18:29 | 2020-05-18 ავტორი: Prime Time

ფონდები და ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში რუსულ პროპაგანდას აფინანსებენ

ფონდები და ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში რუსულ პროპაგანდას აფინანსებენ

„საგარეო პოლიტიკაში რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს იცავს“, – ეს ვლადიმერ პუტინის სიტყვებია.

 

მან დაახლოებით იგივე რამ განაცხადა ცოტა ხნის წინ ავსტრიაში ვიზიტის დროს, როდესაც რუსეთის პირველ პირს შეკითხვა დაუსვეს მზარდ ბრალდებებზე უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის თაობაზე.

 

ცხადია, პუტინმა ყოველივე აღნიშნული უარყო, რაც განსაკუთრებით ირონიულია იმ ფონზე, როდესაც მას დელეგაციის შემადგენლობაში ახლდა სერგეი ჩებოტარევი – საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში მოსკოვის საიდუმლო ოპერაციების მთავარი შემოქმედი.

 

ამ სტატიაში საქართველოს მაგალითზე გიამბობთ, როგორ და რა გზებით ცდილობს პუტინის რუსეთი უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას.

 

ირკვევა, რომ ამ მიზნით კრემლი სხვადასხვა ჰუმანიტარულ-კულტურულ საფარქვეშ მოქმედ ფონდებსა და ორგანიზაციებს იყენებს.

 

გორჩაკოვის ფონდი

 

„გორჩაკოვის ფონდი“ ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტია რუსული რბილი ძალის გასავრცელებლად.

 

ფონდი 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა.

 

ეს ფონდი საქართველოში არაერთ პრორუსულ ორგანიზაციასა და აქტივისტს აფინანსებს.

 

საჯარო დიპლომატიის ცენტრი

 

ცნობილია, რომ „გორჩაკოვის ფონდთან“ საქართველოში რამდენიმე ორგანიზაციაა დაკავშირებული, მათ შორის გახლავთ „საჯარო დიპლომატიის ცენტრი“, რომელსაც პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე წარმოადგენს.

 

„პრაიმტაიმი“ ორგანიზაციიდან საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ერთხელ უკვე წერდა, რომ:

 

„ცნობილია, რომ საჯარო დიპლომატიის ცენტრი დაკავშირებულია გორჩაკოვის რუსულ ფონდთან, რომელიც მატერიალურ დახმარებას უწევს რუსულ პროპაგანდას საჯარო დიპლომატიის ცენტრის საბჭოს წევრის, ნინო ქიზიყურაშვილის მეშვეობით.

 

ეს უკანასკნელი 2017 წლის დეკემბერში მონაწილეობდა მოსკოვში გორჩაკოვის ფონდის სახელით გამართულ ღონისძიებაში, რომლის დროსაც მას შეხვედრები ჰქონდა რუსეთის ოფიციალურ პირებთან.

 

ამასთანავე, გულბაათ რცხილაძე პირადად თანამშრომლობდა რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტთან, რომელიც 2009 წლამდე შედიოდა რუსეთის საგარეო დაზვერვის შემადგენლობაში“.

 

ამავე წყაროს ცნობით, საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურებმა გაზარდეს პრორუსული და ანტიდასავლური პროპაგანდის დონე და მასშტაბები…

 

და ეს ხდება ადგილობრივი ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების მეშვეობით, რომლებიც თითქოსდა „ეთნიკური რუსების“ ინტერესებს  წარმოაჩენენ.

 

სინამდვილეში კი რუსეთი მათ სიცრუისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად აქტიურად იყენებს. მაგალითისთვის ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ აგორებული კამპანიაც გამოდგება.

 

მოგეხსენებათ, რუსული პროპაგანდა ირწმუნება, რომ თბილისში მდებარე ამ ლაბორატორიაში ამერიკელები ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ.

 

სინამდვილეში კი რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი დაავადებათა ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას.

 

ცენტრის მთავარი მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით.

 

სწორედ მსგავსი დეზინფორმაციები და შეთქმულების თეორიები საკმაოდ მსუყედ  ფინანსდება „გორჩაკოვის ფონდიდან“.

 

ეროვნულ ძალთა შეთანხმება

 

გარდა ამისა, „გორჩაკოვის ფონდი“ დგას ნეონაცისტური ორგანიზაცია „ეროვნულ ძალთა შეთანხმების“ უკანაც.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ საკუთარ კვლევაში წერს, რომ „ეროვნულ ძალთა შეთანხმების“ უკან რუსული კვალი ჩანს.

 

აღსანიშნავია, რომ „ეროვნულ ძალთა შეთანხმების“ ერთ-ერთი მონაწილე გახლავთ ყოფილი დეპუტატი და „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

 

პრიმაკოვის ცენტრი

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ნინო ბურჯანაძის პარტიის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე ლორთქიფანიძე „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი გახდა.

 

აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება ცენტრის ოფიციალურ რუსულენოვან გვერდზეც.

 

ორგანიზაცია 2013 წლის 21 აგვისტოს „საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა“ და „გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა“ დააფუძნა.

 

კვლევაში ხაზგასმულია, რომ გორჩაკოვის ფონდი რუსეთის რბილი ძალის გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც სხვადასხვა ჰუმანიტარული, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების საფარქვეშ საქმიანობს.

 

მაგალითად, გორჩაკოვის ფონდის შვილობილი ორგანიზაცია – პრიმაკოვის ცენტრი აფინანსებს რუსული ენის უფასო კურსებს საქართველოში, ასევე, სპორტულ, კულტურულ და სხვა სახის ღონისძიებებს.

 

„დიმიტრი ლორთქიფანიძის პოლიტიკიდან წასვლა და „ქართული მარშის“ ლიდერად გამოჩენა საეჭვოდ ემთხვევა პრიმაკოვის ცენტრში მის დირექტორად დანიშვნას და აძლიერებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ნეონაცისტური ძალების გააქტიურება სწორედ რუსულ ინტერესებში შედის“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში.

 

პრიმაკოვის ცენტრში დიმიტრი ლორთქიფანიძემ დირექტორის პოზიციაზე ურუზმაგ ქარქუსოვი ჩაანაცვლა, რომელიც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრი იყო.

 

ურუზმაგ ქარქუსოვი 2007 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტზეც მუშაობდა.

 

ის თანამდებობიდან 2010 წელს გაათავისუფლეს. ურუზმაგ ქარქუსოვი მაშინ აცხადებდა, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკურ მოტივს უკავშირდებოდა.

 

ICTFC

 

საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ საქართველოში რუსული რბილი ძალის გაძლიერებასა და პროპაგანდაზე ძალისხმევას არ ზოგავს „რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დირექტორატი უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების საკითხებში“ (ICTFC).

 

საწყის ეტაპზე, ICTFC-ს ევალებოდა „რუსეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების გაძლიერება და რეგიონთაშორის დონეზე უცხო ქვეყნის სახელმწიფოებისთვის დახმარების გაწევა.

 

თუმცა, უწყების პირველმა ხელმძღვანელმა, კრემლის პროპაგანდისტმა მოდესტ კოლეროვმა ICTFC-ის საქმიანობის მთავარ მიზნად ფარული ღონისძიებების გატარება აქცია.

 

აღსანიშნავია, რომ 2006 წელს ICTFC, ასევე, აქტიურად იყო ჩართული სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეფერენდუმში, რათა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის ინტერესები მაქსიმალურად ყოფილიყო გატარებული“.

 

ცხადია,  ICTFC-ს საიდუმლო ოპერაციებს ყოველთვის უჭერდა მხარს „ეფესბე“.

 

საინტერესოა, უშუალოდ ვინ გეგმავს მსგავსი სახის ღონისძიებებს კრემლში?

 

არსებული ინფორმაციით, ამ ქსელის სათავეში დგას რუსეთის „ეფესბეს“ ოპერატიული თანამშრომელი, სტატიის დასაწყისში ნახსენები სერგეი ჩებოტარევი, რომელიც ცოტა ხნის წინ ICTFC-ში ჩრდილოეთ კავკასიის საკითხების კურატორად დაინიშნა.

 

ვინ არის სერგეი ჩებოტარევი და რა გავლენას იქონიებს მისი იატაკქვეშა წარსული რუსეთის დიპლომატიაზე კავკასიაში?

 

ამბობენ, რომ ჩებოტარევის დანიშვნა განპირობებული იყო „ეფესბეში“ გატარებული წლებითა და კავკასიაში ფარული ოპერაციების ჩატარების გამოცდილებით.

 

ჩებოტარევმა დაიმსახურა ზემდგომების ქება სამხრეთ ოსეთში 2011-2012 წლებში ჩატარებული იმ ოპერაციებისთვის, რომლებიც დიდი ალბათობით სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებოდა.

 

მან დიდი ავტორიტეტი მოიპოვა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიდუმლო დერეფნებში.

 

სხვათა შორის, 2012 წელს, ჩებოტარევი პირადად დაესწრო აფხაზეთში ICTFC-თან კავშირში მყოფი ევრაზიული კვლევის რუსული ინსტიტუტის მიერ გამართულ რუსულ ბიზნესფორუმს, რომელიც მიზნად ისახავდა აფხაზი მაღალჩინოსნების მომადლიერებას.

 

საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი პრორუსული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ყვება, რომ ICTFC-ისა და პირადად სერგეი ჩებოტარევის ინიციატივით, გასულ წელს თბილისში იმყოფებოდა ეკატერინა შიშკინა, რომელიც უშუალოდ კურირებს ე.წ. რბილი ძალის საქმიანობას.

 

საქართველოში მან შეხვედრა გამართა პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მედიასაშუალებებთან, რა დროსაც შესთავაზა მათ რუსეთში ჩასვლა თანამშრომლობის მიზნით.

 

„შიშკინა აქტიურად ეძებდა ახალ პარტნიორებს და უკმაყოფილო იყო საქართველოში არსებული პრორუსული არასამთავრობო საზოგადოების ამჟამინდელი მდგომარეობით“, – ამბობს ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

 

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის აპრილში ICTFC-ის ორგანიზებით ბრიანსკში ჩატარდა კონფერენცია, სადაც მიწვეულნი იყვნენ პრორუსული ორგანიზაციები და ჟურნალისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

 

ღონისძიებას არც ქართველი დელეგატები გამოკლებიან. ბრიანსკში რუსული რბილი ძალის გასაძლიერებლად გამართულ კონფერენციას ესწრებოდნენ ჟურნალისტები „საქართველო და მსოფლიოდან“, „ევრაზიანეტიდან“ და, ასევე, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები