15:12 | 2020-06-06 ავტორი: Prime Time

Exclusive: რა ხდებოდა ლაშა შუშანაშვილის სასამართლო პროცესზე – მოწმეთა ჩვენებები

Exclusive: რა ხდებოდა ლაშა შუშანაშვილის სასამართლო პროცესზე – მოწმეთა ჩვენებები

19 მარტს, როდესაც მთელს საბერძნეთში კორონავირუსის გამო კარანტინი იყო გამოცხადებული ცნობილი ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ციხიდან და სასამართლოში გადაიყვანეს.

 

საბერძნეთის სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ლაშა შუშანაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

მის ინტერესებს სხვებთან ერთად საბერძნეთის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, იურისტი ზოი კონსტანტაპულუსი იცავს.

 

მასშტაბური რეიდი ქართველი „კანონიერი ქურდების“ საკანში - საბერძნეთის პოლიცია შოკშია
2020-05-30მასშტაბური რეიდი ქართველი „კანონიერი ქურდების“ საკანში - საბერძნეთის პოლიცია შოკშია

 

ე.წ. „კანონიერი ქურდის“ ქართველი ადვოკატი კი ნანა ფრიდონაშვილია, რომელზეც დაყრდნობითაც ჩვენთვის ცნობილი გახდა რა ჩვენებები მისცეს მოწმეებმა სასამართლოს ლაშა შუშანაშვილის საქმეზე. მოსამართლის წინაშე დაიკითხა თავად ნანა ფრიდონაშვილიც.

 

ის „პრაიმტაიმში“ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა და რამდენიმე შენიშვნა დააფიქსირდა. შუშანაშვილის ქართველი ადვოკატისთვის მიუღებელია მედიის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფის „კანონიერ ქურდად“ მოხსენიება, თუმცა ამაზე ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი გაგაცნობთ სასამართლო პროცესის დეტალებს და მოწმეთა ჩვენებებს.

 

ბრალდების მოწმეებიდან ძირითადად პოლიციელები დაკითხეს. და აი, რა თქვეს მათ:

 

მოწმე ბეკიარუდი ადამ დიმიტრიოსის ძე

 

„ეს მოწმე თესსალონიკის პოლიციის სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან და ადამიანების ვაჭრობასთან ბრძოლის ქვესამმართველოს თანამშრომელია.

 

მისი განმარტებით, ლაშა შუშანაშვილს არ იცნობს. არ იცის, რას საქმიანობს. ჩემმა უფროსმა მითხრა, რომ რამდენჯერმე არის გასამართლებულიო.“, – ამბობს ადვოკატი ნანა ფრიდონაშვილი.

 

მოწმე კონტოდიმუს იოანნის ღეორღიოსის ძე

 

„ეს მოწმე თესალონიკის პოლიციის სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან და ადამიანების ვაჭრობასთან ბრძოლის ქვესამმართველოს უფროსია.

 

მოწმე პოლიციელი კონტოდიმუს იოანნისის ჩვენებით, საქართველოსა ორგანოებიდან არის ცნობილი, რომ შუშანაშვილს აქვს მდიდარი კრიმინალური წარსული საქართველოში, იგი იყო მსჯავრდებული და იხდიდა თავისუფლების აღკვეთის სასჯელებს ბევრი დანაშაულის გამო, როგორიც არის იარაღის ფლობა, ყაჩაღობები, ნარკოტიკები, გამოძალვა, შავი ფულის გათეთრება“.

 

ცნობილია, რომ ლაშა შუშანაშვილი 2018 წელს ჩატარებული მასშტაბური სპეცოპოერაციის დროს სხვა ქართველებთან ერთად დააკავეს. მანამდე ის საბერძნეთში 14 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა საპატიმროში სამი წელიც არ დაჰყო და 2015 წელს გათავისუფლდა.

 

„აქ მსურს აქცენტი გავაკეთო იმ ფაქტზე, რომ 2012 წელს მის დაკავებამადე საბერძნეთის ორგანოებს არ ჰქონდათ ოფიციალური კვლევა მის მიმართ საბერძნეთის ტერიტორიაზე კონკრეტულ კრიმინალურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

 

მიუხედავად ამისა, 2015 წელს მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი მოექცა ფრთხილი მეთვალყურეობის ქვეშ, ესპანეთის ორგანოებს ჰქონდათ რეაქცია იმ ფაქტის გამო, რომ იგი ციხიდან გამოვიდა სამ წელიწადში“, – ამბობს ნანა ფრიდონაშვილი.

 

საბერძნეთის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ქართველი „კანონიერი ქურდის“ ადვოკატი გახდა
2020-06-01საბერძნეთის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ქართველი „კანონიერი ქურდის“ ადვოკატი გახდა

 

რაც შეეხება მიმდინარე საქმეს, ადვოკატი ბრალდების მოწმეთა ჩვენებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს:

 

„პირველი მოწმე პოლიციელი ამბობს, რომ ლაშა შუშანაშვილის შესახებ არაფერი იცის და მისმა უფროსმა უთხრა, რომ მრავალჯერ ნასამართლევი პირია.

 

ამ მოწმის უფროსი, მეორე მოწმე პოლიციელი ადასტურებს, რომ ლაშა შუშანაშვილის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებიდან ფლობს.

 

იგი ამბობს ნასამართლობის არმქონე პირზე, რომ რამდენჯერმე არის გასამართლებულიო, იმ ბრალდებებით, რომლებზეც მას ინფორმაცია საქართველოდან აქვს.

 

სინამდვილეში ლაშა შუშანაშვილი არც ბრალდებული ყოფილა და არც გასამართლებული.

 

ლაშა შუშანაშვილი, ნასამართლობის არმქონე პირია. მოწმე პოლიციელი ადასტურებს იმასაც, რომ 2013 წელს, ლაშა შუშანაშვილი მხოლოდ ესპანეთის მასალების საფუძველზე გასამართლდა და საბერძნეთს გამოძიება არ ჩუტარებია.

 

პირველი ინსტანციით დადგა განაჩენი, რომელიც 2013 წლიდან სააპელაციო წესით გასაჩივრებულია და ჯერ სასამართლო სხდომა არ გამართულა.

 

მაღალჩინოსანი პოლიციელი მოწმე ადასტურებს, რომ 2012 წლამდე, სანამ ლაშა შუშანაშვილს დააკავებდნენ (საქართველოს მოთხოვნით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, საბერძნეთში დააკავეს) კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში შემჩნეული არ ყოფილა, თუმცა 2015 წელს, სასჯელისა და პატიმრობიდან რომ გათავისუფლდა, ესპანეთის სამართალდამცავები რომ არ გაბრაზებულიყვნენ, ბერძნულმა პოლიციამ თვალთვალი დაუწესა.

 

ლაშა შუშანაშვილის ინტერესების დამცველ ადვოკატებს, სასამართლოში წარდგენილი ჰქონდათ ჩემს მიერ, შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვილი და სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ ლაშა შუშანაშვილი ნასამართლობის არმქონე პირია.

 

საქართველოს სასამართლოს, გამამტყუნებელი განაჩენი ბატონი შუშანაშვილის მიმართ არ გამოუტანია და შესაბამისად, არ დადგენილა, რომ მან „კანონიერი ქურდობა“ ჩაიდინა და, რომ მის მიმართ, სხვა ბრალდებები არ არსებობს.

 

სასამართლოზე, მოწმე პოლიციელების ჩვენებებით დადასტურდა, რომ ბატონი შუშანაშვილი 2012 წლამდე უკანონო ქმედებებში შემჩნეული არ იყო, 2013 წელს, მხოლოდ ესპანეთის სამეფოს საგამოძიებო უწყებიდან მიღებული მასალებით გასამართლდა, საპატიმროდან გათავისუფლების დღიდან დაკავებამდე (2015-2018 წლები), თვალთვალის ქვეშ იმყოფებოდა და კანონდარღვევის არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან გამომდინარე „პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს  მცირე მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით“.

 

ბატონ შუშანაშვილთან მიმართებაში, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, სხვა მტკიცებულებებით გამყარებული არ არის, რადგან  არ არსებობს!

 

ფარული თვალთვალით მოპოვებულ ვიდეო, აუდიო და ფოტო მასალა, შესაბამისი ექსპერტიზების ჩატარებას მოითხოვს, რაც არ განხორციელებულა. ექსპერტიზების დასკვნების გარეშე, ამ მტკიცებულებების უტყუარობა, ცალსახად ეჭვქვეშ დგება.

 

რაც შეეხება, 2018 წლის 28 მარტის „ევროპოლის“ დოკუმენტს _ „ღია წყაროების მოხსენება ლაშა შუშანაშვილზე“, მთლიანად ინტერნესაიტებიდან ამოკრეფილი ინფორმაციაა. გარდა იმისა, რომ ეს დოკუმენტი საქმესთან მიმართებაში არარელევანტურია (ბრალდებასთან მიმართებაში, არცერთი კონკრეტული ქმედება აღწერილი არ არის) სასამართლოს, ამ ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა არ აქვს, ვინაიდან უცნობია, რომელ წყაროებს ეყრდნობა ინტერნეტსაიტებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია. შესაბამისად, ამ მტკიცებულების სანდოობა და ავთენტიკურობა, ასევე ეჭვქვეშ არის.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სასამართლო დარწმუნდა, რომ ლაშა შუშანაშვილი ნასამართლობის არმქონე პირია, როგორც საქართველოში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში.

 

საბერძნეთის რესპუბლიკაში დღემდე რომ ნასამართლობის არმქონე პირია, ეს სასამართლომ ისედაც იცოდა. სასამართლო დარწმუნდა იმაშიც, რომ შუშნაშვილის მიმართ ბრალდების საქმეზე, საქართველოში განაჩენი არ დამდგარა და სასამართლოს არ გადაუწყვიტავს, ჩაიდინა თუ არა მან „კანონიერი ქურდობა“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადვოკატი ნანა ფრიდონაშვილი.

 

ის საბერძნეთის სასამართლომაც დაკითხა. რა კითხვები დასუვეს და რა მტკიცებულებები ჩაიტანა საბერძნეთში შუშანაშვილის ქართველმა ადვოკატმა? ნანა ფრიდონაშვილი ამ კითხვაზე პასუხობს:

 

„ადვოკატების შუამდგომლობითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასამართლომ სხდომაზე მიმიწვია.

 

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო, სისხლის სამართლის კოდექსის 223-1 მუხლის „პიონერია“, სასამართლო, ქართველი ადვოკატისგან ამ მუხლის არსითა და საქართველოს სასამართლოში დანერგილი პრაქტიკით დაინტერესედა.

 

მათ, ჩვენი მეცნიერ-იურისტების ბატონი – ოთარ გამყრელიძის, ნინო გვენატიძის მოსაზრებები გავაცანი. ასევე წარვუდგინე და გავაცანი საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციის განაჩანები ამ მუხლთან მიმართებაში.

 

სასამართლო და პროკურორი, რატომღაც ლაშა შუშანაშვილის პიროვნებაზე ჩემი შეხედულებებით დაინტერესდნენ, მაგალითად: არის თუ არა მორწმუნე და მაზიარებელი, ვიცნობ თუ არა მის მოძღვარს? როგორია შვილებთან და როგორი მამაა? ვიცნობ თუ არა მის შვილებსა და შვილების დედას? ჯანმრთელობის მხრივ, როგორი მდგომარეობა აქვს და საბერძნეთში ჩასვლისას, მის სანახავად კლინიკში თუ მივდიოდი? საქართვლოდან მოწოდებულ არასწორ ინფორმაციებზე, რა რეაგირებას ვახდენ და ა.შ. სასამართლო სხდომაზე, ჩემი დაკითხვა 10 საათზე დაიწყო და 16 საათზე დასრულდა (ნახევარსაათიანი შესვენებით).

 

მიუხედავად ყოველივე ზემოთ მითითებულისა, ერთი მუხლით მაინც, კრიმინალური ორგანიზაციის წევრობით, სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ქურდობებსა და ფულის გათეთრებაში გაამართლა.

 

სასამართლოს თავმჯდომარემ, სარეზოლუციო ნაწილის გამოქვეყნებისას აღნიშნა, რომ ლაშა შუშანაშვილი არ არის ნასამრთლევი პირი, პიროვნულად დადებითად ხასიათდება, არის მორწმუნე ადამიანი და კარგი მამა, დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული არ არის, მაგრამ ფიქრობს, რომ კრიმინალური ორგანიზაცია ჩამოაყალიბოს.

 

ასეთი აბსურდული განმარტებით,   „ფიქრისთვის“, სასამართლომ დააკანონა ის უკანონობა, რაც საფრანგეთის, ესპანეთისა და საქართველოს „პირს ჩამობანდა“.

 

ასეთია ბერძენი ადვოკატების აზრი, რომლებიც დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდეგ, დეტალურად და ძირფესვიანად განაჩენს გაასაჩივრებენ და ლაშა შუშნაშვილის სრულ გამართლებას მოითხოვენ. დღეს, ეს განაჩენი კანონიერ ძალაში შესული არ არის და ლაშა შუშანაშვილი კვლავ ნასამართლობის არმქონე პირია.

 

შედეგი, რომელიც სასამართლოში დადგა, ზოი კონსტანტაპულუსის წყალობით არა, ადვოკატების შრომითა და მტკიცებულებების არარსებობის შედეგად დადგა. სასამართლოს თავმჯდომარემ, გარკვეულ ზეწოლას მაინც ვერ გაუძლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლაშა შუშანაშვილი სრულად უნდა გაემართლებინა. იმედია, ზემდგომ ინსტანციაში, ასეც მოხდება“, – ამბობს ადვოკატი ნანა ფრიდონაშვილი.

 

რაც შეეხება „პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებულ სტატიას იმის შესახებ, რომ გავლენიანი ბერძენი ადვოკატის წყალობით შუშანაშვილმა ციხეში პრივილეგიების მოპოვება შეძლო, კერძოდ დაენიშნა პირადი მზარეული და ცალკე მენიუ, ამ საკითხზე ნანა ფრიდონაშვილი ამბობს:

 

„ფრაზა „პრივილეგიების დაწესება“, რა თქმა უნდა თქვენი ჟურნალისტური ხრიკი და ორაზროვნად ნათქვამია.

 

ადამიანმა, რომელმაც ინსულტი ორჯერ გადაიტანა და უმძიმესი დაავადებები აქვს, ექიმის სისტემატიური მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყო. ეს პრიველეგია არ არის. ეს სიცოცხლის უფლების დაცვაა.

 

სამედიცინო დოკუმენტაცია ქალბატონმა ზოიმ კი არ მოიპოვა, 2010 წლიდან, როდესაც პირველად ინსულტი განუვითარდა, კლინიკებში ინახება.

 

საპატიმროში ყოფნის შემდეგ კი, მის პირად საქმეში, ჯანმრთელობის ამსახველი დოკუმენტაციის „ტომებია“. ლაშა შუშანაშვილს, სასამართლო-სამედიცინო არაერთი ექსპერტიზა ჩაუტრდა, არაერთმა კომისიამ შეისწავლა მისი ჯანმრთელობის ამსახველი დოკუმენტაცია და ჯერ კიდევ 2015 წელს, როდესაც ქალბატონი ზოი მისი ადვოკატი არ იყო, სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საბერძნეთის კანონმდებლობაში შესული ცვლილებების საფუძველზე, პატიმრობისა და სასჯელისგან, ლაშა შუშანაშვილი გათავისუფლდა.

 

ადვოკატები, რომლებიც მის ინტერესს ქალბატონ ზოიმდე იცავდნენ, ლაშა შუშანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ცდილობდნენ, იბრძოდნენ, რომ ყველა სამედიცინო კვლევა მას დროულად ჩატარებოდა.

 

ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ლაშა შუშანაშვილს სპეციფიკური კვება ნამდვილად ესაჭიროება, მაგრამ სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ მას პირადი მზარეული ჰაყვს, რა თქმა უნდა, გადაჭარბებულად ნათქვამია.

 

ქალბატონ ზოისთან მიმართებაში, ჟურნალისტი კვლავ ორაზროვან ფრაზას წერს: „შუშანაშვილის გავლენიანმა ადვოკატმა დაარწმუნა სასამართლო, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მძიმე ავადმყოფია“.

 

ქალბატონი ზოი, როგორც აღვნიშნე, ნამდვილად კვალიფიციური და მებრძოლი ადვოკატია. ვფიქრობ, ეს გავლენას არ ნიშნავს. ქალბატონი ზოი, რაც პარლამენტიდან საკუთარი სურვილით 2015 წელს წამოვიდა, მას არცერთი დღით პოლიტიკური საქმიანობა არ შეუწვიტავს.

 

იგი, დღევანდელ ხელისუფლებასთანაც დაპირისპირებულია და მისი პარტია ოპოზიციაშია. მისი ხელისუფლებასთან დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, უსამართლო და უკანონო სასამართლოა.

 

ამ უსამართლობას, იგი საკუთარი პროფესიით, ადვოკატობით ებრძვის. არც თუ ისე იშვიათად, მოსამართლეები მის მიმართ საჩივრებს არ იშურებენ. „გავლენიანი ადვოკატი“, ჟურნალისტმა სხვა კონტექსტში უწოდა მას, რაც ქალბატონი ზოისთვის ვფიქრობ, შეურაცხმყოფელია.

 

ლაშა შუშანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, ქალბატონმა ზოიმ კი არა, სხვადასხვა ექსპერტიზებისა და კომისების დასკვნებმა დაარწმუნა სასამართლო, რომ ლაშა შუშანაშვილი მძიმედ ავად არის და ეს დოკუმენტაცია, როგორც ავღნიშნე, 2010 წლიდან არსებობს და კვლევების, ექსპერტიზების, კომისიების დასკვნები ემატება.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ ამ ფრაზას: „შუშანაშვილს ბერძნული მედია „ქართული მაფიის გენერლად“ მოიხსენიებს, კრიმინალურ წრეებში კი მას „ლაშა რუსთავსკის“ სახელით იცნობენ“, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ბატონი იოსებ ნანობაშვილი 2019 წლის 14 ივნისის ინტერვიუს ამონარიდით ვუპასუხებ.

 

ბატონი იოსები ბრძანებდა: „… ადგილობრივი პრესა კრიმინალურ შემთხვევებზე, რომელშიც ქართველები მონაწილეობენ, ქართული მედიისგან იგებს და მასზე დაყრდნობით წერს.

 

ორგანიზებულ დანაშაულს არ აქვს ეროვნება. ეს ზოგადი პრობლემაა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ამ გამოწვევის დასამარცხებლად, თუმცა ამ პროცესმა არ უნდა დააზიანოს ჩვენი ქვეყნის იმიჯი საბერძნეთში და ჩვენი თანამოქალაქეების საცხოვრებელი პირობები“.

 

აქვე ვიტყვი, რომ საბერძნეთის სასამართლოთი, ნამდვილად არ ვარ აღფრთოვანებული. ღია სასამართლო სხდომა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესზე დასწრების უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს, საბერძნეთის სასამართლოში აღქმულია ისე, რომ სასამართლოს სხდომის ყველა დარბაზის კარი ღიაა.

 

სხდომის დროს, ვისაც უნდა შედის, ვისაც უნდა გადის. ფოიეში ყავის სმასთან ერთად, იქ მყოფი ადამიანები საკმაოდ ხმამაღლა საუბრობენ, რაც ხმაურს იწვევს.

 

ეს ხმაური სასამართლო სხდომის დარბაზებში ისმის, მაგრამ აღარ ისმის მოწმის, ბრალმდებლის, პროკურორის და მოსამართლის საუბარი.

 

მიკროფონი, რა თქმა უნდა, არ ფუნქციონირებს. მოსამართლეები (სამწევრიანი, ხუთწევრიანი სასამართლოებია) და პროკურორი, შემაღლებულ ადგილას, ერთ სივრცესა და სიბრტყეში სხედან და მთელი სხდომის განმავლობაში, ერთმანეთთან, მოურიდებლად საუბრობენ.

 

პირველი ინსტანციის (სამწევრიანი სასამართლო) მოსამართლეებისათვის მანტია არ არსებობს, სხდომის ოქმის აუდი-ვიდეო ჩაწერა ფანტაზიის დონეა.

 

სხდომის მდივანი, ხელით, საწერი კალმით წერს ოქმს.  სასამართლო სხდომის განრიგი არ არსებობს. პიროვნებას, სასამართლოს სხდომის თარიღი დანიშნული თუ აქვს, დილის 9 საათიდან, ადვოკატთან ერთად, სასამართლოში უნდა გამოცხადდეს და რიგში, მერამდენე იქნები, იქ გაარკვევ.

 

15 საათზე სასამართლო მუშაობას წყვეტს. სასამართლო სხდომები ამ დროს მთავრდება და 15:30 საათზე, სასამართლოში ვერავის ნახავ.

 

ივლის-აგვისტოში, სასამართლოს, ფაქტობრივად ყველა თანამშრომელი, შვებულებაში გადის. საქმის განხილვები აღარ იმართება. ვინმეს თუ დააკავებენ, მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების საკითხი იხილება.

 

მინდა აღვნიშნო, რომ ლაშა შუშანაშვილის მიმართ, როგორც კანონის სხვა მოთხოვნები არ ვრცელდება, სასამართლოს შვებულებაში ყოფნაც, მის მიმართ საქმის განხილვას ხელს არ „უშლის“.

 

მაგილითად, საექსტრადიციო საქმის განხილვა (საფრანგეთისათვის გადაცემის საკითხი) ივლის-აგვისტოში მიმდინარეობდა. სასამართლოს მთელ შენობაში, მხოლოდ ლაშა შუშანაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობდა.

 

უცნაურია, მაგრამ მის მიმართ ბრალდების საქმეებს სასამართლოს ის შემადგენლობა იხილავს, რომლის თავმჯდომარისათვის, პენსიამდე გასვლამდე, ეს ბოლო საქმეა ან თავმჯდომარე სხვა ქალაქში უნდა გადავიდეს ან დაწინაურება ელის. ყველა შემთხვევაში, ლაშა შუშანაშვილის მიმართ ბრალდების საქმე, დაკავებულ პოსტზე, მათი ბოლო საქმეა.

 

ასე მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, როდესაც თესსალონიკის პროკურორის უკანონო და აბსურდულ ბრალდებაზე, ასევე უკანონო და აბსურდული სასამართლო პროცესი წარიმართა.

 

2020 წლის 19 მარტს, როდესაც სასამართლომ განაჩენის სარეზულიციო ნაწილი გამოაცხადა, მთელ საბერძნეთში საყოველთაო კარანტინი იყო გამოცხადებული. ყველაფერს, მათ შორის სასამართლოს, მუშაობა შეწყვეტილი ჰქონდა.

 

საბერძნეთის მოქალაქეები, სპეციალური საშვებით, კვირაში ორჯერ, მხოლოდ, სუპერმარკეტებს, აფთიაქებსა და ბანკებს სტუმრობდნენ. საპატიმროებში ადვოკატებისა და საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების შესვლა აიკრძალა.

 

ასეთ ვითარებაში, მიუხედავად ლაშა შუშანაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, რაც სასამართლოსთვისა და ციხის ადმინისტრაციისათვის ცნობილი იყო, კოვიდის ვირუსით დაინფიცირების რისკისა და საფრთხის ქვეშ მყოფი ლაშა შუშნაშვილი, ფაქტობრივად, ცარიელ სასამართლოში მიიყვანეს და სასამართლომ განაჩენის სარეზულუციო ნაწილი გამოაცხადა.

 

საბერძნეთის კანონმდებლობის თანახმად, პირველი ინსტანციის განაჩენი კანონიერ ძალაში არ შედის და იქვე, სასამართლო დარბაზში, სამ წინადადებიანი განცხადებით, განაჩენს ასაჩივრებ.

 

დასაბუთებული განაჩენი, 2020 წლის 19 მრტიდან დღემდე, ლაშა შუშანაშვილსა და მის ადვოკატებს არ ჩაბარებიათ, თუმცა 19 მარტს, სასამართლო შემადგენლობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ  7-10 დღეში დასაბუთებულ განაჩენს მათ გადასცემდა.

 

ეს თავმჯდომარეც მათ რიცხვშია, სხვა ადგილას გადასვლისას, ბოლო საქმე, ლაშა შუშანაშვილის ბრალდების საქმე იყო. ამ მოსამართლემაც, რამდენიმე ქვეყნის უკანონობის დაკანონებაში, დაწინაურებას მიაღწია და დასაბუთებული განაჩენის დასაწერად როდის მოიცლის, არავინ იცის“, – აცხადებს ადვოკატი ნანა ფრიდონაშვილი.

 

 

ადვოკატი აპროტესტებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის „კანონიერ ქურდად“ მოხსენიებას და აღნიშნავს:

 

„ლაშა შუშანაშვილს, საქართველოში ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-1 მუხლით („კანონიერი ქურდობა“) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (ევროპის არც ერთი სხვა ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსი ამ მუხლს არ ცნობს).

 

საქართველოში, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის განხილვა თითქმის 9 წელიწადია მიმდინარეობს. საქართველოს სასამართლოს, საქართველოს სახელით, ბატონი შუშანაშვილის მიმართ, განაჩენი დღემდე არ დაუდგენია. ე.ი. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ბატონმა ლაშა შუშანაშვილმა „კანონიერი ქურდობა“ ჩაიდინა, არ არსებობს.

 

შესაბამისად, იგი უდანაშაულოა და ბატონი შუშანაშვილის „კანონიერ ქურდად“ მოხსენიება, როგორც საქართველოში, ასევე ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის, საბერძნეთის რესპუბლიკაში, უდანაშაულობის  პრეზუმფციის ცალსახა დარღვევაა“.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები