fbpx
16:36 | 2020-11-23 ავტორი: Prime Time

Exclusive: რას ყვება კაცი, რომელსაც ყოფილმა ცოლმა „ქურდებთან“ უჩივლა – დაკითხვის ოქმი

Exclusive: რას ყვება კაცი, რომელსაც ყოფილმა ცოლმა „ქურდებთან“ უჩივლა – დაკითხვის ოქმი

„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა მოქალაქე ვასილ წ-ს დაკითხვის ოქმი, სადაც ის ყოფილ მეუღლეს, ელმირა წ-ს „კანონიერი ქურდების“ მეშვებით ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს.

 

სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში მამაკაცი ყვება, რომ ქურდული სამყაროს წევრები, მისი ყოფილი ცოლის დავალებით და გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ მეშვეობით 9000 ევრომდე თანხას სძალავდნენ.

 

თავად ვასილ წ-ც ამჟამად ბრალდებულის სტატუსით საპყრობილეში იმყოფება, ვინაიდან მან თავის მხრივ საქმის მოგვარების მიზნით ქურდული სამყაროს წევრებს მიმართა.

 

ყოფილ ცოლ-ქმარს შორის ფინანსური დავა საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ ორივე მხარე გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ელმირა წ. ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება. რაც შეეხება მის ყოფილ ქმარს, ჩვენი ინფორმაციით, ვასილ წ-ს გამოძიება საპროცვესო შეთანხმებას უფორმებს და ის ციხეს, სავარაუდოდ, ახალ წლამდე დატოვებს.

 

საპროცესო შეთანხმების საფუძველი კი ის ჩვენება გახდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვასილ წ-მ სასამართლოს მისცა და მისი ყოფილი მეუღლის თხოვნით საქმეში ჩართული ქურდული სამყაროს წევრებს პირდაპირ დაადო ხელი – ამჟამად ყველა მათგანი განსასჯელის სკამზე ზის და მოსამართლის საბოლოო განაჩენს ელის.

 

გაგაცნობთ, ვასილ წ-ს დაკითხვის ოქმის მოკლე შინაარს:

 

ჩვენებაში ბრალდებული ვასილ წ. უთითებს, რომ ის და მისი იმჟამინდელი მეუღლე, ელმირა წ. გარკვეული ხნით ავსტრიაში ცხოვრობდნენ, რა დროსაც ქალმა ავსტრიის ბანკიდან სოლიდური კრედიტი გამოიტანა.

 

ვასილ წ. წერს, რომ ამის შემდეგ მალევე ის სამშობლოში დაბრუნდა და სხვა ქალზე იქორწინა. მისი ყოფილი მეუღლე კი ავსტრიაში დარჩა, თუმცა ბანკიდან აღებული კრედიტის თანხის გადახდას ვასილ წ-ს სთხოვდა.

 

თბილისელი „კანონიერი ქურდის“ ცოლმა გვარი „კორლეონედ“ გადაიკეთა
2020-04-16თბილისელი „კანონიერი ქურდის“ ცოლმა გვარი „კორლეონედ“ გადაიკეთა

 

ბრალდებული ყვება, რომ მას ამ ფულთან შეხება არ ჰქონია. მისი ნაამბობით ირკვევა, რომ ელმირა წ-მ თანხის ამოღების მიზნით საქმეში მისი ნათესავი, ქურდული სამყაროს წევრი, ვინმე დანგაძე ჩართო, რომელიც თავის მხრივ, მის მეგობრებთან – გიორგი ქურასბედიანთან, ილია ჩუბინიძესთან და მირზა მირზიაშვილთან ერთად თურქეთში მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდის“, ჯეირან კინწურაშვილის სახელით ვასილ წ-ს ერთ თვეში 8 800 ევროს მიტანას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თანხა გაურმაგდებოდა.

 

„ამ ადამიანებს შევხვდი ჩვენს საერთო ნაცნობთან, ილია აბაშიძესთან. მე ჩემი ფეხით მივედი ამ შეხვედრაზე, ჩემს მეგობარ ავთო სიხარულიძესთან ერთად. მითხრეს, თუ ამ თანხას ერთ თვეში არ გადაიხდი, თანხა გაორმაგდებაო. ხომ იცი, ვინც ვართ, კაი ბიჭები ვართ და საქმე სხვაგვარად წავა მერეო. მიხსენეს ჯეირან კინწურაშვილი (ხონსკი), ის არის პირადად დაინტერესებული ამ საქმითო“, – ასეთი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და შესაბამისად, გამოძიებას ვასილ წ-მ.

 

მისი დაკითხვის ოქმით, ასევე ცნობილი ხდება, რომ ზემოხსენებული შეხვედრის შემდეგ ვასილ წ. მისმა მეგობარმა, ავთო სიხარულიძემ გადაიყვანა თურქეთში და შეახვედრა „კანონიერ ქურდს“, თამაზ ქარცივაძეს, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „კუსას“ მეტსახელით იცნობენ. ამ უკანასკნელთან სიხარულიძეს დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებდა და იმედი ჰქონდა, რომ ქარცივაძე პრობლემას მოაგვარებდა და ჯეირან კინწურაშვილთანაც დაალაგებდა საქმეს.

 

ჩვენების მიხედვით, ვასილ წ. და ავთო სიხარულიძე თურქეთში მართლაც შეხვდნენ „კანონიერ ქურდს“, თამაზ ქარცივაძეს, რომელმაც დახმარება აღუთქვა და განაცხადა, რომ ცოლ-ქმრის საქმეში ქურდები არ უნდა ჩარეულიყვნენ.

 

საქმე, როგორც ჩანს, თურქეთში მყოფ ორ ქართველ „კანონიერ ქურდს“ შორის უნდა გარკვეულიყო – ერთ მხარეს ჯეირან კინწურაშვილი, მეორე მხარეს კი თამაზ ქარცივაძე წარმოადგენდნენ, თუმცა ამასობაში საქმეში კრიმინალური პოლიცია ჩაერთო და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით საერთო ჯამში 6 პირი დააკავეს, 4 კი დაუსწრებლად მიეცა პასუხისგებაში.

 

საქმის მასალებში დევს ფარული სატელეფონო საუბრები, სადაც „კანონიერი ქურდების“ სახელიც ფიგურირებს.

 

 

მათ შორის გისოსებს მიღმა აღმოჩნდა თავად ვასილ წ-ც, რომელსაც გამოძიება „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვას ედავება, თუმცა როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, მასთან გამოძიება საპროცესო შეთანხმების გაფორმებას გეგმავს.

 

„მეუბნებოდნენ სახლი გაყიდე და ეს ფული მოიტანეო. რომ ვუთხარი, მე სახლი არ მაქვს ჩემს სახელეზეთქო, შენს დას ხომ აქვსო, ის გაყიდეო“, – იხსენებს ვასილ წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ პირებთან საუბარს.

 

ფოტოზე: ჯეირან კინწურაშვილი და თამაზ ქარცივაძე

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X