12:04 | 2020-06-30 ავტორი: Prime Time

გაჩნდა ეჭვი, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია – ადვოკატი

გაჩნდა ეჭვი, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია – ადვოკატი

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე, ვახო ახვლედიანის ადვოკატის, მზიას ქასრაშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადებამ ეჭვი გაუჩინა, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია.

 

როგორც ადვოკატი განმარტავს, ამდენ ხანს იგი დარწმუნებული იყო, რომ შაქარაშვილს ფეხი დაუცდა.

 

„გუშინ, ალექსანდრე გეჯაძემ, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტია, განაცხადა, რომ გარდაცვლილს მიყენებული აქვს ბლაგვი საგნის მსგავსი დარტყმა, რომელიც მუშტს არ ჰგავს და უფრო ძლიერია. ამან უფრო გამიჩინა ეჭვი, რომ ეს მკვლელობაა. რა თქმა უნდა, ეს ჩემი მოსაზრებაა. ამდენ ხანს დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ფეხი დაუცდა.

 

რაც შეეხება, გიორგისა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ურთიერთობას, როდესაც ისინი გამორბიან, მორბიან სამნი. პირველი მორბის შაქარაშვილი, მეორე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მესამე უკან მოსდევს ამირხანაშვილი. გიორგი სწრაფი ნაბიჯით მიდის. სანამ ხიდის ქვეშ მოხვდებოდნენ ვახო ამბობს, რომ სადაც კი ბეტონის ფილა იპოვა, მაშინვე ჩაჭრა გზა, ანუ ციცაბო იყო და მაგას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ.

 

უკან არაერთი პირი მისდევდა გინებით. მათ საკუთარი თავის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ. გადავიდა მეორეხარისხოვან გზაზე, სადაც ხიდია. იქვე ბუჩქებში ჩაჯდა.

 

ორი ნაბიჯიც, რომ გადაედგა ისიც არაგვში იქნებოდა. არ ვიცი, რას ჩავეჭიდეოჩავსრიალდი და ბუჩქებს ვკიდებდი ხელს, რომ არ გადავვარდნილიყავიო. მას შორტები ეცვა.

 

მთლიანად დაჩხაპნილია. იქ დაახლოებით 30 წუთი იყო. მესმოდა ხმები, „სად წახვედით, გამოდითო”. გიორგის რამდენიმე ადამიანი მისდევდა“,- აცხადებს მზია ქასრაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

 

ასევე, ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ 17 პირი დააკავა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები