fbpx
19:39 | 2020-07-06 ავტორი: თამარ გონგაძე

“გადამღებ ჯგუფზე გაბრაზებული ვარ, გაგიმხელთ რატომაც” – როგორ მოექცნენ იუბილარ ზურაბ ცინცქილაძეს

“გადამღებ ჯგუფზე გაბრაზებული ვარ, გაგიმხელთ რატომაც” – როგორ მოექცნენ იუბილარ ზურაბ ცინცქილაძეს

მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე იუბილარია. კეთილის მსურველები მახსენებენ, რომ დაბადების დღე მაქვს, თორემ არც მახსოვსო, შემოგვჩივლა. 58 წლის გახდა, თუმცა, როგორც ამბობს, შინაგანი განწყობით ბევრად ახალგაზრდაა. იუბილარი ამ დღეს გადასაღებ მოედანზე ატარებს, აჭარის ტელევიზიაში. სერიალში იღებენ – “ერთხელ ბათუმში.”

 

ზურაბ ცინცქილაძე: – გადამღებ ჯგუფზე გაბრაზებული ვარ და გაგიმხელთ, რატომაც. სამი წლის წინ ბაქოში გადაღებაზე ჩავფრინდი, ჩემს დაბადების დღეს. აეროპორტში ტაშით და უზარმზარი ტორტით დამხვდნენ. ბაქოში ექვსი თვის განმავლობაში სულ არ მახსოვს რას ვიღებდით, მარტო ტორტი დამამახსოვრდა. ასეთი მომენტები უფრო გამახსოვრდება… შარშანწინ დაბადების დღეზე, გურიაში ვიყავი და იქაც დიდი, ოთხკუთხედი ტორტი დამახვედრეს. დღეს შემოვედი პავილიონში, ჰამბურგერს ჭამდნენ და ხომ არ გაგიტეხოო, მკითხეს (იცინის). ჰოდა, ისინი უფრო დავაფასე. თუმცა ჰამბურგერის გატეხვაც კარგი იყო…

 

სულ არ მინდა ეს დაბადების დღე. შეიძლება ამის მიზეზი, ქვეცნობიერად, ასაკის მატება იყოს. შინაგანად 28 წლის ვარ (იცინის). 28 წელიწადი, მზის ერთი წელიწადი ყოფილა. ასე რომ, მესამე წელში ვარ გადასული. რა ხნის ხარო, რომ კითხულობენ, ასობგერა ხან – 33-ეა ანბანში, ერთი ხანი 33 წელია. აქაც მესამე ხანში ვარ გადასული.

 

2020-05-19"ამ ყველაფრიდან "ამახვევინეს", თუმცა დახვრეტას გადავრჩი" - რას იხსენებს "პრაიმტაიმთან" ზურაბ ცინცქილაძე

 

– ეს ხანი როგორია თქვენთვის?

 

– ჩემთვის საუკეთესო ხანა დგას, შემოქმედებითადაც და ენერგიის მოზღვავებითაც. თან მეშინია, გედის სიმღერას არ ვმღეროდე. სულ ახალ ამბავს გეტყვით, უზურგეთის თეატრის გახსნათან დაკავშირებით. მეგობარმა და მეჯვარემ, რეჟისორმა ვასიკო ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის როლი შემომთავაზა. დუმბაძის მოთხრობებისგან შეკრულ კომპოზიციას “ნოდარ დუმბაძის მონატრება” დაარქვა და როცა თეატრი გაიხსნება, დაიდგმება ეს სპექტაკლიც. როგორც პირველად წაკითხვისას დამეუფლა ემოცია, ახლაც ისეთი ემოცია მაქვს მისი მოთხრობების კითხვისას. ნოდარის სილაღეში ისეთი სიბრძნეა…

 

მოკლედ, მომწონს ეს ხანა და მეშინია. სულ უნდა გეშინოდეს, როცა კარგად ხარ, მაშინ მითუმეტეს. ალბათ, ეს ხანაც გამიგრძელდება. თუ ეს მესამე ხანაც დავასრულე, მადლობელი ვიქნები ღმერთის.

 

რა მოაქვს ასაკს? 

 

– ასაკს სიბრძნე და სიყვარულის გაძლიერება მოაქვს. როცა რამეს ვამბობ და მისმენენ, თავს კომფორტულად ვგრძნობ. თურმე მოსმენაში დიდი ნეტარება ყოფილა. ღმერთიც ასეა ჩვენდამი. თუ მოვუსმენთ, ის უფრო მოწყალე იქნება. როდესაც სცენაზე გადიხარ და დარბაზში გარინდულ წყვილ თვალს შენიშნავ, ყველაფერს მას უძღვნი, რახან შენ გისმენს. მეც ისევე ვუსმენ სხვას, როგორც მე მომწონს. მაყურებლის როლში მყოფი ისევ ისე განვიცდი ნანახს, როგორც ბავშვობაში განვიცდიდი… ვერაფრით გადავეჩვიე ემოციის გამოხატვას.

ავტორი: თამარ გონგაძე
X