fbpx
13:16 | 2020-10-21 ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

Exclusive: ფარული ჩანაწერები და დღემდე უცნობი კადრები დოდო გუგეშაშვილის საქმიდან – როგორ გადაადგილდებოდა მკვლელი?

Exclusive: ფარული ჩანაწერები და დღემდე უცნობი კადრები დოდო გუგეშაშვილის საქმიდან – როგორ გადაადგილდებოდა მკვლელი?

პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და მისი ვაჟის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ზაზა მურჯიკნელი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავეთ ცნეს. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

 

ზაზა მურჯიკნელი ალაპარაკდა - “იმედია, ჭეშმარიტ დამნაშავეს დააკავებენ და მე  გამიშვებენ” | akhalitaoba.ge
ზაზა მურჯიკნელი, მსჯავრდებული

 

მურჯიკნელი დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა „პრაიმტაიმმა“ მოიპოვა საქმის მასალები, სადაც მის წინააღმდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულება დევს. სანამ ამ დეტალებს გაგაცნობთ, შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს, დიღომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრა დიდო გუგეშაშვილი, მისი ვაჟი ნოდარ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.

 

დანაშაულის ადგილი

 

მკვლელობაში ბრალდებული თითქმის ორწლიანი გამოძიების შემდეგ, 2020 წლის იანვარში დააკავეს. საქმე კი ე.წ. ერთჯერადი ტელეფონით გაიხსნა, რომლის საშუალებითაც თავდამსხმელი დოდო გუგეშაშვილს ეკონტაქტებოდა. ის გუგეშაშვილს შეცვლილი სახელით (ზურა) და წინასწარ შემუშავებული ლეგენდით გაეცნო.

 

პროკურორი ნინო აღლემაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გნმარტავს, თუ როგორ გავიდა გამოძიება ზაზა მურჯიკნელის კვალზე და რა მტკიცებულებები დევს საქმეში აწ უკვე მსჯავრდებულის წინააღმდეგ:

 

– როგორც ცნობილია დანაშაული 2018 წლის 7 თებერვალს მოხდა. ამ დროიდან გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერ ხდებოდა კონკრეტული პირის იდენტიფიცირება. გამოძიებას ყველაზე მნიშვნელოვანი ხელჩასაჭიდი ჰქონდა ის, რომ დოდო გუგეშაშვილთან სავარაუდო დამნაშავეს, ვინმე „ზურას“ ჰქონდა კონტაქტი, რაც უფრო გახშირდა სატელეფონო ზარების მეშვეობით 2017 წლის შემოდგომაზე, ანუ თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე.

 

გუგეშაშვილის ტელეფონზე შემავალი და გამავლი ყველა ზარი შევისწავლეთ და ამ პროცესში გამოიკვეთა ერთი, ყველაზე საეჭვო ნომერი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ დოდო გუგეშაშვილთან ჰქონდა კომუნიკაცია. აღნიშნული ტელეფონიდან სხვა სახის ზარი, ან შეტყობინება არ განხორციელებულა, რაც ბუნებრივად აჩენს ეჭვს, რომ საქმე გვაქვს ე.წ. ერთჯერად ტელეფონთან, რომელიც სპეციალურად გააქტიურდა დოდო გუგეშაშვილთან საკონტაქტოთ.

 

მოხდა ანძების და შესაბამისად იმ ტერიტორიების გადამოწმება, საიდანაც ეს პირი დოდო გუგეშაშვილთან ახორციელებდა სატელეფონო ზარებს. რატომ? გაჩნდა ლოგიკური ვარაუდი, რომ შესაძლოა ამ პიროვნებას ჰქონოდა სხვა, რეალური ტელეფონიც, საიდანაც ასევე დაფიქსირდებოდა ზარები. ანუ, ჩვენ ვიცოდით კონკრეტული დროები და ადგილები, საიდანაც ხორციელდებოდა ზარები დოდო გუგეშაშვილთან. შესაბამისად, ამავე დროში და ამავე ადგილას გადამოწმდა დაახლოებით ათასობით სხვა აქტიური სატელეფონო ზარი. ამ ზარების გაშიფვრის შედეგად გამოიკვეთა, რომ ამ რამდენიმე წერტილიდან, ზუსტად იმავე დროს, ზუსტად იმავე ადგილიდან განხორციელებულია ზარები კიდევ ორი მობილური ტელეფონით, რომელიც უტყუარად დადგინდა, რომ ეკუთვნოდა ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელს.

 

ასე მოხდა მის კვალზე გასვლა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი. ზაზა მურჯიკნელის ფოტო ამოსაცნობად წარედგინა დაზარალებულ დოდო გუგეშაშვილს და მან უყოყმანოდ ამოიცნო ის, თუმცა გაირკვა, რომ ამ პიროვნებას გუგეშაშვილი იცნობდა არა, როგორც ზაზა მურჯიკნელი, არამედ გამოგონილი სახელით – „ზურა“. მურჯიკნელი ასევე კატეგორიული ფორმით ამოიცნეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც ის დაინახეს, თუ როგორ ტოვებდა დანაშაულის ადგილს.

 

– როგორც ცნობილია, საქმეში დევს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც დაფიქსირებულია ზაზა მურჯიკნელის ავტომობილი, როგორ გადაადგილდება დოდო გუგეშაშვილის კორპუსის მიმდებარედ, რაც სასამართლო პროცესზე არც ბრალდებულმა უარყო, თუმცა თქვა, რომ ის იმყოფებოდა იქვე მცხოვრებ მის სხვა ნაცნობთან, რომელიც სახლში არ დახვდა და მალევე უკან გაბრუნდა… იქნებ ის მართალს ამბობდა…

 

– ეს რომ სიცურეა, საკმაოდ არგუმენტირებულად დავამტკიცეთ სასამართლოში. ჯერ ერთი ბრალდებულის დანაშაულში მონაწილეობა უტყუარად არის დადასტურებული, მათ შორის ამოცნობებით, ექსპერტიზებით, სუნის კვალით, სატალეფონო ანძების გადამოწმებით და სხვა არაერთი მტკიცებულებით. რაც შეეხება ამ ეპიზოდს, დიახ, ბუნებრივია არსებობს ვიდეო თვალის ჩანაწერები, სადაც ის ფიქსირდება დოდო გუგესაშვილის სახლის მიმდებარედ. ის, რომ თითქოს სხვა ნაცნობთან იმყოფებოდა და სახლში არ დახვდა, სრული სიცრუეა, რადგან გამოძიებამ გადაამოწმა ეს ინფორმაცია. გამოიკითხა მისი ნაცნობი, რომელზეც უთითებდა, რომ თითქოს სახლში არ დახვდა და ამ ნაცნობმა, ისევე როგორც მისმა მეუღლემ თქვა, რომ დროის იმ მონაკვეთში ისინი ნამდვილად სახლში იმყოფებოდნენ და ზაზა მურჯიკნელის სტუმრობის შემთხვევაში კარს ნამდვილად გააღებდნენ.

 

მკვლელობის ადგილი

 

 

„პრაიმტაიმი“ პროკურორთან საუბრისას ცხადია, დაინტერესდა, რა იყო დანაშაულის მოტივი? ამ კითხვაზე არც გამოძიებას და არც სასამართლოს პასუხი არ აქვს. არაფერს ამბობს თავად ზაზა მურჯიკნელიც.

 

გამოძიება ვარაუდობს, რომ მურჯიკნელი მხოლოდ შემსრულებელი იყო, ვინაიდან მას დოდო გუგეშაშვილთან პირადი უთანხმოება, მით უმეტეს რაიმე მტრობა არ აკავშირებდა. მურჯიკნელი სამიზნეს მხოლოდ 2017 წლის გაზაფხულზე გაეცნო, როგორც ყოფილი მებრძოლი სახელად „ზურა“. შესაბამისად, მას პირადი მოტივი არ უნდა ჰქონოდა.

 

თავად დოდო გუგეშაშვილი ვარაუდობს, რომ პირველადი გეგმით, მისი მკვლელობა უკრაინაში იგეგმებოდა, ვინაიდან ე.წ. ზურა მას დაჟინებით სთხოვდა უკრაინაში წასვლას და ვითომდა ქარვის ქვების ჩამოტანაში დახმარებას.

 

მურჯიკნელის წინააღმდეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება გამოძიებამ უკვე მისი დაკავების შემდეგ მოიპოვა. სასამართლო განჩინების საფუძველზე მოხდა მისი საცხოვრებელი სახლის ფარული მოსმენა-მიყურადება. ამ ფარული ჩანაწერების მიხედვით, დაკავებულის ოჯახის წევრები აქტიურად განიხილავენ, როგორ შეუქმნან მას მყარი ალიბი. ამავე ჩანაწერებში საუბარია სავარაუდოდ იმ იარაღის მოცილებაზე, რომლითაც დანაშაული იქნა ჩადენილი.

 

„იმ დღეს, როცა ეს მოხდა ის მისულია სოფოსთან. სოფოს ტელეფონიდან დარეკა, დაურეკა ლევანის, რომ დამეხმარეო. წამიყვანეო. ჩავიდა ლევანი იქა, იქ ჰქონდა მაგას რაღაც, რომელიც უნდა მოეშორებინა იმ დღეს ზუსტად. ეს ვიცი. ჩავიდა ლევანი…ახმეტელის მეტროსთან მეც ჩავჯექი მაგათ მანქანაში. მოვედი აქამდე. ის არც გადმოსულა. ის რაღაცა ლევანიმ გაუტანა და გადააგდეს, მოიშორეს. და ის სადღაც ამ ტერიტორიაზე, გლდანის ტერიტორიაზე რომ იყოს დაფიქსირებული?! მე არ ვიცი, მერე წაიყვანა ლევანიმ, მაგრამ იმ ბიჭებმა თქვეს, რომ ორი წლის წინანდელ კამერაზე ფაქტიურად ვერ ნახავენო და რა ვიცი.

 

სოფომ თქვა მაშინ, რა სჭირდა ზაზასო, დანამ რომ ჩაგერტყა სისხლი არ წამოუვიდოდაო. რა სახე და რა ფერი ჰქონდაო, სოფომ მითხრა. მეც მასე არ იყო რომ ვნახე?! უკან იჯდა. რომ გავხედე და ვნახე ის ლურჯი მაიკა ეცვა. დედა რას გავდა“, – ეს არის ამონარიდი ფარული ჩანაწერიდან, რომელიც მკვლელობიდან ორი წლის, ანუ ბრალდებულის დაკავების შემდეგ მისი ოჯახის წევრების საუბარს ასახავს.

 

ამავე ჩანაწერში საუბარია იმაზე, როგორ შეუქმნან ალიბი ზაზა მურჯიკნელს. განიხილავენ ვერსიას, რომ თითქოს მურჯიკნელი 2018 წლის 6 თებერვლიდან 10 თებერვლამდე (მკვლელობა 7 თებერვალს მოხდა) სოფელ ჩარდახში იმყოფებოდა, ამის დამოწმება კი მეზობლებს უნდა სთხოვონ.

 

მსჯავრდებულის მეუღლე, ლიკა მურჯიკნელი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ მსგავს საუბრებს ადგილი არ ჰქონია. მისთვის სასამართლოში გახდა ცნობილი, რომ გამოძიება ოჯახს ფარულად უსმენდა.

 

„ეს განაჩენი აბსოლუტურად უსამართლოა. დავიჯერო იმ 12 ნაფიც მსაჯულიდან ერთი მაინც არ აღმოჩნდა წინააღმდეგი?! ჩემი მეუღლე საერთოდ არ იცნობდა დოდო გუგეშაშვილს და მის ოჯახს, არანაირი შეხება არ ჰქონია. იმედია გავა დროს და სიმართლე გაირკვევა. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერს, სასამართლოში გავიგე რომ თურმე ფარულად გვისმენდნენ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მსგავსი ლაპარაკი ჩვენს ახლობლებში საერთოდ არ ყოფილა“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ ლიკა მურჯიკნელი.

 

მართალია, ზემოხსენებულ ფარულ ჩანაწერში განიხილება ვერსია, რომ თითქოს ზაზა მურჯიკნელი მკვლელობის დღეს თბილისში არ იმყოფებოდა, თუმცა საქმის მასალებში დევს მკვლელობის დღეს სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, სადაც დოდო გუგეშაშვილის სახლის მიმდებარედ მისი ავტომობილის გადაადგილებაა ასახული. ეს კადრები, სხვა მტიცებულებებთან ერთად, ფაქტობრივად გამორიცხავს ვერსიას, რომ ზაზა მურჯიკნელი 7 თებერვალს სოფელ ჩარდახში იმყოფებოდა.

 

 

 

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X