09:46 | 2021-09-27 ავტორი: თამარ გონგაძე

Exclusive: “კაბას ვიხდი, ვიცვამ ხალათს და ოპერაციაზე შევდივარ. ჩვენი დანის ქვეშ მოხვედრა, ყველას უხარია” – საოცარი ისტორია მოძღვარზე, რომელიც ოპერაციებს გალობით აკეთებს

Exclusive: “კაბას ვიხდი, ვიცვამ ხალათს და ოპერაციაზე შევდივარ. ჩვენი დანის ქვეშ მოხვედრა, ყველას უხარია” – საოცარი ისტორია მოძღვარზე, რომელიც ოპერაციებს გალობით აკეთებს

ბევრი გინახავთ ანაფორაზე თეთრი ხალათი მოეცვას და ოპერაციაზე შესულიყოს? მე არ მახსენდება. წიგნის თუ ფილმის სიუჟეტს გავს.

 

სულის მკურნალი სხეულსაც რომ კურნავს, ეს უკვე ნამდვილი მისიაა…

 

ჩემი რესპონდენტი ლისიონის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ლუკა გახლავთ, საერო ცხოვრებაში, ლევან ფალავანდიშვილი. ტრავმატოლოგია. როცა ტაძარში არ არის, კლინიკაშია და – პირიქით.

 

ღვთის ნების გარეშე ხომ ფოთოლიც არ ვარდება ხიდან. ჩვენც დიდი შემოქმედის დრამატურგიას მივყვებით. ასე იწერება ჩვენი ბიოგრაფიაც…

 

 

ომამდე და ომის შემდეგ

 

ჯერ იყო თბილისის სანიტარული ინსპექცია, შემდეგ საბაჟო ტერმინალზე ჯანდაცვის განყოფილების უფროსის თანამდებობა. 2004 წელს ტრავმატოლოგიური კლინიკა. ცოტა მოგვიანებით კი, განყოფილების უფროსობა.

 

ლევანი 2008 წლის აგვისტოში, მეგობრებთან ერთად, ომში წავიდა, სამედიცინო ბატალიონის მეთაურმა, ლაშა ქოიავამ იხმო. ახალგაზრდა ექიმებს დაჭრილებისთვის უნდა მიეხედათ.

 

მამა ლუკა ფალავანდიშვილი: – ტყვიავში, სამედიცინო საველე ჰოსპიტალში ვიყავით, ცხელი ხაზიდან შემოყვანილ დაჭრილებს გორის ჰოსპიტალისთვის ვამზადებდით.

 

12 აგვისტომდე დავყავით ტყვიავში. ბოლო ბატალიონი, ვინც საომარი ტერიტორია დატოვა, ჩვენ ვიყავით. ჯარი უკვე გამოსული იყო…

 

ომიდან დაბრუნების შემდეგ მედიცინაზე უარი ვთქვი. თავს ბევრი ვებრძოლე, რომ ეს გადაწყვეტილება ომისთვის არ დამებრალებინა, თუმცა საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ჩემი ცხოვრების შეცვლა, ომმა განაპირობა.

 

ჩვენ ის თაობა ვართ, ბევრი რამ რომ აღარ აკვირვებს. სამოქალაქო ომიც გვინახავს, თბილისში სროლებით… შეიძლება აგვისტოს ომი ძალიან ხანმოკლე იყო, თუმცა ემოციურად და მორალურად, მძიმედ გადასატანი.

 

ექიმის თვალით დანახული ომი, კიდევ უფრო სხვაა. მეომრები თავიანთ საქმეს აკეთებენ, დაჭრილ მეგობარს ხედავენ, მაგრამ მისიის შესრულებას აგრძელებენ, მაგრამ ექიმის ხელში არა მხოლოდ ფიზიკურად დაზიანებული ჯარისკაცი ხვდება, არამედ ფსიქოლოგიური მდგომარეობითაც დამძიმებული.

 

რამდენიმე ადამიანმა ფსიქიკურად ვერ გაუძლო ომის სტრესს. ეს რთული საყურებელია…

 

საკუთარი შვილების ავტობუსი ხევში გადაჩეხილი ნახეს და ჩაბარებული 32 ბავშვის გამო, ვერც კი შეჩერდნენ - ხარებავების ოჯახის შემზარავი ამბები
2021-05-26საკუთარი შვილების ავტობუსი ხევში გადაჩეხილი ნახეს და ჩაბარებული 32 ბავშვის გამო, ვერც კი შეჩერდნენ - ხარებავების ოჯახის შემზარავი ამბები

 

მახსოვს, რომელიღაც ბატალიონის მეთაური მოიყვანეს. შთამბეჭდავი კაცი იყო, ფიზიკურადაც დიდი და ბატალიონში ბევრს უყვარდა და გულშემატკივრობდნენ. ჩვენთან გარდაცვლილებიც მოჰყავდათ და იქაც გარდაცვლილან, მაგრამ ამ კაცის გარდაცვლება ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. როგორც ჩანს, გმირულ საქმეებს ჩადიოდა, ბევრს შესტკიოდა მასზე გული და განსხვავებულად ჩამრჩა.

 

დღეს ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ობგაიძე ჩემთან ერთად იყო ტყვიავში. ის მძიმე დღეებიც ერთად გავიარეთ და იქიდან მოყოლებული ერთად მოვდივართ.

 

ფაქტად ვყვები, თორემ თავს ომგამოვლილად არ მივიჩნევ. მრცხვენია იმ ხალხის, ვინც მართლა ომი გამოიარა და იბრძოლა. ჩვენმა წინა თაობამ, თვეები და წლები გაატარეს ფრონტზე. ჩვენ საომარი ვითარება ვნახეთ და საკმაოდ დიდი კვალი დაგვიტოვა, როგორც ფსიქოლოგიურ ასპექტში, ასევე – საქმეში.

 

არის გამოთქმა, თუ გინდა გახდე კარგი ტრავმატოლოგი, უნდა გაჰყვე ჯარს.

 

ომი ხინჯად გვაქვს. ამას ვერ დაივიწყებ.

 

 

ომიდან დაბრუნებულს თეთრი ხალათისკენ არ გაუხედავს. ექიმად მუშაობის გაგრძელებას ვერ ახერხებდა.

 

და ომში დაღდასმული სულის მკურნალობას გალობით შეუდგა. მისმა ბავშვობის მეგობრებმა იციან, რომ მამა ლუკა გალობდა სტუდენტობის პერიოდიდან. 90-იანი წლების ბოლოს სვიმონ ჯანგულაშვილთან, გიორგი უშიკიშვილთან, გიორგი დონაძესთან, ლუარსაბ ტოგონიძესთან, არჩილ ცანკაშვილთან ერთად…

 

მოძღვარი, რომელსაც ზამთარში მოხუცებისთვის საკვები პირადად მიჰქონდა, ახლა მოზარდებზე ასე ზრუნავს - ბავშვი ტაძარში „ვინმეს ხათრით“ არ უნდა დადიოდეს
2021-04-26მოძღვარი, რომელსაც ზამთარში მოხუცებისთვის საკვები პირადად მიჰქონდა, ახლა მოზარდებზე ასე ზრუნავს - ბავშვი ტაძარში „ვინმეს ხათრით“ არ უნდა დადიოდეს

 

მამა ლუკა: – სიონში ვგალობდით. შემდეგ ჩვენს გუნდს “სამების გუნდი” დაერქვა.

 

ფოლკოლორის ცენტრში მეგობრებს ვეხმარებოდი. ვმონაწილეობდი ქართული საგალობლების მოძიებაში, მათი ხელნაწერი ნოტების გამოტანა-ფოტოგრაფირება, შეგროვებასა და წიგნად გამოცემაში…

 

19 წლისამ უკვე ოჯახი შევქმენი. თუმცა რამდენიმე წელიწადში დაინგრა. მონასტერში წასვლაზე კი დიდი ხანია ვფიქრობდი. ჩემში ყოველთვის იყო მონაზვნური სურვილები. მონასტერში ცხოვრების შესახებ ბევრ ლიტერატურას ვკითხულობდი. მიზიდავდა…

 

მონასტერი

 

2009 წელს მონასტერში წავიდა. წავიდა ისე, რომ სახლში არავისთვის უთქვამს, დასარჩენად მივდივარო. პირდაპირ ადგა და უფლის გზას დაადგა. მარტყოფის ყოველთა წმინდათა მამა მონასტერში მივიდა და დარჩა…

 

მამა ლუკა: – მიცნობდა უწმინდესი, სამების დასში ვგალობდი. სხვადასხვა ტაძრების გახსნაზე მისულ მგალობლებს სასულიერო პირებიც გვიცნობდნენ. ამდენად, იქ მისული უცხო არ ვიყავი. ამ მონასტერშიც მიცნობდნენ…

 

და ორ წელიწადში ბერად აღვიკვეცე. მერე, სამებაში დიაკვანი დასჭირდათ. წამიყვანეს და სამებაში უწმინდესმა დიაკვნად მაკურთხა.

 

 

სნოში, ყაზბეგში, ან რომელიმე ქალაქში, იქაური ტაძრის დღესასწაულზე გვიხდებოდა ჩასვლა… ერთხელაც, ჯერ კიდევ 2002 წელს (ცოლს ჯერ არ ვიყავი გაშორებული), რამდენიმე მგალობელი ვიყავით და უწმინდესმა, პირად საუბარში მითხრა, შენი მანტია უკვდავიაო.

 

მაშინ ვერ მივხვდი, მან ჩემი სურვილიც არ იცოდა, თუმცა ფაქტობრივად, მიმანიშნა, შენ უნდა იყო ბერმონაზონი და საამისოდ მოემზადეო. აღმოჩნდა, ისე, რომ შვიდ წელიწადში, მისი ეს ნათქვამი ახდა და მე ამ გზას დავადექი.

 

რვათვიანი დიაკვნობის შემდეგ, უკვე 2012 წელს, მღვდლად მაკურთხა.

 

 

ლისში ღვთის ანაბარა დარჩენილი, მეცხრამეტე საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის აღდგენა და მისი წინამძღვრობა მამა ლუკას დაევალა. უწმინდესის კურთხევით, უნდა შეკრებილიყო საძმო და აღედგინათ ტაძარი.

 

მამა ლუკა: – სამებიდან მე და მამა გრიგოლი წამოვედით და პატრიარქის ლოცვა-კურთხევა შევასრულეთ. დღეს უკვე ექვსი სასულიერო პირი ვართ საძმოში. და ამ ტაძრის ეზოში, კიდევ ახალ ტაძარს ვაშენებთ. სოფელში კიდევ სხვა ორი ტაძარი ავაგეთ. ამ საქმეში მეხმარება ყველა, ვინც ჩემს მეგობრად თვლის თავს. მათ გამოჩენა არ სურთ, ამიტომ ვერავის დავასახელებ…

 

ლისიონის მონასტრის წინამძღვარი და ტრავმატოლოგი

 

მამა ლუკას მრევლი არა მხოლოდ ლისის მოსახლეობაა, არამედ სულიერი შვილები თბილისიდანაც ჩადიან მასთან. ტექნიკურ უნივერსიტეტში თეოლოგიის კურსს კითხულობს.

 

სულიერ გზაზე შედგომამ რომ დაამშვიდა და თავი “სახლში” აგრძნობინა, შემდეგ დაფიქრდა, რომ ღვთის მიერ ბოძებულ ნიჭს გამოყენება სჭირდებოდა. და ბოლო ორი წელია, მოძღვარი ლუკა ისევ ტრავმატოლოგია.

 

 

მამა ლუკა: – ადამიანს რა ნიჭიც მიეცემა, იმის დაკარგვა და გაფლანგვა, არაფრით შეიძლება. ისევ მომინდა, რომ დავბრუნებოდი საქმეს და ადამიანებს ფიზიკურადაც დავმხარებოდი.

 

მადლობა ღმერთს, გამოჩნდა დრო ჩემს ცხოვრებაში, რამაც საყვარელი საქმის გაგრძელების საშუალება მომცა. დავეკითხე უწმინდესს, იდეა მოეწონა და მკითხა, ხომ შეძლებო? შემდეგ კონსულტაცია გავიარე კოლეგებთან.

 

დაკარგული წლების აღდგენა რთული ყოფილა. თითქმის თავიდან და ნულიდან დავიწყე ეს საქმე. ჯერ კიდევ პროფესიის აღდგენაში ვარ.

 

მოძღვარი რომ საოპერაციოში შედის, არაორდინალური ფაქტია და არის ხუმრობებიც.

 

ერთხელ, ბიჭები სხედან და პაციენტს ოპერაციის წინ უხსნიან, კონკრეტული ოპერაციის რისკებს, რომ შეიძლება განვითარდეს თრომბი და ა.შ. მაგრამო, ეუბნებიან, ჩვენ ამის საწინააღმდეგოდ გვაქვს შესაბიმისი საშუალება, რითიც მას დავძლევთ. ყველაფრისთვის მზად ვართო. და ამ დროს კარს ვაღებ და შევდივარ ანაფორით და თეთრი ხალათით. ამ კაცმა შემომხედა და თქვა, თქვენ მართლა ყველაფრისთვის მზად ყოფილხართო.

 

 

ბევრ პაციენტს შვება აქვს მე რომ იქ მხედავს, საოპერაციოში. კაბას ვიხდი, ვიცვამ საოპერაციო ხალათს და როდესაც მზადყოფნაში მხედავენ, სიმშვიდე ეუფლებათ. საოპერაციოში არის ხალისი. საოპერაციოში გვიწევს სიმღერა, გალობა… ახლობლებისგან მიდის ხუმრობები, ბარემ მგალობელიც აქ ხართ, მღვდელიც აქ ხართ, ხომ არ გამოულოცავთო. ჩვენი დანის ქვეშ მოხვედრა ყველას უხარია. ეს ის გუნდია, რომელიც ყველაფრისთვის მზადაა.

 

მე ოპერაციებზე ვდგავარ როგორც ასისტენტი. ჯერ პასუხისმგებელი ექიმი არ ვარ.

 

შესვლამდე გულში ლოცვებს ვამბობ, ეს იციან ჩემი გუნდის წევრებმა, ექიმებმა და როგორც მითხრეს, თვითონაც მშვიდად არიან ოპერაციის გაკეთებისას. ისინი ისედაც პროფესიონალები არიან, თუმცა სულიერი გვერდში დგომა სჭირდება ყველას.

 

სურვილი მაქვს, ადამიანებს გვერდში დავუდგე სულიერადაც და ფიზიკურადაც. რამდენად შევძელი მისიის შესრულება, იქ მეტყვიან, ზევით, როცა მოვხვდები…

 

 

წმინდა ლუკა

 

მამა ლუკა: – მე მყავს კუმირი, რომელიც ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. თუ შეიძლება წმინდანზე კუმირის წოდება, ის ჩემთვის წმინდა ლუკაა. მეორე მსოფლიო ომის დროს ეპისკოპოსი იყო და თან ქირურგიც. ცნობილია, როგორც ლუკა ყაზანელი. ტოტალიტარულ რეჟიმს მისი დახვრეტა სურდა, დაიჭირეს, გადაასახლეს, წვერიც გაპარსეს.

 

ბევრჯერ უნდოდათ დახვრეტა, მაგრამ იმდენად დიდი ქირურგი იყო (ომის დროს მისი ძალიან დიდი საჭიროება იდგა), ვერ მოიშორეს.

 

მატარებელი ჰყავდა და საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დადიოდა, თუკი ვინმეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა, ჩასვმდა მატარებელში და ოპერაციას უკეთებდა. აზიარებდა ავადმყოფებს. ერთ ბიჭს ტრაქტორის მიერ მოჭრილი ხელები მიაკერა, შემდეგ ის პიანისტი გახდა. ისეთ რამეებს აკეთებდა, არც მხოლოდ ექიმს რომ არ ძალუძს და არც მხოლოდ მღვდელს შეუძლია.

 

ერთ ფაქტს მოვყვები: როდესაც ბერად უნდა აღვკვეცილიყავი, ჩემსკენ მომავალი მეუფე გზად ფიქრობდა, რა დავარქვაო. მამა დემეტრე, რომელიც ასევე ჩემთან, ცალკე მოდიოდა, ისიც თავისთვის ფიქრობდა, ნეტა, ბერად აღკვეცის შემდეგ რას დაარქმევენო? საჩუქრად წმინდა ლუკას ნაწილი მოჰქონდა. და როდესაც ორივე მოვიდნენ და მეუფემ აღკვეცის რიტუალი დაიწყო, გადაწყვიტეს, რომ ლუკა დაერქმიათ ჩემთვის. სხვათა შორის, ლუკა მახარებელიც ექიმი იყო…

 

შვილი

 

მამა ლუკას ჰყავს ქალიშვილი, ანა ფალავანდიშვილი, რომელიც კონსერვატორიაში სწავლობს, მომავალი ოპერის მომღერალია. ანას პედაგოგობას და მეურვეობას უწევს საქვეყნოდ ცნობილი ბანი, პაატა ბურჭულაძე, რომელიც ანას ბაბუაა (ბებიის ძმაა). პერიოდულად, გოგონა, ბერლინში მასთან ჩადის და ბაბუის მასტერკლასებს ესწრება…

 

 

მამა ლუკა: – გარდა სულიერი შვილებისა, რომელიც ღმერთმა სამწმყსოდ მომაბარა, მყავს ხორციელი შვილი, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით მიყვარს.

 

ანა ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანია, რაც კი საერო ცხოვრებაში მქონია. უდიდეს ძალას და სტიმულს მაძლევს. მაძლევს ენერგიას, რომ ვიყო, თუნდაც მისთვის სამაგალითო.

 

ვარ მონასტერში და მაქვს კიდევ ის პასუხისმგებლობა, რომ გავზარდო შვილი ისე, რომ სული გადავურჩინო.

 

მუსიკა მისი მამოძრავებელი ძალაა. სულისკვეთებას აძლევს, რომ უხაროდეს ცხოვრება. მე ეს მიხარია. თუ მისი სურვილი, გადაწყვეტილება და მონდომება იქნება, ოპერის მომღერალი გამოვა…

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X