09:02 | 2021-10-14 ავტორი: თამარ გონგაძე

ფილმი, რომელშიც ლევან თედიაშვილი რეჟისორმა სუშით მიიტყუა, “ოსკარისთვის” იბრძოლებს

ფილმი, რომელშიც ლევან თედიაშვილი რეჟისორმა სუშით მიიტყუა, “ოსკარისთვის” იბრძოლებს

ლევან კოღუაშვილის “მეოთხე ბრაიტონი”, ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის, საქართველოს სახელით იბრძოლებს.

 

ფილმი ექვსი ქვეყნის კო-პროდუქციაა: საქართველო, ბულგარეთი, საფრანგეთი, ამერიკა, რუსეთი და ყაზახეთი.

 

ფილმში რვა ქვეყნის მსახიობი თამაშობს. მთავარ როლს ლეგენდარული მოჭიდავე, ლევან თედიაშვილი ასრულებს. თუ როგორ “მიიტყუა” ის რეჟისორმა ფილმში, ამას ოდნავ ქვემოთ გაიგებთ.

 

ლევან კოღუაშვილი – ფილმის რეჟისორი

 

ფილმში უკანასკნელ კინოროლს ასრულებს კახი კავსაძე. კოღუაშვილმა ფილმი ლეგენდარული არტისტის ხსოვნას მიუძღვნა.

 

ლევან თედიაშვილი ამ ფილმში შესრულებული როლისთვის, აზიურ ოსკარზეა ნომინირებული – “მამაკაცის საუკეთესო როლის” ნომინაციით.

 

ლევან კოღუაშვილი: – კინოცენტრის ჟიურიმ გაითვალისწინა ის კრიტერიუმები, რომელიც “ოსკარის” სპეციფიკას ესადაგება. როგორი აგებულია სიუჟეტი, როგორია თხრობის მანერა… ჩვენი ძლიერი მხარე იყო ის, რომ ფილმს უკვე აღებული აქვს მთავარი პრიზი ამერიკაში, ტრაიბეკას კინოფესტივალზე. ფილმი ამერიკის გაქირავებაში გამოდის, აქვს კარგი გამოხმაურება ამერიკული პრესაში. ამერიკის ბაზარზე კარგი პოზიციები აქვს.

 

მოკლედ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღეს გადაწყვეტილება კინოცენტრში.

 

 

ცხადია, გამიხარდა, თუმცა დაგვემატა სამუშაო. წინ ფილმის სარეკლამო კამპანიაა. ამერიკელ პარტნიორთან ერთად უკვე დავიწყეთ დაგეგმვა. კარგია, რომ სახელმწიფო სოლიდურად ერთვება კამპანიის დაფინანსებაში. არ არის ცოტა თანხა. დაახლოებით, 130 ათასი ლარია ფილმის ფრომოუშენისთვის გამოყოფილი.

 

ნაწილობრივ, ამერიკელი დისტრიბუტორიც აფინასებს კამპანიას. მთავარია, თანხა სწორად დაიხარჯოს. კონცეფცია იყოს სწორი.

 

 

კინოცენტრი უკვე თხუთმეტი წელია ჩართულია ფილმის ფრომოუშენში და კარგად იცის, რიგი საკითხები, მაგალითად, რომელი პუბლიცისტი კარგად მუშაობს და ასე შემდეგ.

 

ჩვენ ყველანი ერთობლივ კონცეფციაზე შევჯერდებით, რომ კამპანია გააზრებული იყოს. ჩვენ არ ვართ დალხენილი ქვეყანა, რომ ამხელა თანხა იხარჯებოდეს. ამიტომ ყველაფერი რაციონალურად უნდა იყოს ორგანიზებული. იმედია, გამოგვივა.

 

 

ლევან თედიაშვილს, დაუვიწყარ გოგიას ფილმიდან “ხარება და გოგია”, ლევან კოღუაშვილი “ბებერ ლომს” ეძახის. რეჟისორი გვიყვება, როგორ დააკავა ის როლზე.

 

ლევან კოღუაშვილი: – ვუთხარი, ითამაშე ფილმში და ხშირად დაგპატიჟებ სუშიზე-მეთქი. გიჟდება სუშიზე.

 

თუ ნიუ-იორკში ყოველ დღე მაჭმევ სუშის, მაშინ წამოვალო, მითხრა. ასე მივიტყუე ფილმში (იცინის).

 

ლევან თედიაშვილი

 

ჯიუტი კაცია. გადაღების მეხუთე დღეს, ჭიდაობის სცენის გადაღებისას, ხელი მოიტეხა და ორი კვირა გავჩერდით,  გავიჭედეთ. ბიუჯეტი გაგვექცა. გადამღები ჯგუფის ნიუ-იორკში შენახვა ორი კვირით, წარმოიდგინეთ. რაღაც სცენები ვერ გადავიღეთ და ძალიან ვიწვალეთ. მერე “ქართუს” მივმართეთ და ფინანსურად დაგვეხმარა. ჯამში, გადაღება სამი წელი გაიწელა.

 

და როდის ვიხილავთ ჩვენ ამ ფილმს?

 

– თუ პანდემიამ არ შეგვიშალა ხელი, დეკემბერში, თბილისის კინოფესტივალზე გვინდა პრემიერის გაკეთება. ვნახოთ…

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X

error: Content is protected !!