18:25 | 2021-10-12 ავტორი: თამარ გონგაძე

Exclusive: “იცოდა, რომ ბუბა მის გარეშე ვერ გაძლებდა. ირა ის ქალი იყო, რომელსაც ვერ მიატოვებდი…” – ნანი ბრეგვაძე მეგობარს, ირინა ქებაძეს იხსენებს

Exclusive: “იცოდა, რომ ბუბა მის გარეშე ვერ გაძლებდა. ირა ის ქალი იყო, რომელსაც ვერ მიატოვებდი…” – ნანი ბრეგვაძე მეგობარს, ირინა ქებაძეს იხსენებს

გუშინ, 11 ოქტომბერს, ბალერინა ირინა ქებაძე გარდაიცვალა, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის მეუღლე.

 

ჭკვიან და დიპლომატ ქალად ახასიათებენ. 55 წლიანი ოჯახის საიდუმლოდაც, ამას მიიჩნევენ. ხმაურიანი კარიერის მქონე კიკაბიძის გვერდით ცხოვრება, ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა. ფაქტია, ირინამ, არტისტის ავანტიურებითა და ბობოქარი პასაჟებით სავსე ცხოვრებას, გაუძლო.

 

როგორც ნანი ბრეგვაძე გვიყვება, ირა ის ქალი არ იყო, რომელსაც ტოვებენ და მისგან მიდიან. მან ეს კარგად იცოდაო.

 

კარიერის პარალელურად, ბალერინამ ორი ოჯახის შექმნა მოასწრო. პირველი ქმარი, სახალხო არტისტი, გურამ საღარაძე იყო, რომელთანაც ქალიშვილი, მარინა საღარაძე გაუჩნდა, ბუბასგან კი ვაჟი, კონსტანტინე ჰყავს.

 

ირინას და ბუბას ვაჟი, წლებია, ტორონტოში ცხოვრობს. როგორც ქალბატონი ნანი გვიყვება, კონსტანტინე, ბოლო წლებში ჯანმრთელობაშერყეულ დედას, თან გადაჰყვა.

 

ქართული სცენის ლეგენდა, თავისი მეგობარს, “პრაიმტაიმთან” იხსენებს.

 

 

ნანი ბრეგვაძე: – გუშინ რომ დამირეკეს და ეს ამბავი მითხრეს, მაშინვე მინდოდა სამძიმარზე მისვლა, მაგრამ ტელეფონზე მარინამ მითხრა, ჩვენ ახლა ისეთ დღეში ვართ, ჯობია, სხვა დროს მოხვიდე, როდესაც მოახერხებო. ბუბა დამალაპარაკა, ნანუო, მომატირა…

 

ძალიან დიდი მეგობარი დავკარგე. ვერც წარმოიდგენთ, როგორი იშვიათი ადამიანი იყო. რამეზე რომ გავბრაზდებოდი და ბუბაზე საყვედურს ვეტყოდი, ქმართან ერთხელაც არ წამოცდენია, ნანიმ ასე მითხრა შენზეო. უკეთილშობილესი ადამიანი იყო.

 

ბევრი და გადასარევი მეგობრები მყავდნენ, მათ შორის, მოწინავე ადგილი ეჭირა ირინას. გეფიცებით, ჩემს ცხოვრებაში, ის იყო საუნჯე. მისთვისაც ჯუგა გუდიაშვილის შემდეგ, მე ვიყავი უახლოესი მეგობარი.

 

 

როდესაც ბუბაზე და ირაზე მეკითხებოდნენ, მაშინვე ირას დიდუბულება ამოტივტივდებოდა.

 

ბუბას მოსკოვში ჰყავდა დირექტორი, მომღერალი ვალერია და მას აქვს ნათქვამი ჩემთვის, ასეთ ჭკვიან ქალს იშვიათად შევხვედრივარო.

 

სიტუაციების უბადლო დამლაგებელი გახლდათ.

 

განგებას შევთხოვ, პირველი მე გარდავიცვალო - რას ამბობდა ბუბა კიკაბიძე მეუღლეზე
2021-10-11განგებას შევთხოვ, პირველი მე გარდავიცვალო - რას ამბობდა ბუბა კიკაბიძე მეუღლეზე

 

“ორერას” პერიოდში, მე და ირინა, ხუთი წელი, მოსკოვში, ერთ ნომერში ვცხოვრობდით. ბუბა სულ გადაღებებზე იყო.

 

მე ნოსტალგიის ძლიერი შემოტევა მქონდა და ირინამ გადამატანინა. განცდებში ვიყავი. მერე ჩემზე ამბობდნენ, მოგზაურობა არ უყვარსო. როგორ არ მიყვარს, მაგრამ ოჯახი, ახლობლები და სამშობლო მენატრებოდა. ძალიან განვიცდიდი. ეს “ორერას” ბიჭებმა კარგად იცოდნენ.

 

თუ იყო საშუალება, განსტროლებზე სულ დამყავდა ჯერ ეკა, შემდეგ შვილიშვილები, დედა.

 

როდესაც საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მომანიჭეს, გასტროლების დროს, დიდ ქალაქებში აპარტამენტებს მაძლევდნენ. ეს იმიტომ გავიხსენე, რომ ირა, ნოსტალგიური შემოტევების დროს, ზალიან დამეხმარა. მამხნევებდა – ნუ აქცევ ყურადღებას, ეს უნდა გაიარო, გადაიტანოო, მეუბნებოდა. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ცხოვრებისადმი.

 

 

იცით, რა სიცოცხლით სავსე იყო?! ყველაფერს ასწრებდა ეს პატარა ქალი. მოგეხსენებათ, ბალერინა იყო. სახასიათო როლებს აძლევდნენ. მახსოვს, “ექიმ აიბოლიტში” ისეთი კარგი იყო…

 

“ორერას” ზურა იაშვილი გიჟდებოდა ბალერინებზე. ქუჩაში რომ დაინახავდა, მისდევდა. ბალერინების ავადმყოფობა ჰქონდა (იცინის). სანამ ირას დავუმეგრდებოდი, მას ვეკითხებოდი, როგორი გოგოა ირა-მეთქი და ზურა აღფრთოვანებით მეუბნებოდა, ნანი, არაჩვეულებრივი ქალიაო.

ზურა და ბუბა სულ ჩემს გვერდით იყვნენ.

 

იმ წლებში, როდესაც მოსკოვში ჩემი შვილიშვილის გამო ვცხოვრობდი (ცუდი პერიოდი არ იყო, კონცერტებიც მქონდა), მაგრამ მეგონა, რომ გადამასახლეს, სულ ვტიროდი. შვილიშვილი იქ მყავდა, მაგრამ აქ მინდოდა. ავადმყოფურად მიყვარს ჩემი ქვეყანა. ამიტომ ვერ დავრჩი. მორალურად ცუდად ვიქნებოდი. ბუბას, იცით, რამდენჯერ შესთავაზეს მოსკოვში დარჩენა? რა მინდა იქო, ამბობდა. დღეს ვინც ემიგრაციაშია, ვიცი, რომ იძულებით არიან წასულნი.

 

 

არაჩვეულებრივი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ. ბუბა ისეთი პოპულარული იყო და ისეთი შარმი ჰქონდა, ვინ გააჩერებდა? მასზე ქალები ჭკუას კარგავდნენ. მაგრამ ირინას იმდენი ჭკუა ჰქონდა, რომ არ ეეჭვიანა. ისე წაიყვანა ურთიერთობა, რომ ბუბას გახსნილად ალაპარაკებდა და მერე, ან იმ ქალს იცავდა, ან ისხდნენ და ერთად იცინოდნენ. მიყვებოდა, ბუბა რომ მეტყვის ვიღაც ქალზე, მეცოდებაო, იმ წუთას ვხვდები, რომ იქ “რაღაცაში” იყო საქმეო. თან იცინოდა ირა და მეუბნებოდა, მთავარია, ზღვარს არ გადავიდეს ეს გართობა, თორემ როგორ დავუშლიო. ბუბას ირინასგან დიდი თავისუფლება ჰქონდა. რადგან იცოდა, რომ ბუბა მის გარეშე ვერ გაძლებდა. ირინა ის ქალი იყო, რომელსაც ვერ მიატოვებდი.

 

მე ბუბას პირშიც ვეუბნები, თუ რამ კარგი აქვს გაკეთებული, ეს ირას დამსახურებაა. თუ რამ შეცდომა აქვს დაშვებული, ეს მაშინ, როდესაც მის გვერდით ირა არ იყო…

 

ბუბა და ირინა ვაჟთან ერთად

 

მათი ვაჟი, კოკა კანადაშია. გადაჰყვა დედას. თურმე, ირას პარკინსონის ერთ-ერთი სახეობა ჰქონდა. არ კანკალებდა. ჯერ გონება ეკარგებოდა. რაღაცები ავიწყდებაო, ბუბა მეუბნებოდა. ირა ძალიან წუხდა ამაზე. მისი ტვინი სულ დაკავებული იყო და ეს “ღალატი” დიდ დისკომფორტს უქმნიდა. ტვინის ღალატი როგორია?

 

ხშირად ვრეკავდი, ვკითხულობდი. მარინას ველაპარაკებოდი. მეუბნებოდა, რომ ბოლოს უკვე გონება ჰქონდა გათიშული…

 

ბუბაც ძლივს არის, თუმცა ისეთი შინაგანი ძალა აქვს, ძალიან ძლიერია. ამას წინათ უკრაინაში იყო. იმღერა და წამოვიდა. არა, გიჟია! უკონცერტოდ ვერ ძლებს. ირას ვეუბნებოდი, რა დროს მაგის გასტროლებია-მეთქი. ნანი, ეგ რომ ავუკრძალო, მოკვდებაო, მითხრა.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X