00:46 | 2021-10-13 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ფიდელ კასტრომ ჩემი გემით იმოგზაურა და რესტორანშიც ორჯერ ვიყავით – მოხუცი მარტოხელა მეზღვაური

ფიდელ კასტრომ ჩემი გემით იმოგზაურა და რესტორანშიც ორჯერ ვიყავით – მოხუცი მარტოხელა მეზღვაური

დღეს ზღვა მისთვის წარსულია. მოგონებებით, შორეულ ნაოსნობაში ხშირად მოგზაურობს. ის რაც მისთვის მთელი ცხოვრება იყო, უკვე ათ წელზე მეტია თვალით არ უნახავს. 79 წლის მეზღვაური ლევან სალუქვაძე, დღეს ზღვაზე, გემის ბაქანზე ფეხის დადგმას ოცნებობს…

 

ბევრი რამ აღარ ახსოვს, თუმცა, მაინც მოგონებებში შემორჩენილი ისტორიებით ცხოვრობს. ისტორიებით, რომლებიც ისევ ზღვას უკავშირდება…

 

მოხუცმა მარტოხელა მეზღვაურმა, ლევან სალუქვაძემ „პრაიმტაიმთან“ ერთად ზღვაზე ვერ, მაგრამ თავის სახლთან ახლოს, გლდანის ტბაზე მაინც გაისეირნა. წყლის პირას იტალიაში მისი პირველი ნაოსნობა, ლეგენდარულ ფიდელ კასტროსთან და პეტრე გრუზინსკისთან ნაცნობობა ასე გაიხსენა…

 

მოხუცი მეზღვაური პირადად იცნობდა პეტრე გრუზინსკის. მის ფირფიტას, პოეტისვე გაკეთებული მინაწერით დღემდე საგულდაგულოდ ინახავს. 12 წელი ნაოსნობაში გაატარა, მანამდე კი სპორტული კარიერა იყო. ყოფილი მოცურავე, მოჯირითე და მსროლელი, ფიზკულტურის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 3 წელი ოდესაში, საზღვაო უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა. სწორედ ამის გამო, პირდაპირ გემის კაპიტნის მთავარ თანაშემწედ დანიშნეს. ახსოვს რიტუალი, როცა ნამდვილ მეზღვაურად „მონათლეს“.

 

„როცა მეზღვაური ხდები „ნათლობის“ რიტუალი ტარდება. ეკვადორს, რომ გადალახავ ჯერ მაზუთს გისვამენ ტანზე და მერე ერთი ჭიქა ზღვის წყალი უნდა დალიო. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. ზღვამ საოცარი მონატრება იცის. სიზმარში ხშირად ვხედავ ხოლმე…14 წელია ზღვაზე არ ვყოფილვარ. იცით რას ნიშნავს ზღვა მეზღვაურისთვის? მთელ ცხოვრებას“ – ამბობს მოხუცი.

 

ქართულ ნაოსნობაში სულ ექვს გემზე იმუშავა. ყველა მათგანთან დიდ ისტორია აკავშირებს. მოირა თითქმის ყველა კონტინენტი, მათ შორის ორჯერ ანტარქტიდაზე იყო. ყველაზე დასამახსოვრებელი ისტორიაც სწორედ ყინულოვან კონტინენტს უკავშირდება.

 

„ანტარქტიდაზე წასვლა ერთგვარი რისკია. უზარმაზარ აისბერგთან ერთად ცურვა სარისკოა. შესაძლოა გემი დააზიანოს და იქ დასრულდეს ყველაფერი. ორჯერ ვიყავი ანტარქტიდაზე პირველად მალევე დავბრუნდით უკან. მეორედ რომ წავედით, პატარა კუნძულზე მეთევზეებს საწვავი ჩავუტანეთ. ექვსი დღე მივდიოდით. მერე შტორმში მოვყევით.  შეუძლებელია იმ ემოციების გადმოცემა, რაც იქ განვიცადე“ – იგონებს ლევან სალუქვაძე.

 

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, როცა ნაოსნობა მოიშალა, 90-იან წლებში საყვარელი საქმის გარეშე დარჩა. მერე სპორტ სკოლას ჩაუდგა სათავეში და მომავალ თაობას ზრდიდა.

 

დღეს მხოლოდ წარსული და წინაპრები აქვს საამაყო. აწმყოზე აღარ ფიქრობს. ამბობს, რომ ყველაფერი უკვე დაასრულა, თუმცა სიცოცხლე ტკბილიაო და ახლა დინებას მიჰყვება.

 

მამა მეორე მსოფლიო ომში, ქერჩში დაეღუპა. მაშინ ერთი წლის იყო. დედა პოლონელი გახლდათ. ლევანი და მისი ორი ძმა ობლობაში გაიზარდნენ.  გოგონებში ყოველთვის პოპულარული იყო. ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ მისი გული 33 წლის ასაკამდე ვერავინ მოინადირა…

 

„ტრაბახში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ძალიან ლამაზი ბიჭი ვიყავი. სახლიდან რომ გავდიოდი და მხედავდნენ, მეზობელი გოგონები ერთმანეთს ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ ლევანი გარეთ გამოვიდაო. ბევრი ლამაზი მოგონება შემომრჩა“- იხსენებს მეზღვაური.

 

პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა. მისი რჩეული ბათუმელი ქალბატონი იყო. შორეულ ნაოსნობაში თვეობით წასვლა და წლების განმავლობაში  განშორება მათ ურთიერთობაზე ცუდად აისახა. 20 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ და ცალ-ცალკე აგრძელებენ ცხოვრებას. ერთი გოგონა ჰყავთ, რომელიც იტალიაში ცხოვრობს.

 

„ცდილობს დამეხმაროს, მაგრამ ბევრი რამ მაკლია, ბოდიში და საცვლებიც კი, ასევე ჰიგიენური საშუალებები. ვცდილობ ყველაფერზე ეკონომია გავაკეთო“ – დასძენს მოხუცი.

 

მისი ყოველთვიური შემოსავალი 200 ლარი პენსია და სოციალური დახმარება 60 ლარია. გოგონაც ეხმარება თუმცა ეს საკმარისი არაა. უფასო სასადილოს სერვისითაც სარგებლობს, მაგრამ მაინც სჭირდება დახმარება…

 

ასეთ სიბერეზე არასდროს უფიქრია. დღეს მისი მეგობარი მარტოობა და მოგონებებით ცხოვრებაა.

 

„ჩემს სართულზე ყველა სახლი დაკეტილია. საზღვარგარეთ არიან წასულები. ცუდად რომ გავხდე, მეზობელსაც ვერ დავუძახებ. ეს ჩემთვის ტრაგედიაა“ – ამბობს მარტოხელა მოხუცი მეზღვაური.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X