20:39 | 2021-06-11 ავტორი: მარი ჯაფარიძე

EXCLUSIVE: ინტერვიუ 10 შვილის მამასთან – ვერ ვიძინებ, თუ ბავშვის ფეხი თავზე არ მადევს

EXCLUSIVE: ინტერვიუ 10 შვილის მამასთან – ვერ ვიძინებ, თუ ბავშვის ფეხი თავზე არ მადევს

ასე ხდება ხოლმე: რომ როცა მრავალშვილიან ოჯახს ინტერვიუზე უთანხმდები, უმეტეს წილად რესპონდენტი დედაა, ან ორივე მეუღლე ერთად. ამჯერად „პრაიმტაიმი“ მრავალშვილიან მამასთან, შალვა ტაბატაძესთან ინტერვიუს გთავაზობთ.

 


შალვას და ქეთის 10 შვილი ჰყავთ – 7 ვაჟი და 3 ქალიშვილი. უფროსი გოგონა 15 წლისაა, ნაბოლარა კი ჯერ სულ 3 თვის გახლავთ.

 

შალვა თავისი ოჯახის, სირთლეებისა და ბედნიერების შესახებ ექსკლუზიურად გვიყვება.

 

– წლების წინ დავიწყე სიარული მეტეხის ტაძარში. ერთ დღეს მრევლი წავედით ექსკურსიაზე და იქ გავიცანი ქეთი. მე მაშინ 30 წლის ვიყავი, ქეთი – 21-ის. ერთმანეთი შეგვიყვარდა, თუმცა ერთხელ ისე ვიჩხუბეთ, არც კი მეგონა, რომ ოდესმე შევრიგდებოდით, მაგრამ გაცნობიდან 2-თვე-ნახევარში დავქორწინდით. თავიდან არ ვიყავით შეთანხმებული, რომ ბევრი შვილები გვეყოლებოდა, თუმცა, როგორც მორწმუნე და ეკესიურ ადამიანებს შეჰფერის, ვთქვით, რომ რამდენ შვილსაც მოგვცემდა ღმერთი, იმდენს ვიყოლიებდით.

 

Возможно, это изображение (10 человек, люди стоят и в помещении)

 

ასე უცებ როგორ გაჩნდა ამდენი შვილი და როგორ გაიზარდნენ, გონზე ოსვლაც ვერ მოვასწარით. პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე და ასე… ქეთევანს ძალიან უჭირდა ამდენ ბავშვთან ყოფნა, თანაც, სულ ფეხმძიმედ იყო და ამ მდგომარეობას თავისი სირთულეებიც ახლავს. ამიტომ, სამსახურს თავი დავანებე, რადგან დილით 9 საათზე რომ გავდიოდი, საღამოს 9-მდე ვერ შემოვდიოდი და ქეთი მებრალებოდა ამდნი ბავშვის ხელში. საქმეს ვეღარ აუდიოდა. თანაც, მოსწავლეებიც ჰყავს, ინგლისურში ამზადებს და მხარში ამოდგომა ნამდვილად სჭირდებოდა. ჩემი ხელფასი კი სალაპარაკოდაც არ ღირდა, რადგან შვილებთან ყოფნა და მათ აღზრდაში მონაწილეობა მერჩივნა და საქმისთვისაც ასე ჯობდა.

 

მე ნახალოვკაში დავიბადე და გავიზარდე, არის იტალიური ეზო. იქ 30 კადრატული მეტრი ბინა იყო, სადაც ჩემი ძმა ცხოვრობდა, თავისი ოჯახით და როცა დავქორწინდი, სხვა გზა არ იყო, მე და ქეთი ამ ბინის ქვემოთ მდებარე ნახევარსარდაფში დავსახლდით. მერე ჩემმა ძმამ ბინა იყიდა და მე და ქეთი ავედით ზევით. თუმცა, როცა გავმრავლდით, იქ უკვე ვერ ვეტეოდით, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა, ჩვენი მწირი შემოსავლით ბინას ვერ ვიყიდიდით. მერე გვერდითა მეზობელმა გაყიდა ბინა და ის შევიძინეთ, სესხით. შარშან კი ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ გვაჩუქა ბინა, რომელიც წელიწად-ნახევრის შემდეგ დასრულდება. ცოტასაც მოვითმენთ და უკვე დიდ ბინაში გადავალთ, სადაც ადგილი ყველასთვის იქნება.

 

ყველაზე დიდ სირთულეს ჩვენი მრავალრიცხოვანი ოჯახისთვის სამედიცინო მომსახურების მიღება და წამლებია, რადგან ჩვენ სოციალურ შემწეობაზე ვართ და ეს ყველაფერი ძვირი ჯდება. ერთდროულად რამდენიმე ბავშვი რომ გახდეს ავად, წამლების თანხა უკვე საკმაოდ სოლიდურ ნიშნულს აღწევს.

 

Возможно, это изображение (2 человека)

 

მრავალშვილიანი ოჯახის მშობლების ყველაზე დიდი პრობლემა ის გახლავთ კიდე, რომ საკუთარი თავისთის დრო არ გრჩება. დილით აღვიძებ ბავშვებს, ზოგი სკოლაში მიგყავს, ზოგი ბაღში, მერე უნდა მობრუნდე, შინ დარჩენილები გამოკვებო. პატარებს ხელით უნდა აჭამო. მერე გაასეირნო, საღამოს ისევ მიხედო ყველას. ერთადერთ იმედად რჩება ხოლმე, რომ საღამოს ყველა დააძინო და ცოტა დრო საკუთარ თავს დაუთმო, მაგრამ ისე ხდება ხოლმე, რომ ბავშვთან ერთად მეძინება და დილით გამღვიძებია. თანაც, პატარები ღამეც იღვიძებენ. პატარებს შივდებათ და უნდა აჭამო, მერე თამაში უნდათ და ასე დაგათენდება…

 

კიდევ ერთი პრობლემა ის გახლავთ, რომ როცა სოფელში ან სადმე მივდივართ, გადაადგილება გვიჭირს. ვქირაობთ მიკროავტობუსს, აგვაქვს ბარგი, ვალაგებთ უკანა სკამებზე, მერე ჩვენც ვსხდებით და ადგილზე მისულები ისევ ჩამოვაბარგებთ ხოლმე ამ ყველაფერს. საკმაოდ ძვირი ჯდება ტრანსპორტის ქირაობა და საკმაოდ შრომატევადი საქმეც გახლავთ, ამდენ ბავშვთან ერთად სადმე გამგზავრება. ამ ორომტრიალში ისეც ხდება ხოლმე, რომ რომელიმე ბავშვი გვრჩება… ხომ გაგიკვირდებათ, როგორ შეიძლება, ბავშვი დაგრჩესო, მაგრამ როცა ბევრი გყავს, ეს სრულიად რეალურია. ბაღიდან ან სკოლიდან გამოყვანაც კი დაგვვიწყებია ხოლმე…

 

უფროსი შვილები პატარების გაზრდაში გვეხმარებიან, ცოტა კი წუწუნებენ ხოლმე, ვიცაგრებითო, მაგრამ საქმეშიც გვეხმარებიან, ბავშვების მოვლაშიც, გასეირნებაშიც. თუ მე და ქეთი სადმე აუცილებელ საქმეზე ერთად ვართ წასასვლელი, უფროსებს ვუტოვებთ ხოლმე კიდეც პატარებს და იმედიანად მივდივართ.

 

 

დღეში 7-8 პური გვჭირდება, ძალიან ბევრი შაქარი და ჩაი გვეხარჯება, განსაკუთრებით – ზამთარში. უამრავი სარეცხი გვაქვს ყოველდღე. ხანდახან ისე ვიღლებით ხოლმე, რომ გამშრალ სარეცხს ჩამოვხსნით და უჯრებში ჩალაგების თავიც არ გვაქვს – ერთ ადგილზე დავაგროვებთ და მივწვებით დასაძინებლად, სადაც მოგვიხერხდება. ხან რომელიმე ბევშვი ადგება და ტირის – მამა, შენთან მინდაო. მოვა, ჩამიწვება, არა და, ამ დროს სხვა ბავშვი მიწევს გვერდით, სამი ადამიანის ერთად დაწოლა მოუხერხებელია. მერე გავეპარები სხვაგან, იქ სხვა მომადგება და სადაც ვიძინებთ, იქ ვერ ვიღვიძებთ. ისე ვარ მიჩვეული ბავშვთან ერთად ძილს, რომ სტუმრად რომ დავრჩე ღამის გასათევად, მარტო ვერ ვიძინებ. ტკბილად რომ მეძინოს, ბავშვის ფეხი უნდა მედოს თავზე ან და ხელი მქონდეს იღლიაში ამოჩრილი. სხვაგვარად არ მეძინება.

 

ქუჩაში რომ გავდივართ ბავშვებით, გვაჩერებენ ხოლმე და ხან რას გვჩუქნიან, ხან – რას, ფულიც უჩუქებიათ. ხანდახან მისამართი უკითხავთ და პროდუქტი მოუტანიათ. ღვთის წყალობით არ გვიჭირს. შესაძლოა, ცოტა ხნით გაგვიჭირდეს, მაგრამ მერე აუცილებლად გამოჩნდება ხოლმე გამოსავალი.

 

ძალზე დიდი შრომაა ამდენი შვილის გაზრდა. ხანდახან ყველა ერთად რომ მეძახის, მამა, მამა, აღარ ვიცი ხოლმე, თავი საით მივაბრუნო. დავიძახებ ხოლმე – გაჩუმდით, სათითაოდ მითხარით-მეთქი და ასე დავაშოშმინებ ხოლმე. მაგრამ ისიც უნდა გითხრათ, სირთულეებთან ერთად, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაცაა.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე


X

error: Content is protected !!