21:31 | 2020-07-28 ავტორი: თამარ გონგაძე

Exclusive: ისე მციოდა, კადრს მიღმა ვიგინებოდი – როგორ ცხოვრობს დღეს “დურუ ხუნჭუა”

Exclusive: ისე მციოდა, კადრს მიღმა ვიგინებოდი – როგორ ცხოვრობს დღეს “დურუ ხუნჭუა”

ცოტა ხნის წინ 80 წლის გოვენ ჭეიშვილი გარდაიცვალა, “რეკორდის” მილიციელი ღინტუ. ყველას მისი ეს გმირი გაახსენდა.

 

ჩეხი მწერლის, კარელ ჩაპეკის მოთხრობის მიხედვით 1974 წელს გადაღებული ფილმი, ყანჩელის საოცრად ამყოლი მუსიკით დღემდე ღიმილის მომგვრელია.

 

რამდენიმე თვის წინ “პრაიმტაიმმა” გაიხსენა და ჩაწერა ჯოტია ცაავას როლის შემსრულებელიც, კობა ღვინიაშვილი, რომელიც დიდი ხანია “საზოგადოებრივი მაუწყებლის” თანამშრომელია. სახასიათო სახე აქვს შექმნილი მანუჩარ შერვაშიძესაც, რომლის დურუ ხუნჭუას შეგინებას “ბრალდება” რეკორდი.

 

“დურუს” 27 მაისს 90 წელი შეუსრულდა. “რიხინ-რიხინით მოვიდა 90 წელი, მალე. მშვიდი ცხოვრება არც მქონიაო”, – “პრაიმტაიმს” თავისი ცხოვრების ყველა ეტაპზე უამბობს კოლორიტი ბათუმელი, სახალხო არტისტი მანუჩარ შერვაშიძე.

 

No description available.

 

ლილი იოსელიანმა „სცენის ხულიგანი“ შეარქვა. მსახიობი თავის კუმირად გიორგი შავგულიძეს ასახელებს. გიგა ლორთქიფანიძემ მარჯანიშვილის თეატრში დადგმული “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” ბათუმის თეატრში რომ ჩამოიტანა, მანუჩარს ილარიონის როლი მისცეს. ეს როლი მსახიობისთვის დღემდე დაუვიწყარია. ის ერთ-ერთია იმ მცირეთაგან, ვინც ამავე ნაწარმოების ეკრანიზაციას იწუნებს და ამბობს, რომ ფილმში ნოდარ დუმბაძის იუმორი დაკარგულიაო.

 

120 თეატრალური როლი, 25-მდე კინოროლი, ხალხის სიყვარული და ვარსკვლავი ბათუმის თეატრის წინ, 90 წელიწადისთვის ცოტა არ არის.

 

სცენაზე და კინოზე უარს ამბობს, ვიღლებიო. ენატრება ძველი ბათუმი და ბათუმელები. ცხოვრობს საყვარელ მეუღლესთან, ასევე მსახიობ ნინო საკანდელიძესთან ერთად, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების სიყვარულში დამტკბარი. ტყიბულის რაიონში დაბადებული მსახიობი “პრაიმტაიმის” მკითხველისთვის დეტალურად იხსენებს თავის ცხოვრებას.

 

ბავშვობა

 

მანუჩარ შერვაშიძე: – 1930 წელს ვარ დაბადებული. შვიდი წლის რომ გავხდი, რეპრესიები დაიწო. თბილისში არ დავბადებულვარ, თუმცა სოლოლაკში გავიზარდე და ბერია კარგად მახსოვს. ბერიას სახლისკენ ხალხი ვერ დადიოდა. ერთი მანქანა ჩაივლიდა მხოლოდ, ბერიასი, მარტო, დაცვის გარეშე მოძრაობდა.

 

მამა ეკონომისტი მყავდა, დედა – დიასახლისი. აფხაზი მთავრების, გიორგი და ლევან შერვაშიძეების შთამომავალი ვარ. მამა წამოვიდა აფხაზეთიდან და ქუთაისში გაიცნო დედა, რომელიც ძაფსართავ ფაბრიკაში მუშაობდა. შეუღლდენენ და ოთხი ძმა გაგვაჩინეს. მე ყველაზე უფროსი ვარ, დღეს არც ერთი ძმა არ მყავს ცოცხალი…

 

მამა კახეთში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში ეკონომისტად გადაიყვანეს. იქ ალიზის პატარა სახლი ააშენა. ეზო გვქონდა.

 

მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, 11 წლის ვიყავი. მამა პირველ ნაკადში გაიწვიეს. ძალიან კოხტა კაცი იყო. კარგად ჩაცმა უყვარდა. როგორ მახსოვს, ომში წასვლამდე როგორ გვეფერა და გვკოცნა, აბა, ბიჭებო, თქვენ იცითო. გადავიდა ჭიშკარში, საბოლოოდ გადაგვეხვია და წავიდა. ჩვენ ვუყურებდით ომში მიმავალ მამას… ისე მოეფარა თვალს, უკან არ მოუხედია. მერე, როცა წამოვიზარდეთ, მივხვდით, რატომ ერთხელაც არ მოგვიხედა. ალბათ, ტიროდა და ცრემლი არ დაგვანახა.

 

ისეთი პატრიოტული გრძნობები გაგვაჩნდა, რომ 11-12 წლის ლაწირაკებმა ავიღეთ ზოგმა დანა, ზოგმა თოფი და ჩვენი ჭკუით ფრონტზე წავედით. ქუთაისში დაგვიჭირეს, გვცემეს და უკან დაგვაბრუნეს.
სკოლაში სცენარს ვწერდით ომზე და ვდგამდით წარმოდგენებს. გერმანელებს ვხოცავდით.

 

ნიჭიერი, მაგრამ უიღბლო -
2020-05-20ნიჭიერი, მაგრამ უიღბლო - "ბაბულა" 70 წლის გახდა

 

ფიზიკურად ვშრომობდით. დედაჩემის სოფლიდან, მუხურადან ტყიბულამდე 16 კილომეტრი იყო. მახსოვს, მე და ჩემი ძმა, ზესტაფონში სიმინდის საყიდლად მივდიოდით. ერთი ფუთი სიმინდი ვიყიდეთ. მატარებელში უბილეთოდ ვინ აგვიშვებდა. დაძრულ მატარებელს შევახტით. ღამე იყო და ქამრები შემოვირტყით, რომ არ გადავცვენილიყავით. ჩავედით ტყიბულში, ნახევარ-ნახევარი ფუთი სიმინდი მოვიგდეთ ზურგზე და მივიტანეთ სახლში.

 

მახსოვს, დედას ორი ოქროს კბილი ჰქონდა, ჩამოიღო, წავიდა სამეგრელოში და სიმინდზე გადაცვალა.

 

ისეთი პერიოდი გამოვიარეთ, ისეთი გაჭირვებული, რომ პირველი ქურდი მე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ დედამ ისე პატიოსნად გაგვზარდა, ძმებს ხელი არ წაგვიწევია არაფერზე.

 

1943 წლამდე ვიღებდით მამის წერილებს. საბოლოოდ, ქერჩში დაიღუპა. ვნახე, ფილმი გადაუღიათ ქერჩში დაღუპულებზე. ნავებით რომ გადადიოდნენ, დაბომბეს გერმანელებმა და წყალში ჩაყრილი გვამები არავის დაუკრძალავს… უამრავი ქართველი… დარჩა დედა ოთხი შვილის ამარა.

 

კახეთში თამბაქო მოგვყავდა, ვაცვამდით თოკზე გასაშრობად. გაზეთილები ვიყავით. დედა წყალს გააცხელებდა, ჩაგვყრიდა წყალში და გვბანდა.

 

რაც შეეხება სკოლას. ქუთაისის პირველ გიმნაზიაში შემიყვანა დედამ. მეორე და მესამე კლასი მუხურაში ვისწავლე. მეოთხე-მეხუთე კლასი აფენში, მეექვსე-მეშვიდე კლასი ზესტაფონში, ხოლო მერვე-მეცხრე კლასი თბილისის პირველ სკოლაში ვსწავლობდი. აი, სად დავამთავრე სკოლა ეგ აღარ მახსოვს. მგონი ჭიათურაში დავამთავრე (იცინის). ვხუმრობ ხოლმე, პირველ კლასში რვეული რომ გავიკეთე ქამარში, ისე დავამთავრე სკოლა-მეთქი. მე და ჩემმა ძმამ, ბორიამ ერთად დავამთავრეთ, მე ერთი წელი გამოვტოვე, ავად ვიყავი და ჩემ ძმასთან ერთად მომიხდა ატესტატის აღება.

 

კინოა აბა, რა არის. დედა ოთხივეს ჩამოგვივლიდა, მსხვილი ძაფით გაგვიზომავდა სიმაღლეს. მერე ამ ძაფებს დაჭრიდა, თაფლის სანთლებს გააკეთებდა და ეკლესიაში ჩვენს სახელზე ანთებდა…

 

No description available.

 

თეატრალური 

 

ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩაირიცხა, თუმცა მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო და თეატრალურ უნივერსიტეტისკენ გაუწია გულმა. უნივერსიტეტის წინ მდგომი გოგონას ტან-ფეხმა მიიქცია მისი ყურადღება. ეს გოგონა, ნინო საკანდელიძე მოგვიანებით მისი ცოლი გახდა.

 

მანუჩარ შერვაშიძე: – რა ტანი და რა ფეხები ჰქონდა… მერე ვეუბნებოდი, ნინიკო, სახეზეც არა გიშავდა-მეთქი. ძმასთან ერთად ვიყავი მისული. საბუთები ჩავაბარე და ჩემ ძმასაც არ მოეშა ის ქალი, ვინც საბუთებს იღებდა. ლამაზი იყო ბორია, მე მჯობდა გარეგნულად. სამედიცინოზე უნდოდა საბუთების შეტანა, მაგრამ ამ ქალმა ძალად შეატანინა საბუთები.

 

ინსულტმა
2020-05-21ინსულტმა "ხირხალას" მეტყველებას დაღი დაასვა - "ერთი წელი საავადმყოფოდან არ გამოვსულვართ"

 

აგვისტოა, იწვება თბილისი. ავედით მესამე სართულზე, მერვე აუდიტორიაში. კომისიაში არიან – აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, დოდო ალექსიძე, ლილი იოსელიანი, მიშა თუმანიშვილი, ვალიკო მრევლიშვილი.
შერვაშიძეო, დაიძახეს და შევედი. აკაკი ხორავას თეთრი პიჯაკი და შარვალი აცვია და მოტვლეპილ თავზე სველი ცხვირსახოცი ადევს. მეორე შერვაშიძე ვინ არისო? ჩემი ძმაა-მეთქი. მერე შემოიყვანეო. ერთად მოგვცეს ეტიუდები. ვიმაიმუნეთ. მესამე დღეს სიაში აღმოვაჩინეთ თავი.

 

ერთ ადგილზე 34 სტუდენტი მოდიოდა. გეპეიში და უნივერსიტეტში ვინც ვერ ჩააბარებდა, თეატრალურში მოდიოდნენ, რადგან გვიან იყო მისაღები გამოცდები.

 

ლილი იოსელიანის ჯგუფში მოვხვდი. თუ რამე მაქვს, მისგან მაქვს ნასწავლი. არ შემარცხვინო, შე ხულიგანოო, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ერთი წელი მწერდა წერილებს.

 

განაწილება ბათუმში

 

მანუჩარი: – ნინო მაწვალებდა, არ მომყვებოდა პაემანზე. დედა ჰყავდა პარალიჩით და მასთან გარბოდა.

 

მაშინ მსახიობებს სხვადასხვა თეატრებში გვანაწილებდნენ, არა მხლოდ თბილისის, სხვადასახვა ქალაქების… მე და ნინოს ხელი უნდა მოგვეწერა. კულტურის მინისტრის მოადგილემ მე ცალკე გამანაწილა, ნინიკო – ცალკე, სხვაგან. შევარდნენ ჩვენი ჯგუფელები, რას აკეთებთ, დღეს თუ ხვალ ცოლ-ქმარი ხდებიანო. დაგვიძახეს, დაგვლოცეს და გვითხრეს, რახან ასეა, ჩათვალეთ, საქორწინო მოგზაურობაში, ზღვისპირა ბათუმში მიდიხართო.

 

ავიღეთ ერთი ჩემოდანი, სამი თეფში და სამი ჩანგალი. მეტი არაფერი წამოგვიღია. ბინა თეატრმა გვიქირავა. მერე სხვენში ვცხოვრობდით. ქალიშვილის აკვანს პატარა აივანზე ხან მე ვარწვედი, ხან – ნინო. თათუშა დუმბაძე, კულტურის განყოფილების გამგე (მამალი ქალი, მერე ცეკას მდივანი გახდა) ეზოში შემოვიდა და მე აივანზე დამინახა. აქ რა გინდაო? აქ ვცხოვრობ-მეთქი. ხმა არ ამოუღია. გავიდა ორი კვირა და სახლში ბინის ორდერი მომიტანეს. გადავედით ბარათაშვილის ქუჩაზე, ორ ოთახიან ბინაში.

 

საქართველოს სახალხო არტისტი ნინო ...

 

თეატრი

“ბათუმში რომ ჩამოვედი, თეატრში ერთი წელი როლი არ მითამაშია. კულისებში დამაყენებდნენ, ვაშა დაიძახეო, ან რაღაც სახელი… უარს ვერ იტყოდი. მერე დავიწყე და 120 როლი მაქვს ნათამაშები, როგორც მთავარი, ისე ეპიზოდური. არც ერთ პატარა ეპიზოდზე უარს არ ვამბობდი, ყველგან ვთამაშობდი. ეს ტრენაჟია, უარი არ უნდა თქვას მსახიობმა როლზე.

 

უკვე აღარ შემიძლია თამაში, ვიღლები. სცენაზე რომ შევალ, ვერ გავახალტურებ, უნდა ვითამაშო და ენერგია დავხარჯო, ეს კი აღარ შემიძლია. უარი ვუთხარი სატელევიზიო სპექტაკლის „ბოლო გაჩერების“ თამაშზე. თქვენ თუ გგონიათ, არ მინდა, მაგრამ ვეღარ…” – ამბობს მსახიობი.

 

ნინიკო

 

მანუჩარ შერვაშიძე თავის ცოლზეც გვიამბობს, რომელიც ბათუმის თეატრში ძალიან დატვირთული იყო.

 

მანუჩარი: – ზედიზედ დაიდგა „ოტელო“, „ჰამლეტი“, „სასტუმროს დიასახლისი“, „ჯარისკაცის ქვრივი“ და ნინკოც სულ მთავარ გმირებს, დეზდემონას, ოფელიას თამაშობდა. რავალია?

 

1955 წელს ხომ ჩამოვედით ბათუმში? ნინიკოს ვუთხარი, 5 წელიწადში აჭარის დამსახურებული არტისტის წოდება თუ არ მივიღე, რად მინდა აქაურობა-მეთქი. ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი. 1961 წელს მეც და ნინიკოსაც აჭარის დამსახურებული არტისტის წოდება მოგვენიჭა. მერე ვუთხარი, 6-7 წელიწადში საქართველოს დამსახურებული მსახიობის წოდება თუ არ მომცეს-მეთქი… და ესეც მომანიჭეს. გადავირიე კაცი. სახალხო არტისტის წოდება 1981 წელს მომცეს. მე თეატრიდან მიცნობდნენ და კინოშიც ამის შემდეგ მიმიწვიეს – 1974 წელს. კინოში შოთა მანაგაძის აღმოჩენა ვარ. პირველი ფილმია „წუთისოფელი“. მას მოჰყვა „მთვარის მტაცება“, „რეკორდი“ და ასე აეწყო…

 

No description available.

 

კინო

 

“იყო პერიოდი ორ ფილმში ერთდროულად მირებდნენ. მანქანა დამატარებდა ხან ოზურგეთში, ხან სამეგრელოში… მიხაროდა. მაშინ კინო ზენიტში იყო! სურათის გამოსვლამდე ორი თვით ადრე აფიშები გამოიკვრებოდა, მსახიობების სიით.
უნიჭო არ ვიყავი. სახასიათო გმირებს მანდობდნენ. პოპულარობა „რეკორდმა“ მომიტანა. გურამ პატარაია უგანათლებულესი კაცი იყო. “რეკორდის” გადაღებები მარტვილში მიმდინარეობდა. რაიკომის მდივანი ნოდარ ჩხოლარია გადაყოლილი იყო ჩვენზე. სულ ჩვენთან იყო. მისი ბიჭი ფილმიც გადაიღო გურამმა.
ნოემბერი იყო, ციოდა… გოვენ ჭეიშვილი წყალში რომ ჩადის თოკით, გასაზომად, არაყი ჰქონდათ მომზადებული და წყლიდან რომ ამოვიდოდა, ასმევდნენ მეგრულ არაყს, გასახურებლად. კამერის გასწორებას დიდი დრო უნდოდა. მე მციოდა და კადრს მიღმა ვიგინებოდი, გადეიღეთ, თქვენი დედა-მეთქი…” – ჰყვება ჩვენი მხცოვანი რესპონდენტი.

 

სპექტაკლები

 

სპექტაკლებიდან „მე ბებია, ილიკო და ილარიონს“ გამოჰყოფს, რომელიც ბათუმის თეატრში შალვა ინასარიძემ დადგა.

 

მანუჩარი: – გიგამ თვითონ წაგვიკითხა პიესა. ასეთი ტენდენცია იყო, დასი თუ დაიწუნებდა, თეატრში ის სპექტაკლი არ დაიდგმებოდა. მოკლედ, მომეწონა ექიმის ტიპაჟი, ქალაქში თვალს რომ უსინჯავს ილარიონს. ნეტა ამ როლს მომცემდნენ, ექიმს დედას ვუტირებ-მეთქი. ერთი კვირის მერე ბრძანება გამოიკრა, ილარიონი – მანუჩარ შერვაშიძე. ცუდად გავხდი, კარგი გაგებით. 35 წლის ვიყავი. ვფიქრობდი, რა უნდა ვუქნა ამ როლს-მეთქი. ბრწყინვალე სპექტაკლი გამოვიდა.
გამოვტყდები, ფილმი არ მომწონს. ფილმში დაკარგულია იუმორი. ილიკოს და ილარიონს შუა ქუჩაში დიალოგი აქვს, დიდი დაშორებით არიან, რას ლაპარაკობენ, იკარგება. თეატრში რომ გამოვიდა ეს ნაწარმოები, ისე კინოში ვერ გამოვიდა. რა საკვირველია, ჩემი აზრით. ტყაბლაძე ნიჭიერი კაცი იყო, მაგრამ იმერელი იყო და ეს მაკლდა გულს.

 

ბათუმის და მარჯანიშვილის თეატრებში ერთდროულად თუ დაიდგმებოდა ერთი და იგივე სპექტაკლები, იქიდან იწვევდნენ მთავარი როლების შემსრულებლებს. ბათუმში მოიწვიეს სესილია თაყაიშვილი და სანდრო ჟორჟოლიანი. მათთან ერთად ვთამაშობდი. სესილია ნაღდი გურული იყო, პირდაპირი. არ უყვარდა კომპლიმენტები. სანდრო განათლებული მსახიობი იყო. ჩემ ნინიკოს წაუპოტინა ხელი, მოწონებია (იცინის).

 

ბათუმში იდგმებოდა „დაჭრილი არწივი“ და ჟორა შავგულიძე ჩამოიყვანეს. ამ სპექტაკლის ერთ-ერთ მთავარ როლს მე ვთამაშობდი და რეპეტიციას ერთად გავდიოდით. ჩემ მსახიობობაში დიდი როლი სწორედ ჟორა შავგულიძემ ითამაშა. ჩემი კუმირი იყო, ვგიჟდებოდი მასზე. არც ერთი მისი „კოლმეურნეობის თავმჯდომარე“ არ გამომიტოვებია, ყველას ვესწრებოდი და ჟორას თამაშს ვაკვირდებოდი. ხარიტონს თამაშობდა და ყოველ ჯერზე სხვადასხვა კაცი იყო. ყელი შეხვეული ჰქონდა და ჩახლეჩილი ხმით ლაპარაკობდა. რატომ გაქვს ასეთი ხმაო, კითხეს. კოლმეურნეობის თავმჯდომარე ვარ, მოხსენებებს რომ ვაკეთებ, ხმა ჩახლეჩილი უნდა მქონდესო. ვახტანგ ტაბლიაშვილმა თქვა, ჟორა რომ რეპეტიციებს გადის, რეპეტიციის შემდეგ, დამლაგებლები ძლივს გვიან მის მოტანილ რეკვიზიტებსო. იულიუს კეისრის როლში თმას იღებავდა დილაობით და ისე მიდიოდა თეატრში, ახოვანი და თვალწარმტაცი.

 

No description available.

