
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება შშმ პირთა პანსიონატში სექსუალური შევიწროების და სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ.
„ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ე.ა-მ სექსუალურად იძალადა იქ მცხოვრებ მეორე მამაკაცზე. მსხვერპლს ჩემი ინფორმაციით, სამხარაულში ექსპერტიზა ჩაუტარეს“, – გვიყვება ინფორმირებული პირი.
ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიებაც დაიწყო. დაწესებულების დირექტორი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ პოლიციამ პანსიონატის პერსონალიც დაკითხა.
„მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, ამ საქმეს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს ვაზიანის ქვეგანყოფილება იძიებს. გამოძიების დასრულებას უნდა დაველოდოთ.
ორივე მათგანი ჩვენი ბენეფიციარია, თუმცა ერთად არ ცხოვრობენ. სხვადასხვა ოთახებში არიან განთავსებულნი.
რამდენად რეალურია ეს ფაქტი, გასარკვევია, ისინი შშმ პირები არიან და გამოძიების დროს, ყველა საჭირო ექსპერტიზა ჩატარდა.
გამოიკითხა პერსონალი და თუ გამოძიებას ჩემთანაც ექნება კითხვები, მზად ვარ თანამშრომლობისთვის“, – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას დაწესებულების დირექტორი.
როგორც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში აცხადებენ, პოლიცია ადგილზე მაშინვე გამოცხადდა და შესაძლო დაზარალებული ბენეფიციარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.
„პანსიონატში მომხდარის გამო, პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა. ერთ-ერთი ბენეფიციარი ექსპერტიზაზე გადაიყავნეს. სხვა დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ”, – აცხადებენ უწყებაში.