fbpx
22:41 | 2021-01-13 ავტორი: თამარ გონგაძე

„ფეხიც კარგი მაქვს და ხმაც“ – კალანდობა და ცნობილი გურულების ტრადიციები

„ფეხიც კარგი მაქვს და ხმაც“ – კალანდობა და ცნობილი გურულების ტრადიციები

14 იანვარს ყველაზე განსხვავებულად გურიაში აღნიშნავენ და ძველით ახალ წელს – კალანდობას ეძახიან. კალანდა რომაული წარმომავლობის სიტყვაა და ახალი წლის პირველ დღეს ნიშნავს.

 

გურიაში, სოფელ ბასილეთში, სადაც პირველი ჩიჩილაკი დამზადდა, ახალ წელს განსაკუთრებულად ელოდებიან. სოფელში ტრადიცია არ ირღვევა – დღესაც, ნაძვის ხის ნაცვლად, ყველა ოჯახში თხილის ღეროსგან დამზადებულ ჩიჩილაკს დგამენ.

 

ხალხური ტრადიციით ჩიჩილაკს წმინდა ბასილის წვერს ადარებენ და ამით ხაზს უსვამენ სწრაფვას – წმინდა ბასილისებური სიკეთის, სიუხვისა და ღვთისმოსაობისაკენ. გურიაში ამბობდნენ, ჩიჩილაკი “ბასილის ფაფუკი წვერები”, საახალწლოდ გამომცხვარი ნამცხვარი კი “ბასილის პურიაო”.

 

ჩიჩილაკი: ახალი წლის ქართული სიმბოლო

 

ჯემალ ჭკუასელი: – მე შემოქმედში, წითელმთაში გავატარე ჩემი ბავშვობა. კალანდობას აუცილებლად გვქონდა ჩიჩილაკი. ყველა ოჯახში იყო. კალანდობა ბევრ კარ მოგონებასთან არის დაკავშირებული.

 

კალანდობას მეკვლე ვიყავი. ეს სახუმარო საქმეც იყო და სერიოზულიც. ჩემს ოჯახში ტრადიციულად მე ვიყავი მეკვლე. ფეხიც კარგი მაქვს და ხმაც (იცინის). ვისთანაც პირველად ვიყავი მეკვლე, იმ წელს გაუმართლა და მას შემდეგ სამეზობლოში ყველა მე მელოდა მეკვლედ. გურულები ან ჭკვიანები არიან, ან – აბდლები. მოკლედ, როგორც “კუჩხი ბედინერშია”, მეც ისე ვიყავი. ერთ წელს სამი მეგობარი მთელი ღამის განმავლობაში დავდიოდით მეკვლეებად.

 

ავთანდილ ცქვიტინიძე: – კალანდობაზე ჩიჩილაკი და ბევრი დათუნია კანფეტი მახსენდება. ეს კანფეტი იშოვებოდა ჩემს ბავშვობაში და დღემდე ჩემი საყვარელი შოკოლადია. მეკვლე ცხონებული მამაჩემი იყო და შემოვიდოდა თუ არა, შემოყრიდა ხურდას და კანფეტებს. ვხვდებოდით, მე და ჩემი ძმა და დედა. სოფელში, ბახვში არ ვხვდებოდით ახალ წელს, ზურგეთში, კორპუსში ვცხოვრობდი. ზამთარში კი ბებია მამიდასთან ჩამოგვყავდა.

 

დათო დარჩია: – მახსოვს, თავიდანვე სულ ვიკრიბებოდით ოჯახის წევრები და ჩვენი სანათესაო გურიაში, ჩოხატაურში, ლამაზ სოფელ – განახლებაში. ზოგი თბილისიდან ჩავდიოდით, ზოგი ბათუმიდან და კალანდობას ბებია-ბაბუასთან ვატარებდით. იყო საჩუქრების დარიგება და დიდი ჟრიამული. არასდროს არ დამავიწყდება.

 

მეკვლეს მოსვლას ფეხადობას ეძახდნენ. თუ ვინმე ლოთი იყო, უიმე, ეგ არ შემოვიდეს, დასალევი არ შემოიტანასო, ერიდებოდნენ. ჩვენი მეკვლე ძირითადად ბაბუა იყო. ჯერ არ შემოხვიდეო, დაუძახებდნენ, ჯერ არაო და მახსოვს, ერთხელ გაყინეს გარეთ ლოდინში, საწყალი ბაბუა. მერე გაყინული, გამწარებული შემოვიდა, წადით, თქვენიო, მიგვალანძღა გაბრაზებულმა და ახალი წლის შემოსვლას აღარც დალოდებია, დაიძინა.

80-იან წლებში ორ-სამ მეტრიანი თოვლი მოვიდა, ჭიშკრები დაიფარა. ჩავრჩი იანვრის ბოლომდე გურიაში და მიხაროდა, სკოლა გავაცდინე.

 

ყველა დაძაბული დადის, ნერვული სიტუაციაა და ვისურვებდი, დაუბრუნდეს ხალხი თავის საქმეს. გავგიჟდი ამ უსაქმობით. მსახიობებს კარგა ხანს არ გვიწერია კიდევ ჩუთეატრიდ. საქმე ხვავი ბარაქა და ჯანმრთელობა მოგვცეს ღმერთმა.

 

ავტორი: თამარ გონგაძე
X