23:05 | 2020-08-19 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ფული არ მაქვს, მაგრამ სინდისი კი, შვილს ვერ გავყიდი – რა შესთავაზეს შეჭირვებულ დედა-შვილს დასახმარებლად

ფული არ მაქვს, მაგრამ სინდისი კი, შვილს ვერ გავყიდი – რა შესთავაზეს შეჭირვებულ დედა-შვილს დასახმარებლად

გასულ თვეს, „პრაიმტაიმი“ ერთ-ერთ უკიდურესად შეჭირვებულ დედა-შვილზე წერდა, რომლებსაც საზოგადოების დახმარების იმედი ჰქონდა…

 

მის სახელსა და გვარს შეცვლილი ფორმით ვწერთ, რათა ის ბულინგი, რომელსაც საზოგადოების ნაწილი მათი მისამართით ეწევა, თავიდან ავაცილოთ…

 

როცა მათ შესახებ სტატია გამოქვეყნდა, მკითხელების დიდმა ნაწილმა გულისხმიერება გამოიჩინა და სასოწარკვეთილ ქალს მატერიალური დახმარება აღმოუჩინა. რამდენიმე დღე პატარა ნიას საჭმელი ჰქონდა…

 

გარდა კეთილი ადამიანების ზარებისა, რამდენიმე უცნაური ადამიანის შემოთავაზებაც მოისმინეს… გაჭირვებულ, ჯანმრთელობა შერყეულ ნინოს თირკმლის გაყიდვა, 12 წლის შვილის მუშად გაქირავება და მისი ბავშვთა სახლში ჩაბარება შესთავაზეს.

 

შეთავაზებებიდან ნინოსთვის ყველაზე მტკივნეული ერთ-ერთი სუროგაციის ცენტრიდან „დასაქმების“ შეთავაზება იყო…

 

ნინო ისევ „პრაიმტაიმის“ საშუალებით მათ პასუხობს: მე გაჭირვებული ვარ და დახმარება ამიტომ ვითხოვე და არა იმიტომ, რომ უღირსი ადამიანი ვარ. მე არ მაქვს ფული, მაგრამ მაქვს და სინდისი…

 

ის ამბობს, რომ უკვე სამი დღეა, რაც შვილთან ერთად სკვერში ათევს ღამეებს. მას ბინის მეპატრონის ვალი აქვს – რვა თვის გადაუხდელი ქირა.

 

არ იცის როგორ, მაგრამ საიდანღაც 1600 ლარი უნდა იშოვნოს. იმისთვის, რომ საკუთარი მწირი, უკვე გამცვდარი ნივთების აღება შეძლოს, რომელსაც ბინის მეპატრონემ ბოქლომი იქამდე დაადო, სანამ კუთვნილ თანხას არ აიღებს…

 

ჩამოგეჭერებათ თუ არა თანხა, როცა ბანკის დავალიანება გაქვთ და 200-ლარიანი დახმარება იმავე ბანკის ანგარიშზე ჩაგერიცხათ?
2020-08-15ჩამოგეჭერებათ თუ არა თანხა, როცა ბანკის დავალიანება გაქვთ და 200-ლარიანი დახმარება იმავე ბანკის ანგარიშზე ჩაგერიცხათ?

 

 

ნინო თბილისის უკანასკნელ წვიმიან ღამეს აკანკალებული ხმით იხსენებს:

 

„წვიმდა. შემეშინდა, ბავშვი არ გამიცივდეს-მეთქი და „ხაზეიკას“ ჩემი ძველისძველი პლედის გამოტანის უფლება ვთხოვე, რომელიც არ მომცა… იმ ღამეს, სკვერში, ტანზე მოტმასნილი სველი სამოსით გავატარეთ. ჩემს გოგოს საკუთარი სხეულით გადავეფარე და ასე ვიცავდი წვიმისგან.

 

ამ დღეებში, გამვლელ-გამომვლელი, სკვერთან ახლოს მცხოვრები ადამიანები საჭმელს გვიწილადებდნენ. დღეს კი, ერთ-ერთ ეკლესიასთან უამრავმა ხალხმა ხილი მოგვცა, კარგი ხილი.

 

როცა „პრაიმტაიმში“ ჩემს შესახებ სტატია დაწერეთ, გამომეხმაურნენ და ოთხი თვის ბინის ქირის დავალიანება ასე გავისტუმრე, მკითხველების წყალობით, ახლა ვალი 1600 ლარი დამრჩა.

 

სანამ ამ თანხას არ შევაგროვებ, ბინის მეპატრონე იმ ბნელ და ნესტიან ოთახშიც არ შეგვიშვებს.

 

ბევრი კეთილი ადამიანი დამიკავშირდა. ზოგმა ფული, ზოგმა თანხა, ზოგმაც კი თბილი სიტყვა და ლოცვა გამოიმეტა ჩვენთვის, მათი ძალიან მადლიერი ვარ.

 

თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც ჩემთვის ძალიან მიუღებელი რაღაცები შემომთავაზეს. იყო ზარი, მითხრეს, რომ ჩემთვის სამსახური ჰქონდათ, ისე გამიხარდა, კინაღამ პირობების გარეშე დავთანხმდი – აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი სუროგაციის ცენტრი, რომელსაც შეგნებულად არ ვასახელებ, სუროგატ დედობას მთავაზობდა.

 

ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩემი ცხრა თვე მუცლად ნატარები ბავშვი გავასხვისო და ამაში ფული ავიღო? გამორიცხულია!

 

მეორემ თირკმლის გაყიდვა მირჩია. გავიგე, რომ ფასი 7 000-დან 10 000-მდე მერყეობსო. ამაზე დავფიქრდი. ოღონდ ჩემს შვილს ბინა დავუტოვო, არავის გასაგდები არ გახდეს ძაღლივით კარში, ჩემი სიცოცხლე ჯანდაბას-მეთქი, მაგრამ დიაბეტიკი ვარ და დონორად არ გამოვდგები.

 

ვიღაც უსისხლო ქალმა ჩემი პატარა ნაზი გოგოს მიქირავება სოფელში მუშად შემომთავაზა… მახსოვს ერთი შემზარავი კომენტარიც – ვიღაც წერდა, ამას შვილი რად უნდა, მე კი, ათი წელია შვილი ვერ გამიჩენიაო

 

ყველას ერთად მინდა ვუთხრა, ხალხო! მე უკიდურესად მძიმე და სიდუხჭირით სავსე ცხოვრება მაქვს. მე არ მაქვს ფული, რომ გადავიხადო ქირა და ბავშვს პური ვაჭამო, თორემ მაქვს ღირსება, უფლის რწმენა და სინდისი.

 

მადლობა მათ, ვინც დამეხმარა და კეთილი სურვილები მათ“ – ამბობს ნინო ავალიშვილი.

 

დედა-შვილის დახმარების მსურველებმა მიწერეთ „პრაიმტაიმს“.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +