12:55 | 2020-04-15 ავტორი: Prime Time

ფოთელი დაინფიცირებული ექიმი „მედალფაში“ გადაიყვანეს – ის აქამდე ოჯახის წევრებთან ერთად იყო

ფოთელი დაინფიცირებული ექიმი „მედალფაში“ გადაიყვანეს – ის აქამდე ოჯახის წევრებთან ერთად იყო

ფოთელი ექიმი, რომელსაც გუშინ კორონავურუსი დაუდასტურდა, ცოტა ხნის წინ ბათუმის „მედალფაში“ გადაიყვანეს. 70 წლამდე მამაკაცი ქობულეთის კლასტერია.

 

ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

„გუშინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ფოთელ მოქალაქეს დაუდასტურდა ინფექცია. დღეს გაიგზავნა მასთან ბრიგადა და გადაყვანილია ბათუმში,“- განუცხადა ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ფილიალის მენეჯერმა, კესო გელენიძემ.

 

კითხვაზე, რატომ არ მოხდა დაინფიცირებული პაციენტის გადაყვანა გუშინვე შესაბამის კლინიკაში და რატომ იმყოფებოდა ის სახლში მეუღლესათან და შვილთან ერთად, ამბობენ რომ ინფიცირებული ოჯახის წევრებისგან იზოლირებულად იმყოფებოდა.

 

„მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ოჯახის წევრები აბსოლუტურად იზოლირებული იყვნენ პაციენტისგან . მოხდა ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება და უკვე გადავიყვანეთ.

 

პაციენტის და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“- აღნიშნა კესო გელენიძემ.

 

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დაინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრების ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში უკვე  გაგზავნილია.

 

„ღრმა კვლევები დაიწყება, ძალიან მასშტაბური კვლევები რასაკვირველია. ორ კონტაქტირებულზე, ანუ ოჯახის კონტაქტებზე, გაიგზავნა ნაცხები ლაბორატორიაში. პასუხების მიღების შემდეგ ვიმოქმედებთ შესაბამისად, გადავიყვანთ სტაციონარში ან კარანტინში.

 

ამ შედეგებზე იქნება დამოკიდებული რამდენ კონტაქტს გამოვავლენთ. სავარაუდოდ იმ ტერიტორიზე, სადაც ცხოვრობს ეს პიროვნება, ჩატარდება თერმოსკრინინგი, მოხდება აყვანა თვითიზოლაციაში და ყველანაირი ღონისძიება ჩატარდება, რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული.

 

შექმნილია ეპიდემიოლოგების ჯგუფი, რომელიც საპატრულოსთან და საგანგებო სიტუაციების მართვასთან ერთად, კოორდინირებულად ახორციელებენ მუშაობას“,- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ზინაიდა გაგუამ.

 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ფოთში დაინფიცირდა ექიმი, რომელიც ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 306 ადამიანია. 

 

ბოლო მონაცემებით: 

 

 

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +