20:33 | 2020-09-28 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ფილტვებზე არანაირი ცვლილება არ დაფიქსირდა” – როგორია COVID 19-ით დაინფიცირებული ჯაბა ჯიშკარიანის მდგომარეობა მეცხრე დღეს

“ფილტვებზე არანაირი ცვლილება არ დაფიქსირდა” – როგორია COVID 19-ით დაინფიცირებული ჯაბა ჯიშკარიანის მდგომარეობა მეცხრე დღეს

კორონავირუსმა პოლიტიკური წრეებიდან ყველაზე მეტად, „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი” დააზარალა, პარტიის ლიდერები ჯაბა ჯიშკარიანი, ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე სწორედ COVID 19-ით დაინფიცირდნენ და ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდათ.

 

ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ ვირუსი უკვე დაამარცხეს, ხოლო ჯაბა ჯიშკარიანი ამ დრომდე ბოჭორიშვილის კლინიკაში რჩება და როდის დატოვებს კლინიკას, ხვალ საღამოს გახდება ცნობილი.

“პრაიმტაიმი” პოლიტიკოსს დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, როგორ გრძნობს თავს კორონავირუსით დაინფიცირებული ჯაბა ჯიშკარიანი.

 

– მეცხრე დღეა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ვმკურნალობ, მანამდე 11 დღე ვიყავი კარანტინში. საბედნიეროდ მეორე კატეს გადაღების დროს, ჩემს ფილტვებზე არანაირი ცვლილება არ დაფიქსირდა.

 

ამ ეტაპზე მხოლოდ გადასხმებს და სისხლის გამათხელებლებს მიკეთებენ, რადგან როგორც ექიმებმა ამიხსნეს, კორონავირუსი სისხლის შედედებას იწვევს.

– რა სახის ჩივილები გაქვთ თქვენ?

 

– ერთხელ მქონდა სიცხე 37 გრადუსი, ეს ნერვულ ფონზე ისედაც შეიძლება დაემართოს ადამიანს ექვს თვეში ერთხელ. გემო დავკარგე და ერთი დღე მქონდა თავის ტკივილი, კარანტინის ექიმს მივმართე ამ ჩივილებით იმ დღეს, მან გადამიმასამართა ცხელების ცენტრში, ჩამიტარდა ტესტირება და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, ბოქსირებულ პალატაში გადამიყვანეს.

 

ხვალ მიკეთებენ განმეორებით ტესტს და საღამოს გახდება ცნობილი დავამარცხე თუ არა საბოლოოდ კორონავირუსი. წესით მე-14 დღეს უნდა გამეკეთებინა ეს ტესტი, მაგრამ რადგან სიმპტომები არ მაქვს, ახალი რეგულაციებით ხვალ ჩამიტარებენ.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ექიმს მეგი კობახიძეს, რუსიკო მზარეულაშვილს, ლია წაქაძეს, ნიკოლოზ ზუბადალაშვილს და ასევე მთელი საქართველოს მედ-პერსონალს, რადგან პირველი დარტყმა სწორედ მათზე მოდის. საველე პირობებში, ცარიელი ხელებით ებრძვიან COVID 19-ს, რომელიც რა საფრთხის მომტანია, ბოლომდე ჯერ კიდევ არაა შესწავლილი. მინდა, რომ ყველა ადამიანს ჯანმრთელობა ვუსურვო.

 

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +