18:29 | 2020-06-12 ავტორი: მარი ჯაფარიძე

Exclusive: მშობლებმა მატერიალური სიდუხჭირის გამო გამყიდეს, ახლა ძმას ვეძებ

Exclusive: მშობლებმა მატერიალური სიდუხჭირის გამო გამყიდეს, ახლა ძმას ვეძებ

ნათია ჩოხელი საბუთების მიხედვით 1996 წლის 13 მარტსაა დაბადებული, თუმცა შესაძლოა, თარიღი ზუსტი არ იყოს.

 

ნათია „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ სამშობიაროდან გაშვილდა 800 მანეთად, დედისა და მამის თანხმობით.

 

– მაქვს ინფორმაცია, რომ მყავს ძმა, 2 წლით უფროსი. ბიოლოგიური დედის სახელი და გვარია ნონა კვირიკაშვილი, მამა კი ქოქაშვილია.

 

ძალზე მწირი ინფორმაცია მაქვს ბიოლოგიურ მშობლებზე. კიდევ ვიცი ის, რომ ისინი კახეთიდან ყოფილან.

 

თურმე ჩემი ძმაც უნდა გაეშვილებინათ და ერთ-ერთ ბებიას მოუკლავს თავი და არ გააშვილებინა. რა მდგომარეობა ჰქონდათ, რა პრობლემები და რატომ გამაშვილეს, არ ვიცი.

 

სამშობიაროში ჩემს სანახავად რამდენიმე ადამიანი მოსულა – ჩემი გამზრდელი დედა, ბებია, დეიდა და ბიცოლა. იქ უკითხავს ბიოლოგიურ დედას, რომელი აპირებთ შვილად აყვანასო? ამათ უთქვამთ, მაგას მნიშვნელობა არა აქვსო და ასევე მოატყუეს, რომ მივყავდი დასავლეთში. ალბათ იმიტომ, რომ ბიოლოგიური მშობლებისთვის კვალი აერიათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩემს მოძებნას გადაწყვეტდნენ.

 

დედა სიმსივნით დაავადდა. იმ პერიოდში სასწრაფოს ვიძახებდი ხოლმე ხშირად. ერთხელაც ექიმმა ჰკითხა, შვილი გყავს გაჩენილიო? დედამ თავი გაუქნია უარის ნიშნად. მე ვერ დამინახეს, იქ რომ ვიდექი, არა და ყველაფერი დავინახე.

 

ამის მერე გამიჩნდა ეჭვი და დავიწყე გამოკითხვა. ასე გავიგე 14 წლისამ, რომ ნაშვილები ვიყავი. შემდეგ დედა გარდაიცვალა და დამრჩა მხოლოდ მამა. საუცხოო ოჯახში გავიზარდე, ძალიან კარგ ადამიანებთან მოვხვდი, თან მყვებოდნენ შეძენილი მშობლები. საუცხოოდ ვგრძნობ თავს ამ ოჯახში, მაგრამ ძალიან მინდა ძმის პოვნა.

 

სოციალური ქსელით ვცადე ბიოლოგიური ოჯახის მოძებნა, მაგრამ ვერ მივაგენი.

 

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მინდა თუ არა ბიოლოგიურ მშობლებთან ურთიერთობა, რადგან ეს დამოკიდებული იქნება ბევრ რამეზე, მაგრამ ძმის პოვნა ოცნებად გადამექცა.

 

როცა ნათესავებს ამ თემაზე ველაპარაკები, ძალიან ნერვიულობენ. ჰგონიათ, რომ მომატყუებს ბიოლოგიური დედა და არ უნდათ, რომ მასთან ვიურთიერთო.

 

– იქნებ ჯობდა, თავიდანვე ეთქვათ, რომ ნაშვილები ხართ?

 

– სიმართლე გითხრათ, მერჩივნა, საერთოდ არ გამეგო არასოდეს ეს ამბავი, რადგან ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ძალიან ზრუნავდნენ ჩემზე, ვუყვარდი და თბილად მექცეოდნენ. იმის გაგება, რომ მე მათი შვილი არ ვიყავი, იყო ძალიან დიდი სტრესი.

 

როცა სხვების ურთიერთობას ვუყურებ თავის და-ძმებთან, უფრო მწყდება გული და ძმის მოძებნა მინდება. მე 2 შვილი მყავს და რაც დედა გავხდი, უფრო მიკვირს, ვერ ვხვდები, შვილი ასე როგორ უნდა გაიმეტო?

 

იქნებ ჩემთვის ჯობდა კიდეც, რომ გამაშვილეს, რადგან როგორც გავიგე, თბილისში ვაგონში უცხოვრიათ ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს და ალბათ მატერიალური სიდუხჭირის გამო გამყიდეს, ამით კი თავისი მატერიალური მდგომარეობაც გაიუმჯობესეს და მეც სიღარიბისთვის არ გამწირეს.

 

თუ ვინმეს ეცნობა ეს ამბავი ან ჩემი მშობლების ვინაობა, ძალიან ვთხოვ, გამომეხმაუროს და ძმის პოვნაში დამეხმაროს.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

X