22:04 | 2020-06-10 ავტორი: მარი ჯაფარიძე

Exclusive: ძალიან მინდა დედა დავიბრუნო! – სამშობიაროდან 500 მანეთად გაყიდული გოგო დედას ეძებს

Exclusive: ძალიან მინდა დედა დავიბრუნო! – სამშობიაროდან 500 მანეთად გაყიდული გოგო დედას ეძებს

ნინო მძელური ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს. ის 36 წლის გახლავთ და დაბადების თარიღად მითითებული აქვს 1984 წლის 10 ივლისი, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს არ არის მისი დაბადების ნამდვილი დრო და სავრაუდოდ, 1984 წლის მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში მოევლინა სამყაროს.

 

ნინო „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად უყვება საკუთარ თავგადასავალს და იმედი აქვს, რომ ბიოლოგიურ დედას იპოვის.

 

 

– გურჯაანში გავიზარდე და ახლაც აქ ვცხოვრობ. ერთ დღეს ბებო ალაგებდა გარდერობს და დიდი შავი ჩემოდანი გადმოიღო, რომელიც გახსნილი იყო. იქიდან გადმოვარდა შავი საქაღალდე, რომელშიც საბუთები ელაგა. დამაინტერესა, რა იყო და დავიწყე კითხვა. მიუხედავად იმისა, რომ 8 წლის ვიყავი, კარგად მახსოვს, ეწერა: „ნაცრისფერ სახვევებში გახვეული თეთრი პირისახის ბავშვი იპოვეს სახლის კართან და იშვილეს“.

 

ბებომ დამინახა, რომ საბუთებს ვკითხულობდი და წამართვა. ამის შემდეგ ეს საბუთები გაქრა. თუმცა, მაშინ არ მიფიქრია, რომ ამ საბუთებში მოხსენიებული ბავშვი მე ვიყავი. დედას და ბებიას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და ვიფიქრე, რომ დედაჩემი იყო ნაშვილები.

 

ვიზრდებოდი ბებიასთან და პაპასთან. დედა და მამა თბილისში ცხოვრობდნენ, მამას ბიზნესი ჰქონდა. 2 კვირაში ერთხელ ჩამოდიოდა დედა, 2 დღით და ისევ უკან ბრუნდებოდა.

 

 

ცოტა რომ წამოვიზარდე, ნათესავები მეუბნებოდნენ ხოლმე – დედაშენს შენს გაჩენაზე ძალა არ დასდგომია, მამაშენს შენს გაკეთებაზე ძალა არ დასდგომიაო.

 

ასეთი ფრაზები ეჭვებს მიჩენდა, მაგრამ პატარა ვიყავი და ბოლომდე ვერ ვიგებდი, რა ხდებოდა ჩემ თავს.

 

შემდეგ მამაჩემს პრობლემები შეექმნა, თბილისში ბინა გაყიდა და რუსეთში წავიდა. მაშინ 90-იანები იყო და ვიღაცამ რაღაც „ფულში გადააგდო“. წავიდა და დაიკარგა, დღემდე არ ჩანს. დედა გურჯაანში ჩამოვიდა საცხოვრებლად. ბებიამ ამის გამო ძალიან ინერვიულა და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. დავრჩით მე და დედა. ძალიან განიცდიდა, ქმარი რომ წავიდა და სულ იმას მისტიროდა. მე ძალიან ცუდად მექცეოდა. ძალადობდა ჩემზე, მცემდა, სახლიდან გარეთ არ მიშვებდა, სწავლასაც კი თავი დამანებებინა. ვერ შემიყვარა გამზრდელმა დედამ, ვერ მიმიღო სამწუხაროდ.

 

მეზობლები ხედავდნენ ამ ყველაფერს, მეც გამუდმებით ვტიროდი და დედაჩემს ეუბნებოდნენ, ნუ ექცევი ასე, გაიზრდება, გაიგებს და წავაო. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მეტი ასეთი ინფორმაცია მიგროვდებოდა. ჩემსა და დედას შორის ძალიან დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო – 45 წელი და რომ წამოვიზარდე, უკვე იმასაც მივხვდი, რომ ამ ასაკში შვილს ვერ გააჩენდა და ეჭვები უფრო გამიღრმავდა.

 

სკოლა რომ დავამთავრე, იმ დროისთვის მე და დედას ძალიან დაძაბული ურთიერთობა გვქონდა და უფრო და უფრო ღრმავდებოდა ჩვენ შორის ნაპრალი. შემდეგ გაუჩნდა სიმსივნე და მაშინ უფრო აგრესიული გახდა. მეუბნებოდა, იმან არ გაიხაროს, ვინც შენი თავი მოგვიგდოო.

