდიის ბავშვებიც, რომლებსაც ვასწავლი სამსახიობო ოსტატობას. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო სხვა ქვეყანაში ცხოვრება, ესპანეთის გარდა ვერსად გავძლებდი.

 

თბილი ხალხი ცხოვრობს, გეგონება ასი წლის ნაცნობები არიან, გეფერებიან, არაფერი არ ადარდებთ. რაც არ უნდა ცუდად იყო, გარეთ გახვალ და ნახევარი საათი საკმარისია იმისთვის, განწყობა შეგეცვალოს.

 

– თქვენი მეუღლე მუშაობს მანდ?

 

– კარგად ხატავს და ცდილობს ბიზნესი გააკეთოს, ერთი ხელფასით ვერ შეძლებ აქ ცხოვრებას. ჩემი ქალიშვილი ემზადება და უნივერსიტეტში აპირებს ჩაბარებას.

 

უფალი დიდია და დაგვეხმარება. ჩემს ქმარს საქართველოში ორი სამსახური და ბიზნესი ჰქონდა. ბიზნესი ისე დაკარგა ვერ გავიგეთ რა დაგვემართა.

 

ქმარს პურის ქარხანა ჰქონდა საქართველოში, ერთ პურზე ხუთი ათასი ლარით დააჯარიმეს. გასაგები იყო რა მიზეზებითაც აჯარიმებდნენ.

 

როცა ბიზნესი და სამსახური დაკარგა, ბანკმა სახლი გაგვიყიდა, ქუჩაში დავრჩით და ჩვენს მულთან გადავედით საცხოვრებლად.

 

არ წყდებოდა ჩვენი ოჯახის დევნა, ჩემი ქმრის პოლიტიკური აქტიურობის გამო, ამიტომ ყველა ერთად წამოვედით ესპანეთში საცხოვრებლად.

 

Giorgi Gio Gio Nozadze-ს ფოტო.

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X