19:04 | 2020-07-16 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ფრიდა კალო – არც თუ სამაგალითო ცოლი, ტრაგიკული ბედით

ფრიდა კალო –   არც თუ სამაგალითო ცოლი, ტრაგიკული ბედით

ფრიდა იყო ქალი, რომელსაც აღფრთოვანებში მოჰყავდა თითქმის ყველა მამაკაცი. ქალი, რომლის ტრაგიკული ცხოვრება მის ნახატებში აისახა. ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება ერთ მამაკაცს აღმერთებდა, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა მრავლად ჰყოლოდა საყვარლები (მათ შორის – ქალებიც).

 

ფრიდა იყო ქალი, რომლის ნახატებიც მილიონობით დოლარადაა შეფასებული და ინახება კერძო კოლექციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმში.

 

18 წლის იყო ფრიდა კალო, როდესაც საშინელ ავარიაში მოჰყვა: ავტობუსი, რომელშიც გოგონა იჯდა, ტრამვაის დაეჯახა.

 

ავარიის შედეგები ფრიდასათვის საშინელი იყო: მხრისა და ქუსლის ამოვარდნილობა, მარჯვენა ფეხის მოტეხილობა 11 ადგილას, თეძოს სამმაგი მოტეხილობა, ხერხემლის მოტეხილობა სამ ადგილას, ლავიწის ძვლისა და ნეკნების მოტეხილობა, ლითონის ბასრი ნაჭრით გახეული მუცელი და საშვილოსნო…

 

ამგვარი ავარიის შემდეგ ასიდან ერთი ადამიანი თუ შეძლებდა გადარჩენას და ეს ბედნიერი გამონაკლისი ფრიდა კალო აღმოჩნდა.

 

Фрида в детстве

 

დაშავებულმა 32 ოპერაცია გადაიტანა და მთელი წელი გაატარა ორთოპედიულ კორსეტში. ამის შემდეგ კი ინვალიდის ეტლი და თაბაშირი კარგა ხანს გახდა მისი ცხოვრების მეგზური.

 

პირველად სწორედ ამ პერიოდში მოსთხოვა ფრიდამ მამას ფუნჯი და საღებავები.

 

მისივე თხოვნით, ლოგინზე მიამაგრეს სპეციალური ჩარჩო და ასე, ზურგზე დაწოლილმა დაიწყო ხატვის სწავლა.

 

მომავალი დიდი მხატვარი, ფრიდა კალო ჯოჯოხეთურ ფიზიკურ ტკივილებსა და სულიერ ტანჯვას განიცდიდა.

 

ეს შეგრძნებები ასევე ძლიერად ტრანსფორმირდა მის არც თუ ჯანსაღ, მაგრამ გენიალურ ნახატებში.

 

 

მან მოხატა ფეხზე დადებული თაბაშირი და ვალსის ცეკვასაც კი ცდილობდა, ინვალიდის ეტლში მჯდომარე. „მე დავცინი სიკვდილს, რათა მან არ წამართვას ყველაფერი კარგი, რაც გამაჩნია“, – ამბობდა ის.

 

 

1944-1954 წლებში, შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერ პერიოდში, ქალი აწარმოებდა დღიურს, რომელსაც ხელოვანის სიკვდილის შემდეგ 40 წელი დახურულ არქივში მალავდა მექსიკის მთავრობა. ბოლოს, როცა ჩანაწერები გასაჯაროვდა, მსოფლიო ბესტსელერი გახდა.

 

დღიურის 170 გვერდი მოიცავს მოგონებებს მხატვრის ბავშვობის შესახებ, აკვარელით გაკეთებულ ჩანახატებსა და გულახდილ ჩანაწერებს ქმრის მიმართ მტანჯველი სიყვარულის შესახებ.

 

„ჩემს ცხოვრებაში ორი ავარია იყო: ერთი, როცა ავტობუსი ტრამვაის დაეჯახა და მეორე – დიეგო”.

 

ქმართან, ცნობილ მხატვარ დიეგო რივერასთან ფრიდა არამარტო ხელოვნებამ დააახლოვა, არამედ-პოლიტიკურმა იდეამაც – ორივე მათგანი კომუნისტური პარტიის მხურვალე მომხრეები იყვნენ.

 

დიეგო მთელი 20 წლით იყო უფროსი ქალზე: მსუქან, შეუხედავ, უკულტურო მამაკაცს ქალები ბუზებივით ესეოდნენ და აღმერთებდნენ, თუმცა ფრიდაც არ გამოიყურებოდა უკეთესად: ეს იყო კოჭლი ქალი, ერთმანეთთან გადაბმული წარბებით.

