16:52 | 2020-07-10 ავტორი: Prime Time

“ფურორი იყო, სხვა სახელს ვერ დავარქმევ…“- ქართველი ხელოვანი, რომელიც საქართველოს დატოვებას არ აპირებს

“ფურორი იყო, სხვა სახელს ვერ დავარქმევ…“- ქართველი ხელოვანი, რომელიც საქართველოს დატოვებას არ აპირებს

ქართველი ხელოვანი ქეთი მელქაძე, რომელიც ლითონის ბადისგან უჩვეულო ნამუშევრებს ქმნის, საკუთარი ხელოვნების მუზეუმის გახსნას, მესტიაში გეგმავს.

 

ქეთი, რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა რკინის მეტალის ქანდაკებების შექმნით. მისი სკულპტურები ცხოვრებისეული, სიყვარულით და სიკეთით სავსეა. ისინი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, კერძო კოლექციებში, თუ მუზეუმებშია განთავსებული.

 

სააგენტო „პრაიმტაიმი“, ქ-ნ ქეთის დაუკავშირდა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა:

 

როდის შექმენით პირველად საკუთარი ნამუშევრები?

 

50 წლის ასაკში. ორი წელზე მეტია, რაც ხანდახან ვხატავ. ცარცი მიყვარს, ძალიან. პროფესიით, ფილოლოგი ვარ. ხელოვნებასთან, მხოლოდ ის შეხება მქონდა, რომ  ყოველთვის ძალიან მიყვარდა. სწავლით, არავისგან მისწავლია, ყოველი ახალი ნამუშევარი, თავად მასწავლის რაღაც ახალს.

 

ბაბუა, სამხატრო აკადებიაში კათედრის გამგე იყო ათეულობით წელი, მისი სტუდენტი მოდიოდა ჩემთან, რომ ხატვა ესწავლებინა, თუმც იმდენად არ მაინტერესებდა, ორ გაკვეთილზე მეტი ვერ გამიძლო.

No photo description available.

თავიდან ისიც კი არ ვიცოდი, როგორი ბადე უნდა მეყიდა. ბადე, ადამიანების უმრავლესობისთვის, ერთნაირია. მე კი, მგონი გემოსაც ვუსინჯავ და ისე ვყიდულობ.

 

პირველად, სათამაშო გიტარა ვიყიდე. ვიფიქრე გადავაკრავდი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს შეუძლებელი იყო. ხელით უნდა იმუშაო. ესკიზს არ  ვაკეთებ, ისე ვიწყებ მუშაობას.

 

მთავარია დავინახო ის, რისი გაკეთებაც მინდა. შემდეგ ყველაფერი ზუსტად გავთვალო. ზომები, თუ ზუსტად არ ვიანგარიშე, ბადეს ვეღარაფერს მოვუხერხებ, ვერაფერს მივუმატებ, პლასტელინი ხომ არ არის.

 

რომელმა გამოფენამ მოგიტანათ ყველაზე დიდი წარმატება? 

 

შარშან მოსკოვში მქონდა გამოფენა, რომელიც საქართველოში არც პრესას და არც ტელევიზიას არ გაუშუქებია. ტრაბახისგან შორს ვარ, მაგრამ ფაქტია – ფურორი იყო, სხვა სახელს ვერ დავარქმევ.

 

ასეთ პრესტიჟულ გალერეაში, სადაც მხოლოდ ძალიან ცნობილ ხელოვანებს იწვევენ, ჩემამდე მნახველთა ყოველდღიური რაოდენობა 50 ადამიანს არ აჭარბებდა. ჩემს გამოფენას, დღეში დაახლოებით 300 ადამიანი სტუმრობდა.

 

იყო დღეები, როდესაც დამთვალიერებელთა რაოდენობამ 500-ს მიაღწია. დღემდე ბევრი მათგანი მწერს, მელოდება. გამოფენის გახსნაზე მოსული სტუმრებით თუ ვიმსჯელებთ, თავად უკვირდათ, ასეთი საზოგადოება რომ შეიკრიბა.

 

No photo description available.

 

მხოლოდ ის რად ღირს, რომ ბატონი ვლადიმერ სპივაკოვი პირდაპირ აეროპორტიდან მეწვია. მას ჩემი ნამუშევარი ვაჩუქე, რომელიც ახლა სპივაკოვის მუსიკის სახლშია განთავსებული სერთიფიკატთან ერთად, სადაც წერია, რომ ის ნამდვილად ჩემი შექმნილია.

 

მოსკოვის სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს ვიქტორ კალინინს ვუთხარი, როგორ გამიმართლა ამ გალერეაში რომ მოვხვდი-მეთქი და შენ კი არა, ჩვენ გაგვიმართლაო – მიპასუხა. მოკლედ,  ბევრი ამბის მოყოლა შემიძლია, მაგრამ თავის ქება გამომდის და არ მინდა.

 

მოსკოვში ვხუმრობდი, ცაშიც – აეროფლოტი და მიწის ქვეშაც – მეტრო,  ჩემი რეკლამაა ყველგან და წყალქვეშა ნავებში რომ არ არის, გული მწყდება-მეთქი. ბევრი მხატვარი გავიცანი, მათ შორი ორი ძალიან ცნობილი.

 

ერთ-ერთმა თავის სახელოსნოში დამპატიჟა და მეგობრობის ნიშნად, ნამუშევრების გაცვლა შემომთავაზა. მისი რამოდენიმე ნახატი, ტრეტიაკოვის გალერეაშია განთავსებული და ძალიან ძვირი ღირს.

 

ნამუშევრების გაცვლის მაგიერ, მე სხვა რამ შევთავაზე – რომ იგი და სხვა ცნობილი მხატვრები, მესტუმრონ საქართველოში, შევუქმნა მათ სამუშაო პირობები და თავიანთი ნახატები საქართველოს აჩუქონ. ჩემს შეთავაზებას სიხარულით შეხვდნენ.

 

მე ამ გეგმის განხორციელების მატერიალური საშუალება არ მაქვს. სიმდიდრის მოხვეჭაზე, რატომღაც არასდროს მიფიქრია, ალბათ, სამწუხაროდ. თბილისში ორ ძალიან შეძლებულ ადამიანს  შევთავაზე ამ საქმეში გვერდში დგომა, მაგრამ დუმილია.

 

– რა შემოთავაზებები გაქვს უცხო ქვეყნებიდან?

 

შემოთავაზებები ბევრია, მაგრამ მთავარია, რა პირობებს მთავაზობენ, რამდენად პრესტიჟულია გალერეა. ერევანში რომ მქონდა გამოფენა, დარჩენა შემომთავაზეს, ყველანაირი პირობების შექმნა, რომ ბავშვებისათვის მესწავლებინა.

 

No photo description available.

 

აქ, ჯერ ნარმანიას მოადგილეს, ნინო ხატისკაცს შევთავაზე ოთახი მოეცათ, შემდეგ ახლანდელი მერის მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას, მაგრამ ამაოდ.

 

მე არც ხელფასს ვითხოვდი და ბავშვებისათვისაც სწავლა უფასო იქნებოდა. მხოლოდ ის პირობა მქონდა, რომ ქალაქის ცენტრში ყოფილიყო ოთახი, მეტროსთან ახლოს და შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ადაპტირებული.

 

გარდა ამისა, ბევრი რამ მაქვს შეთავაზებული ჩინოვნიკებისათვის და არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქუთაისში, ბათუმში, მაგრამ…

როცა მოვა გაფრთხილება უნდა, თორემ სანანებელი გექნება - დიზაინერი ნანუკა ჩხეიძე ექსკლუზიური ხაზით
2020-06-25როცა მოვა გაფრთხილება უნდა, თორემ სანანებელი გექნება - დიზაინერი ნანუკა ჩხეიძე ექსკლუზიური ხაზით

 

თან ანაზღაურების გარეშე ვიშრომო და თან ვეხვეწო, ეგრე არ გამოვა. მე ერთხელ ვიცი თქმა და არანაირ კარებზე კაკუნს არ ვაპირებ და არც ქვეყნის ბიუჯეტიდან, ჯიბეში ფულის ჩადებას.

 

მოსკოვს რაც შეეხება, ჩემი გამოფენის დამთვალიერებელთა რაოდენობიდან გამომდინარე, იმ გალერეის მფლობელებმა, სადაც გამოფენა მქონდა და რომლებთანაც ვმეგობრობ, მითხრეს, რუსეთის მოქალაქე რომ ვიყო, მოსკოვში ჩემი ნამუშევრების მუზეუმს გახსნიდნენ.

 

No photo description available.

 

ეს „პრობლემა“ რა თქმა უნდა მოგვარებადია, მაგრამ მე იდეა „მოვიპარე“ და მესტიაში ვხსნი, ჩემი ნამუშევრების მუზეუმს. ამაში ჩემი მეგობარი ნანა ნიჟარაძე დამეხმარა.

 

მადლობა მას. ყველანაირი სამუშაო პირობების შეთავაზების მიუხედავად, საქართველოდან სხვა ქვეყანაში წასვლას არ ვაპირებ –  ქართველად დავიბადე და ამით ყველაფერია ნათქვამი!

 

– რას გეგმავთ და რა სიახლეებს უნდა ელოდოს საზოგადოება სამომავლოდ?

 

ბევრი რამ მაქვს დაგეგმილი და ყველა რომ განვახორციელო, დღე და ღამე უნდა ვიმუშაო. თუმც, ასეც ვიქცევი უკვე კარგა ხანია. ძილისთვის, მხოლოდ რამოდენიმე საათს ვიმეტებ. წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს. გავაკეთებ – გაიგებს საზოგადოება.

 

Image may contain: indoor

ვიტყვი იმას, რაც მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული და მხოლოდ მე არ მეხება. მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან მქონდა შეხვედრები მოსკოვში. რამოდენიმეჯერ ვიყავი ჩასული და ფინანსური საშუალება მექნება თუ არა, კვლავ წავალ.

 

მე მაქვს ოცნება და მის განსახორციელებლად, არაფერს დავიშურებ – აფხაზეთში მინდა ჩემი ნამუშევრის განთავსება. სამწუხაროდ, ამის გამხორციელება მოსკოვის გარეშე შეუძლებელია. ეს პირდაპირ მითხრეს, სომხეთის საგარეო სამინისტროში. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვთხოვე, ამ საქმეში დახმარება, მაგრამ ვერ შეძლო.

 

– რა ფასში და სად იყიდება თქვენი ნამუშევრები?

 

ჩემს ნამუშევრებს არ ვყიდი, ძირითადად ვჩუქნი. ახლა ამის საშუალებაც არ მაქვს, რადგან თავად მჭირდება ჩემი გეგმებისათვის. იმ ფასის თქმა, რასაც საზღვარგარეთ ამბობენ, საქართველოში მერიდება. პატარა ფიგურის ფასი – 1000 დოლარიდან იწყებოდა მოსკოვში.

 

ცარცით ნახატები – 2-3 ათასი. ზეთზე არაფერს ვამბობ. რაც გაიყიდა, ხარჯები აანაზღაურა, თორემ, მართლა „გიჟი“ ხომ არ ვარ, ყველაზე ასაკოვანი მანქანა რომ მყავს საქართველოში. მომბეზრდა, პროფილაქტიკებში სიარული!

 

– ცნობილია, რომ ქველმოქმედებას ეწევით…  

 

ბევრი საქველმოქმედო ღონისძიება მაქვს ჩატარებული. მიყვარს, სიკეთით სავსე  და გახარებული ადამიანების თვალების ყურება. დედისერთა ვარ და ეგოისტი – ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს. ეს არის მხოლოდ. ქველმოქმედებაზე, მგონი საკმარისად ვისაუბრე.

 

– რა არის თქვენთვის სიყვარული?

 

ის, რისთვისაც მოვედით დედამიწაზე. ამ ასაკში კარგად მესმის, რომ თუ შემიძლია ვიყო შეყვარებული ვინმეზე, მიყვარდეს ჩემი მეგობრები, რატომ არ შემიძლია მიყვარდეს საერთოდ ადამიანები. თუნდაც ისეთები, როგორებიც არიან.

 

მე ხომ მათ ვერ შევცვლი. თავად კი, შემიძლია შევიცვალო. ვაჯობო საკუთარ თავს, ვძლიო სიძულვილს, ზიზღს და საერთოდ ბოროტს. ბოროტი ხომ სადღაც შორს, ან ახლოს კი არ არის. ის ჩემშია.

 

Выставка в Москве.

Выставка в Москве.

Posted by Keti Melkadze' s Art on შაბათი, 08 დეკემბერი, 2018

 

მე ეკლესიურად არ ვცხოვრობ, კომუნისტების დროს, როდესაც „არ შეიძლებოდა“, მამა ზურაბ ანთაძის მრევლი ვიყავი და მარხვის შენახვას იმით ვიწყებდი, რომ სიგარეტზე ვამბობდი უარს. სინანულს განვიცდი, თეოლოგების ლექციებს ვუსმენ.

 

ერთი წელი ვეძებე პასუხი, თითქოსდა გასაგებ წინადადებაზე ბიბლიიდან. ქრისტიანობა, ხომ პარტიის წევრობა არ არის და არც დიეტა.

 

ეს ხომ სწავლებაა და ვთვლი, რომ ამდენი წლების მანძილზე, პირველ კლასში ახლახანს გადავედი. გული მწყდება, რომ ყველაფერს ზედაპირულად ვუყურებთ ხშირად.

 

ჩემი ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი, გაუნათლებლობაა. ამ „სიკეთეში“ ერი და ბერი ერთმანეთს „ეჯიბრება“ სამწუხაროდ. ხშირად ვიმეორებ ჩემთვის იმ ლოცვას, რომელიც ვაჟა-ფშაველამ მასწავლა – „ღმერთო შენით და არა ჩვენით“.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

ავტორი: Prime Time


X