 

ძალიან კარგ რეჟისორებთან ვარ ნამუშევარი – არჩილ ჩხარტიშვილი, ვახტანგ ტაბლიაშვილი, თემურ აბაშიძე… მე და გოგი ქავთარაძე ძმაკაცები ვიყავით და ხომ იცით, თეატრი რა ინტრიგანია. ვისაც გოგი როლებს არ აძლევდა, მერე ხმა დააგდეს, მანუჩარი ანაწილებს როლებსო. თუ მე ხელი მომეკიდებინოს გოგის პაპკისთვის, შვილიშვილებს გეფიცებით. როლებს თუ ვანაწილებდი, ერთი როლი მეც მეთამაშა ნეტა-მეთქი, ვთქვი. “რევიზორში” მათამაშა. „სტუმარ-მასპინძელში“ ქისტი ვიყავი, წვერი გამიკეთა, დამსვა და სიტყვა არ მქონდა, ვიჯექი მთელი სპექტაკლი.

 

ცხოვრების პარტნიორი

 

“გული იმაზე მწყდება, რომ მე და ნინიკო პარტნიორები არ ვყოფილვართ. ის “გერაინიებს” თამაშობდა და მე სახასიათო როლებს. სამაგიეროდ, ცხოვრების პარტნიორები ვართ 65 წელია.

 

სიყვარული თუ გაქვს, ყველაფერი კარგადაა. ბედნიერი ვარ, ისეთი ქალბატონი შემხვდა, რომ არც არასდროს დაგვძაბვია ურთიერთობა. არ მიეჭვიანია. ყველაზე მაგარი ბიჭი ვიყავი და! თუმცა გამიბრაზებია, როგორ არა. მაგრამ როლებით დატვირთული რომ იყო, ბევრჯერ სადილიც გამიკეთებია. ერთხელ პირდაღებული მჭადი დავახვედრე. ახლა რომ მესიჯებს უგზავნიან ერთმანეთს და ისე ქორწინდებიან, ესაა სიყვარული? ოთხი წელიწადი ვსდიე, მაგრამ ცოლად შერთვამდე ხელი არ მომიკიდია მისთვის. მექალთანე არა, მაგრამ ხანდახან კბილს გავკრავდი ხოლმე.

 

გასტროლებზე ჩამოსული რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები სულ მე მსტუმრობდნენ. კარლო საკანდელიძე მოვიდოდა, რა ქალი გამოგატანეთ, ხო ხედავო. ნინო და კარლო ნათესავები იყვნენ. ეგ რომ მცოდნოდა ჩემი ცოლის ძმა იქნებოდი, არ მოვიყვანდი-მეთქი, ვეხუმრებოდი. იყო წივილ-კივილი და მოლხენა” – იხსენებს მსახიობი.

 

სიბერე

 

მანუჩარი: – ხანდახან ჩავდივარ თეატრში. დისციპლინაა ის, რისკენაც ახალგაზრდა მსახიობებს მოვუწოდებ, ამის გარეშე არაფერი გამოდის.

 

სერიალებში გადაღებაზე ორჯერ უარი ვთქვი. ბოლოს გიორგი ოვაშვილის „ხიბულაში“ ვითამაშე.

 

სიბერე, იცით, რა არის? უკან მოხედვით ვცხოვრობ. მოგონებებით. ყველაფერი მახსოვს. ხანდახან უიმედობა მოაქვს ასაკს.

 

ძველი ბათუმი მენატრება ძველი ბათუმელებით. სასტუმრო “ინსტურისტების” წინ ვიყრიდით თავს, ვლაზღანდარობდით. მერე ვიღაცა იტყოდა და რესტორანში შევიდოდით. საოცარი ქალაქია. აჭარლები მიყვარს, თუ გიძმეს, ერთგულები არიან. ზემო აჭარაში შუაში დამაყენებენ, როდის გამხლეჩენ, არ ვიცი. ძალიან სტუმართმოყვარეები არიან.

 

– თქვენს ასაკში რას ასკვნით, რა არის ადამიანის ამ ქვეყნად მოვლინების მისია?

 

– მისია? პატიოსანი, ერთგული უნდა იყოთ საქმის, ოჯახის, ქვეყნის… უმადურობა საშინელებაა. მადლიერების გრძნობა ყველას უნდა გააჩნდეს.

ავტორი: თამარ გონგაძე

X

error: Content is protected !!