fbpx
19:40 | 2020-09-04 ავტორი: ნინი ტაველიძე

Exclusive: რომელ გადაცემაში ვიხილავთ ბელგიელ ჟურნალისტს, რომელმაც ყველაფერი გაყიდა და საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდა

Exclusive: რომელ გადაცემაში ვიხილავთ ბელგიელ ჟურნალისტს, რომელმაც ყველაფერი გაყიდა და საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდა

ერთი წლის წინ ბელგიაში ყველაფერი გაყიდა და საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდა, ერთადერთი სურვილი ამოძრავებდა – უფრო მეტი ადამიანისთვის გაეცნო პატარა ქვეყანა, „მთელ მსოფლიოს“ რომ იტევს, საქართველოს სიყვარულმა მრწამსიც კი შეაცვლევინა – ეს ბელგიელი ჟურნალისტი გიომ მულარტია, რომელსაც მაყურებელი ოლგა ბაბლუანის გადაცემაში „რა დროს ძილია“ ახალი რუბრიკის წამყვანად სულ მალე იხილავს.

 

ექსკლუზიური ინტერვიუ გიომ მულარტთან „პრაიმტაიმმა“ ჩაწერა.

 

– რატომ გადაწყვიტე საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსულიყავი?

 

– პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ბელგიაში გადაცემა მქონდა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ვმოგზაურობდი და იქიდან სიუჟეტებს ვაკეთებდი. სწორედ გასულ წელს ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას აღმოვაჩინე საქართველო.

 

ქვეყანამ, ხალხმა და იმ სტუმართმოყვარეობამ, რაც ქართველებს გაქვთ, საოცრად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

 

როდესაც ბელგიაში ვბრუნდებოდი, ცხოვრებაში პირველად თვითფრინავში ძალიან მოწყენილი ვიყავი. ვფიქრობდი – მე უფრო საქართველოს მივეკუთვნები, ეს ქვეყანა უფრო ახლოსაა ჩემთან, ვიდრე ბელგია.

 

გიომ მულარტი
გიომ მულარტი

 

არ იყო მარტივი, მაგრამ გადავწყვიტე საცხოვრებლად საქართველოში გადმოვსულიყავი. გასული წლის ზაფხულში ბევრჯერ ვესტუმრე საქართველოს რომ რეალურად მენახა რამდენად შევძლებდი აქ ცხოვრებას.

 

ყველაზე მეტად მინდოდა საქართველო უფრო მეტი ადამიანისთვის გამეცნო. რადგან ჯერ კიდევ ძალიან ბევრმა არ იცის ამ ქვეყნის შესახებ .ზოგი ფიქრობს, რომ ეს აშშ-ს ერთ-ერთი შტატია, ან რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ქვეყანა.

 

ჩემს ბიზნეს პარტნიორებთან ერთად გადავწყვიტე, რომ ფრანგელენოვანი ტურისტული სააგენტო გამეხსნა.

 

სწორედ ამიტომ ერთი წლის წინ ბელგიაში ყველაფერი გავყიდე, სამსახურიდან წამოვედი და საქართველოში საცხოვრებლად ჩამოვედი.

 

მე შემიყვარდა ეს ქვეყანა და მინდოდა სხვებსაც გასჩენოდათ სურვილი აქ ჩამოსულიყვნენ და მათაც ენახათ ეს განძი.

 

მე შემიყვარდა ეს ქვეყანა და მინდოდა სხვებსაც გასჩენოდათ სურვილი აქ ჩამოსულიყვნენ და მათაც ენახათ ეს განძი. თავდაპირველად ძალიან ბევრი სარეკლამო ვიდეო გავაკეთე საქართველოზე, სასტუმროებზე.

 

დავუკავშირდი ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს. თუმცა, შემდეგ კორონავირუსის პანდემია დაიწყო, რამაც ტურისტულ სფეროს ძალიან დაარტყა.

– ოლგა ბაბლუანის საავტორო გადაცემაში „რა დროს ძილია“ – მოხვედრა, როგორც თავად ოლგა ამბობს, ადვილი არ არის. როგორ მოხვდით მის გადაცემაში და რა რუბრიკაში გიხილავთ მაყურებელი?

 

– ყოველთვის მინდოდა ქართულ ტელევიზიაში ახალი გადაცემა გამეკეთებინა. გადაცემა, რომლის მიზანიც საზოგადოებისთვის იმის ჩვენება იქნებოდა, რამდენ პროგრესს მიაღწია ქვეყანამ, დამენახებინა საქართველო დადებით კონტექსტში.

 

და ეს ყველაფერი გამეკეთებინა იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც ქართველები არ არიან, მაგრამ საქართველოს სიყვარულის გამო აქ საცხოვრებლად ჩამოსვლა გადაწყვიტეს.

 

იტალიელი მზარეული, რომელიც შოკოლადის ხინკალს ამზადებს და თავს კახელად მიიჩნევს
2020-04-24იტალიელი მზარეული, რომელიც შოკოლადის ხინკალს ამზადებს და თავს კახელად მიიჩნევს

 

ამ იდეით ბევრ ტელევიზიასთან მქონდა კომუნიკაცია. მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ეს ტელეკომპანია „იმედში“ გამეკეთებინა, რადგან მათთან კომუნიკაცია ყველაზე მეტად მომეწონა.

 

თუმცა, პანდემიის გამო ცოტა გადაიწია ამ ყველაფერმა. მოგვიანებით კვლავ დამიკავშირდნენ. პრობლემა ის იყო, რომ ჩემი იდეა სამოგზაურო გადაცემის გაკეთება იყო.

 

თუმცა, კორონავირუსის პანდემიის დროს ეს ყველაფერი რთული იყო, რთული იყო ტურიზმზე საუბარი, როცა ირგვლივ ყველაფერი გაჩერებული იყო.

 

შემდეგ ოლგა ბაბლუანმა გაიგო ჩემი პროექტის შესახებ. ის ძალიან დაინტერესდა ამ პროექტით და დამიკავშირდა. მის გადაცემაში მივედი და ინტერვიუ ჩავწერეთ, საკმაოდ კარგი გამოვიდა და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

 

შემდეგ ერთმანეთი გავიცანით და აღმოჩნდა, რომ მსგავსი იდეები გვქონდა. საბოლოოდ ის, რის გაკეთებასაც ვაპირებთ ბევრად უკეთესი გამოვიდა, ვიდრე თავდაპირველად მქონდა ჩაფიქრებული.

 

პირველი გადაცემა ეთერში 13 სექტემბერს გავა. რუბრიკას სახელად „უკეთესად არ შეიძლება“ ჰქვია.

 

– რას იხილავს მაყურებელი რუბრიკის ფარგლებში?

 

– როგორც იცით, ოლგა ბაბლუანის შოუ სოციალური ხასიათისაა. აჩვენებს პროგრესს, რომელსაც ქვეყანა განიცდის. ამ რუბრიკის ფარგლებში, რომელსაც ერქმევა „უკეთესი არ შეიძლება იყოს“,  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვიმოგზაურებთ, შევხვდებით ადამიანებს, რომლებმაც საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლა გადაწყვიტეს.

 

ასევე შევხვდებით ადგილობრივებს, გავესაუბრებით მათ.

 

თავდაპირველად გავიცნობთ ქალბატონს საფრანგეთიდან, რომელიც 14 წელია საქართველოში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰყავს ქართველი მშობლები, ის ქართულ ტრადიციულ სიმღერებს ასწავლის. მოვისმენთ მის ისტორიას.

 

ასევე შევხვდებით რესტორანი „მეტისის“ მფლობელს. გავიგებთ ცდილობს თუ არა ის ქართული და ფრანგული სამზარეულოს ერთმანეთთან შერწყმას.

 

ანუ, მთავარი იდეა და მიზანი იქნება იმის ჩვენება როგორ ხდება კულტურების შერწყმა ერთმანეთთან.

 

ამ გადაცემის განმავლობაში ასევე შევხვდებით ძველი თაობის წარმომადგენლებს, რომლებსაც საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძალიან დიდი ადგილი უკავიათ.

 

ასევე ადამიანებს, რომლებიც გარეთ დგანან და შემწეობას ითხოვენ. ასეთ ადამიანებს როცა ვხედავ მუდმივად ვფიქრობ -„ხომ შეიძლება ეს ბებიაჩმი იყოს?!“.

 

გავიცნობთ ახალგაზრდებს, რომლებიც სხვადასხვა სიძნელეებს ხვდებიან. ვიცი, რომ ზოგჯერ ოცნებობენ ამერიკაში ცხოვრობდნენ, ევროპაში წავიდნენ. აი, სწორედ ასეთ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ მათ ძალიან საინტერესო ქვეყანა აქვთ და აქაც ბევრი შესაძლებლობაა მათთვის.

 

მინდა ხალხს ვაჩვენო როგორი პროგრესული და განვითარებული ქვეყანაა საქართველო. ასევე, გამოვიყენო ჩემი ისტორია, გამოცდილება და ჩემი თვალით დანახული საქართველო დავანახო მათაც. ამას გავაკეთებ ოლგას გადაცემაში ზუსტად.