 

პირველივე შეხვედრის შემდეგ კალომ დაიფიცა, რომ რადაც არ უნდა დასჯდომოდა, რივერას ცოლი გამხდარიყო და მართლაც, ქალმა დაიპყრო მამაკაცი არა სილამაზით, არამედ თავისი გიჟური ენერგეტიკით.

 

„დიეგო – დასაწყისია, დიეგო – ჩემი პატარაა, დიეგო – ჩემი მეგობარია, დიეგო – მხატვარია, დიეგო – მამაჩემია, დიეგო – ჩემი საყვარელია, დიეგო – ჩემი ქმარია, დიეგო – დედაჩემია, დიეგო – თავად მე ვარ, დიეგო – ეს ყველაფერია”, – წერდა ფრიდა  დღიურში.

 

 

შვილები წყვილს არ ჰყავდა. ეს გადატანილი მძიმე ავარიის შედეგიც იყო და დიეგოს გაუთავებელი ღალატის შედეგად გამოწვეული ხშირი დეპრესიებისაც, რასაც მკვდრად შობილი სამი ბავშვი მოჰყვა.

 

რივერა კარგად აცნობირებედა, რომ დამნაშავე იყო, თუმცა არაფრის შეცვლა სურდა. ის თავის თავს ხატავდა გომბეშოს სახით, რომელსაც ხელში ვიღაცის სისხლიანი გული ეჭირა.

 

ფრიდას მოთმინების ფიალა მაშინ აევსო, როცა დიეგო რივერამ მისი უმცროსი და შეაცდინა. მეუღლეები ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ერთი წლის შემდეგ მათი ქორწინება ისევ განახლდა: ქალს უბრალოდ არ შეეძლო, დიეგოს გარეშე ცხოვრება.

 

სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ სამაგალითო ცოლი არც ფრიდა კალო ყოფილა. მისი ექსტრავაგანტული ხასითი თავისას აკეთებდა და არანაირ ტკივილს არ შეეძლო დაეთრგუნა ქალის მებრძოლი, ამბოხებული სული. ის ბილწსიტყვაობდა, ბევრს ეწეოდა, სვამდა, უხამსობდა, აწყობდა ხმაურიან საღამოებს და არ მალავდა თავის ბისექსუალურ კავშირებს.

 

Фрида в образе революционерки

 

საინტერესო ფაქტი: საყოველთაოდ იყო ცნობილი ფრიდა კალოს კავშირი ცნობილ რევოლუციონერ ტროცკისთან. გარკვეული დროის განმავლობაში საბჭოთა სახალხო კომისარი სტუმრად იყო მექსიკაში და ცხოვრობდა კომუნისტი მხატვრების ოჯახში. ის თავად რივერამ მიიწვია: მამაკაცებს მარქსისტული იდეები აერთიანებდათ.

 

როცა ყველამ შენიშნა ტროცკის გადაჭარბებული ყურადღება ფრიდას მიმართ, ის იძულებული გახდა, დაეტოვებინა მეხიკო, რათა თავიდან აეცილებინა ეჭვებით გაგიჟებული დიეგოს შურისძიება.

 

ავადმყოფობა, რომელიც ავარიის შემდეგ მუდამ თან სდევდა ფრიდას, სულ უფრო და უფრო პროგრესირდებოდა და ტკივილების გასაყუჩებლად სპირტიანი სასმელები და ნარკოტიკიც აღარ კმაროდა, რომელსაც ქალი სიცოცხლის ბოლო წლებში მიეძალა.

 

1953 წელს გაიმართა მხატვარი ქალის პირველი პერსონალური გამოფენა. მასზე ფრიდა ინვალიდის ეტლით მივიდა, მორცხვად ისწორებდა თმაში ჩაბნეულ წითელ ყვავილს.

 

სიკვდილამდე რვა დღით ადრე ფრიდამ დახატა სურათი, რომელსაც Viva la vida -“გაუმარჯოს სიცოცხლეს” უწოდა. სისხლივით წითელ საზამთროებს ის უკვე მწოლიარე, ფეხმოჭრილი ხატავდა.

 

 

ფრიდა კალოს დღიურში ბოლო ჩანაწერი ასეთია: „ვიმედოვნებ, რომ წარმატებულად წავალ და აღარასოდეს დავბრუნდები”…

 

თუმცა ფრიდას დღიურში უკეთესი გამონათქვამებიც არსებობს, ერთი მათგანი კი ალბათ ყველასთვის ლოზუნგად უნდა იქცეს:„იმედის ხეო, მედგრად იდექ!”

 

წყარო: https://www.goodhouse.ru

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

X