19:30 | 2021-04-20 ავტორი: Prime Time

გადაწყვეტილება მიღებულია – პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების პრობლემა აღარ ექნება

გადაწყვეტილება მიღებულია – პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების პრობლემა აღარ ექნება

19 აპრილი თავის სიტყვას იტყვის საქართველოს ისტორიაში ეს დღე ნამდვილად არ იქნება კალენდარზე უბრალოდ ციფრები – 31 ოქტომბრიდან ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია თანახმაა შევიდეს პარლამენტში. თუმცა აქაც დარჩნენ დეპუტატის სავარძლის გარეშე პოლიტიკოსები, რომლებმაც ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატზე თავისივე ნებით თქვეს უარი.

 

 

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ერთთვიანი მსჯელობის, რამდენჯერმე შეცვლილი პირობისა და დაპირების შემდეგ, ისტორიული შეთანხმება ხელმოწერილია და დოკუმენტს უკვე იმდენი ოპოზიციური პარტია და ცალკეული პოლიტიკოსი უერთდება, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების პრობლემა აღარ ექნება.

 

 

ევროკავშირის, ქართველ პოლიტიკოსებთან დიალოგით „ფიზიკურად გამოფიტული“ კარლ ჰარცელის, აშშ-ს მუდამ პოზიტიური ელჩის, კელი დეგნანის, ღიმილიანი შარლ მიშელის თანდასწრებით, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში დიდი შეთანხმება შედგა. საზოგადოებამ ამ შეთანხმებით ამოისუნთქა და ქალბატონ პრეზიდენტს მადლობაც კი გადაუხადეს იმის გამო, რომ კაცების მოუგვარებელი ისევ მისი ძალისხმევით რომ დალაგდა.

 

დოკუმენტზე არ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა. შეთანხმებას ხელს არ აწერს „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“.

 

 

თუმცა პარლამენტში შესვლისთვის მზადყოფნა გამოხატა „ევროპული საქართველოს“ სიით გასულ ხუთიდან სამმა დეპუტატმა.

 

შეთანხმების ტექსტის თანახმად, მასზე ხელმოწერა პარლამენტში შესვლაზე თანხმობასაც ნიშნავს.

 

19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში დოკუმენტს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 15 დეპუტატი შეუერთდა:

 

13 დეპუტატს პარტიების სახელით გაკეთებული ხემოწერები, ხოლო კიდევ ორი ხელმოწერა „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აწ უკვე ყოფილ წარმომადგენლებს – დავით ბაქრაძესა და სალომე სამადაშვილს ეკუთვნით.

 

პირველ ეტაპზე შეთანხმებაზე თანხმობა სხვადასხვა სახით გამოცხადებული აქვს 17 დეპუტატს:

 

ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3 დეპუტატი;

 

„ლელო“ – 4 დეპუტატი;

 

„ევროპული საქართველო“ – 3 დეპუტატი (ინდივიდუალური თანხმობა)

 

“ნაციონალური მოძრაობის” სიით გასული – 1 დეპუტატი (ინდივიდუალური თანხმობა);

 

„რესპუბლიკური პარტია“ („ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკის სიით გასული) – 2 დეპუტატი;

 

იაგო ხვიჩიას „გირჩი“ – 3 დეპუტატი;

 

ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 1 დეპუტატი („გირჩის“ სიით გასული).

 

20 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ შეთანხმებას ხელი მოაწერა “ნაციონალური მოძრაობის” სიით გასულმა კიდევ ერთმა დეპუტატმა, პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ.

 

ამჟამად საქართველოს პარლამენტში 99 დეპუტატია. როცა მათ დანარჩენებიც შეუერთდებიან, საკანონმდებლო ორგანოში საზოგადოება მინიმუმ 113 დეპუტატს იხილავს.

 

ეს საკმარისი რაოდენობაა იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება გახდეს შესაძლებელი. ამისათვის, სულ ცოტა, 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

 

თუმცა, არსებობს რამდენიმე პირობა: მაგალითად, „ლელო“ აცხადებს, რომ პარლამენტში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც საპატიმროდან გათავისუფლდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია.

 

სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ – პარლამენტში ამნისტიის კანონისთვის მხარდასაჭერად შევა და კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას;

 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, პარლამენტში მალევე შევლენ და უკვე იქ განაგრძობენ აქტიურობას ნიკა მელიას გასათავისუფლებლად.

 

 

ვინ დარჩა გარეთ დღეის (20 აპრილი) მონაცემებით

 

 

თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვებმა შეთანხმების ტექსტს ხელი არ მოაწერს, პარლამენტს მიღმა დარჩებიან:

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკის სიით გასული 36 დეპუტატიდან – 33 დეპუტატი (სალომე სამადაშვილისა და „რესპუბლიკური პარტიის“ ორი წარმომადგენლის გარდა) ;

 

„ევროპული საქართველოს“ სიით გასული – 2 დეპუტატი;

 

„ლეიბორისტული პარტიის“ – 1 დეპუტატი;

 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკის სიით გასული – 1 დეპუტატი (თაკო ჩარკვიანი).

 

მოკლედ, ჯერი ისევ ოპოზიციაზე. ხელისუფლებამ შეიძლება ითქვას, ბევრიც დათმო და ბევრიც აიტანა.

 

ხელმოწერით გახარებული შარლ მიშელი კი ისევ საქართველოშია და იმედი აქვს დასასრულისკენ მიმავალი კრიზისი მალე დასრულდება.

ავტორი: Prime Time


X