– როგორი ბოსია ოლგა?

 

– ოლგა შესანიშნავი ადამიანია. ის შოუს შოუსთვის არ აკეთებს. ის დაინტერესებულია რამდენად კარგი იქნება გადაცემა ქვეყნისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვნაია. როგორც ბოსი ის ძალიან ყურადღებიანია. ყოველთვის გისმენს და ასევე გიზიარებს თავის აზრსაც.

 

სანამ ერთად მუშაობას შევუდგებოდით, მანამდე არაფორმალურ გარემოში შევხვდით ერთმანეთს. იმიტომ, რომ მას ყოველთვის უნდა ადამიანი ფორმალური შეხვედრების გარეთაც გაიცნოს.

 

და ეს ძალიან პროფესიონალი საქციელია. მან ყველაფერი მოისმინა ჩემზე. გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება, რადგან გაგვეგო შევძლებდით თუ არა ერთად მუშაობას. თითქმის 4 საათის განმავლობაში ვსაუბრობდით. ჩვენ ვართ კოლეგები, მაგრამ ამავდროულად ვართ მეგობრები.

 

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ოლგამ თავის შოუში სხვაც აიყვანა. ის ძალიან დამოუკიდებელია, მას ჰყავს თავისი გუნდი. და მისთვის მნიშვნელოვანია შექმნას ხარისხიანი პროდუქტი.

 

როდესაც ქართველ მეგობრებს ვუთხარი, რომ ოლგასთან ვიწყებდი მუშაობას, მათ მითხრეს, რომ „რა დროს ძილია“ ერთადერთი გადაცემა იყო, რომელსაც უყურებდნენ.

 

ვფიქრობ, ქართველ ხალხს სჭირდება რომ იცოდეს მათ ქვეყანაში, ტრაგედიის გარდა, ბევრი კარგი და საინტერესო რამ ხდება.

 

ოლგა ერთგვარი ნათელი წერტილია ამ ყველაფერში. ის გადაცემაში პატიჟებს საერთაშორისო სტუმრებსაც. მას ასევე გადმოაქვს ფრანგული კულტურა საქართველოში და ეს ძალიან საინტერესოა.

 

– ყველაზე მეტად რა მოგწონს საქართველოში?

 

– ვფიქრობ ქართველებს გაქვთ განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა. და რაც ყველაზე მთავარია ეს არ არის მოჩვენებითი.

 

ძალიან ბევრი მაქვს ნამოგზაურები. ყველა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, კარგად გხვდებიან, მეგობრულები არიან.

 

მაგრამ ყოველთვის ამჩნევ რომ ამ ყველაფრის უკან დგას რაღაც მიზანი – ტურიზმი, ბიზნესი. მაგრამ აქ საქართველოში სხვანაირადაა.

 

აი, მაგალითად, თუ გურიაში იმოგზაურებ ნახავ, რომ მათ ბევრი არ აქვთ, მაგრამ სუფრაზე ყოველთვის დაგიდებენ ყველაფერს, რაც აქვთ.

 

და ეს ყველაფერი ბევრად უფრო გემრიელია, ვიდრე სადმე რესტორანში მორთმეული საკვები.

 

ამ პატარა ქვეყანაში ყველაფერი გაქვთ – პატარა ულამაზესი ქალაქები, მთები, ზღვა. სწორედ ამ ყველაფერმა მომხიბლა საქართველოში.

 

გიომ მულარტი
გიომ მულარტი

ასევე, საქართველოში  ბევრი ის ღირებულება გაქვთ, რომელსაც ევროპა ნელ-ნელა კარგავს.

 

ადამიანები ხდებიან ეგოისტები, ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ თავზე. საქართველოში კი ეს მნიშვნელოვანი ღირებულებები გაქვთ – დამოკიდებულება ოჯახის მიმართ, მეგობრობა ძალიან ძლიერია.

 

როდესაც ჩემს ოჯახს საქართველოზე ვუამბე და ბევრი რამე ვაჩვენე, გაოცებულები იყვნენ.

 

ვფიქრობ, რომ ამ პატარა ქვეყანაში მთელი მსოფლიოა ჩატეული. ყველაფერი გაქვთ. შემიძლია მთელი ცხოვრება ამ ქვეყანაში ვიცხოვრო.

 

ყოველთვის ვამბობ ხოლმე – მე დავიბადე ბელგიაში, იქ გავიზარდე, მაგრამ მინდა აქ დავბერდე და აქ მოვკვდე. ეს ჩემთვის მეორე სახლია.

 

– გაგიჭირდათ ადაპტაცია?

 

-როდესაც პირველად ჩადიხარ ქვეყენაში ყოველთვის მხოლოდ კარგს ხედავ. შემდეგ თუ დარჩენას გადაწყვეტ, ბუნებრივია,უარყოფითის დანახვასაც იწყებ.

 

ეს ყველაფერი რაღაცნაირად ურთიერთობას ჰგავს. მაგრამ ადაპტაცია არ გამჭირვებია.

 

ქართველი ხალხისთვის უკეთ რომ გამეგო, რელიგიაც შევიცვალე. გასულ იანვარს მართლმადიდებლად მოვინათლე, კათოლიკე ვიყავი.

 

რელიგია უმნიშვნელოვანესი ნაწილია ზოგადად ყველა კულტურის და განსაკუთრებით კი საქართველოსთვის.

 

სუფრაზეც კი აუცილებლად იძახიან ღმერთის სადღეგრძელოს. ამიტომ გადავწყვიტე მოვნათლულიყავი და ეს გადაწყვეტილება ოჯახსაც შევუთანხმე. ამას არ ვნანობ.

 

შეგუების ეტაპი მარტივი არ იყო, მაგრამ ჩემი საქართველოსადმი სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე ის პატარ-პატარა სიძნელები.

 

რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანაში როდესაც ხარ ხანდახან მარტოდ გრძნობ თავს, რეკავ შენს ქვეყანაში. მენატრება ოჯახი და ხშირად ვსტუმრობ ხოლმე. თუმცა, ბელგიაში ცხოვრება არ მენატრება.

 

მე შემიყვარდა ეს ქვეყანა და მინდა, რომ ერთ დღესაც გაბრწყინებული ვნახო.

 

– რომელი ქართული კერძი გიყვართ ყველაზე მეტად?

 

-ძალიან მიყვარს ხინკალი , მგონი ერთ-ერთი მიზეზია რატომაც აქ ჩამოვედი საცხოვრებლად. ჩემი ოცნებაა ბრიუსელში პატარა ხინკლის ბარი გავხსნა. მყავდეს ქართველი მზარეული.

 

– როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი თბილისური დღე?

 

– თავისუფალ დროს ძალიან მიყვარს სეირნობა. სანამ საცხოვრებლად ჩამოვიდოდი, სულ ძველ თბილისთან ახლოს ვარჩევდი ხოლმე დასარჩენ ადგილს.

 

შემდეგ, როცა საცხოვრებლად ჩამოვედი, უფრო წყნარი ადგილი შევარჩიე, მაგრამ ხანდახან მენატრება ხოლმე ის ატმოსფერო, რაც ძველ თბილისშია, ამიტომ ხშირად ვსტუმრობ.

 

ასევე, თავისუფალ დროს ძირითადად მოგზაურობაში ვატარებ ხოლმე,საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ვსტუმრობ.

 

ბევრ ადგილას ვარ ნამყოფი, მაგრამ საქართველოზე ლამაზი ქვეყანა არცერთი არ იყო.

 

– საკუთარ თავს როგორ დაახასიათებდი?

 

-მეოცენებე ვარ. არ აქვს მნიშვნელობა რა ოცნებაც არ უნდა გამიჩნდეს, ის ჩემს გონებას არასდროს ტოვებს. და ამ ოცნების ასასრულებლად ყველაფერს ვაკეთებ ყოველთვის.

 

ჩემი ოცნება იყო აქ ჩამოვსულიყავი, გამეკეთებინა გადაცემა…

 

ჯიუტიც ვარ. იმიტომ, რომ როდესაც რაღაც მინდა, ის აუცილებლად უნდა გავაკეთო. ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა.

 

გიომ მულარტი
გიომ მულარტი

 

– შემდეგი ოცნება რა არის?

 

– მინდა, რომ ეს გადაცემა იყოს წარმატებული. ოლგასთვის, საქართველოსთვის. მინდა, რომ იბრწყინოს საქართველომ.

 

მინდა, რომ ბევრმა ადამიანმა შეიტყოს საქართველოს შესახებ და გაუჩნდეთ სტუმრობის სურვილი.

 

ნახონ როგორი ლამაზი ქვეყანაა და როგორი სასწაული ხალხი ცხოვრობს აქ. თუ ამას შევძლებ ძალიან ბედნიერი ვიქნები. შემდეგ მყავდეს ოჯახი, შვილები.

 

გიომ მულარტი Facebook-ზე შეგიძლიათ ნახოთ ასე:

 

Posted by Guillaume Moulaert on შაბათი, 18 ივლისი, 2020

 

instagram:

 

View this post on Instagram

Just happy ☺️

A post shared by Guillaume Moulaert (@guillaume.moulaert) on

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

X