23:14 | 2020-09-13 ავტორი: თამარ ბუჩუკური

Exclusive: ლევან გოგიჩაიშვილის „კლასტერი“ ფართოვდება – მის ერთ-ერთ კონტაქტს Covid19-ი დაუდასტურდა

Exclusive: ლევან გოგიჩაიშვილის „კლასტერი“ ფართოვდება – მის ერთ-ერთ კონტაქტს Covid19-ი დაუდასტურდა

პრაიმტაიმისთვის ცნობილი გახდა, რომ პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.

 

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ქალბატონს გუშინ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, ამიტომ ეპიდემიოლოგებმა მას PCR ტესტი გაუკეთეს და ტესტური კვლევის შედეგად, Covid19-ი დაუდასტურდა.

 

როგორც პარტიასთან დაახლოებული პირი აცხადებს, ამ ქალბატონის დაინფიცირება ამავე პარტიის ლიდერს ლევან გოგიჩაიშვილს უკავშირდება.

 

„პრაიმტაიმი“ პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსს“ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა. როგორც პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თამარ სანოძე აცხადებს, მათი პარტიის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დღეს აღმოაჩნდა.

 

მისი თქმით, სწორედ ახლა, ინფიცირებული ქალბატონის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

 

„ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ანალიზი გუშინ აუღეს და პასუხი დღეს გახდა ცნობილი.

 

ამ ეტაპზე ის ცოტა ხნის წინ, კლინიკაში გადაიყვანეს, კონტაქტების სია ახლა დგინდება. სავარაუდოდ, იგივე კონტაქტები ვიქნებით, რადგან სხვა ადამიანებთან შეხება არ ჰქონია და მონაწილეობა პარტიის ღონისძიებებში არ მიუღია, იქიდან გამომდინარე, რომ ლევან გოგიჩაიშვილის ინფიცირების შემდეგ, მას შეეძლო სხვების დაინფიცირება.

 

საბედნიეროდ, თავს კარგად გრძნობს. დაბალი სიცხე ჰქონდა, საჭიროდ ჩათვალეს ანალიზების აღება და ჩვენთვისაც პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.“ – აცხადებენ პარტიაში.

 

შეგახსენებთ, პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ ლიდერებს ლევან გოგიჩაიშვილსა და გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

 

ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 152-ია. 

 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 2227
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1369
  • მათ შორის გარდაცვლილი – 19
  • კარანტინის რეჟიმში – 5882
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X