 

ვეკითხებოდი, – აყვანილი ვარ? მითხარი, თუ ასეა-მეთქი. მერე გადათქვამდა და მეუბნებოდა, – არა. ჩემი შვილი ხარ, თუ არ გჯერა, წადი და იკითხეო. დავდიოდი მეზობლებში და ნათესავებში და ყველას ვეკითხებოდი, თუ აყვანილი ვარ, მითხარით, პატარა აღარ ვარ და მინდა, ვიცოდე-მეთქი.

 

 

 

5 წლის წინ გარდაიცვალა დედა. სულ მახსოვდა ის საბუთები, რომელიც 8 წლისამ წავიკითხე. მთელი სახლი გადავაქოთე და ვერსად მივაგენი. დედის გარდაცვალების შემდეგ ბინა გავყიდე და სხვაგან გადავედი საცხოვრებლად.

 

აღარავინ მყავდა უკვე, მხოლოდ – შვილი. მეუღლეს გავცილდი ჯერ კიდევ ფეხმძიმობის პერიოდში, გოგონა შემეძინა და მარტო ვზრდი. მის გარდა არავინ მყავს. ნათესავებმა მითხრეს, ნაშვილები ხარ, ახლა მარტო ხარ დარჩენილი და მოძებნე ბიოლოგიური მშობლები, მარტო რომ არ იყოო.

 

მითხრეს, საბუთებიც არსებობს და თუ სახლში არ არის, იქნებ იმ ოჯახში შეინახეს, ვისაც ენდობოდნენო.

 

ჩვენს უბანში ცხოვრობდა ერთი ოჯახი, რომელთანაც ნათელმირონობა გვაკავშირებდა და იმათ მივაკითხე. აღმოჩნდა, რომ მართლაც მათთან იყო საბუთები. იტირა დიასახლისმა და მითხრა, ნარგიზა რომ გარდაიცვალა, მეზობლები ვაპირებდით შენთვის ყველაფრის მოყოლას, მაგრამ მერე გადავიფიქრეთ და დღე-დღეზე ვაპირებდი ამ საბუთების განადგურებასო.

 

ასე ვნახე საბუთები, სადაც ეწერა, რომ 1984 წლის ივლისის დასაწყისში სახლის კართან იპოვეს ბავშვი, თითქოს ახალი დაბადებული, მაგრამ მეზობლებს რომ ვკითხე, მითხრეს, რომ საბუთები არის გაყალბებული და მე როცა სახლში მიმიყვანეს, დახლოებით თვე-ნახევრის ვიქნებოდი. ისიც მითხრეს, რომ კართან კი არ მიმაგდეს, გურჯაანის საავადმყოფოდან გამაშვილეს.

 

ბებიაჩემი თურმე დედაჩემს სთავაზობდა, რომ რადგან შვილი არ უჩნდებოდა, ბავშვი აეყვანა, მაგრამ დედაჩემი ყოფილა წინააღმდეგი – აყვანილ შვილს ვერ გავზრდიო, უთქვამს. ჩემს გამზრდელ მამას სხვა ქალთან ჰყოლია ბიოლოგიური შვილი და ალბათ ეჭვიანობდა. ბებიაჩემი კი ჩასციებია, აიყვანე და მე გაგიზრდიო. თურმე ყველას ეუბნებოდა, რომ თუ ვინმე გოგოს მიატოვებდა, მისთვის ეთქვათ და იშვილებდა. მთელ გურჯაანს სცოდნია, რომ ბავშვის აყვანა ნდომებიათ.

 

გამოვჩნდი მე და საბუთები გააკეთეს ისე, რომ თითქოს ახალი დაბადებული ვიყავი და სახლის კართან მიმაგდეს. ალბათ ასეთ შემთხვევაში მისცემდნენ მხოლოდ ბავშვის აყვანის უფლებას. დამარქვეს ნინო და მომცეს გამზრდელი მამის გვარი.

 

იმავე საბუთებში იყო ერთი ფურცელიც, სადაც ეწერა, რომ რადგან ქალბატონმა ნარგიზა მძელურმა იშვილა ბავშვი და ეკუთვნის დეკრეტული შვებულება.

 

 

ისევ დავიარე ნათესავები და მეზობლები და დავიწყე ინფორმაციის ხელახლა შეგროვება და გავიგე, რომ ბებიასთვის გურჯაანის სამშობიაროში მომუშავე ახლობელს შეუტყობინებია, რომ ახალგაზრდა გოგომ ბავშვი მიატოვა. ოღონდ ვყოფილვარ ძალიან მოუვლელი. სხეული მქონია დამწვარი, რადგან საფენებსაც არ მიცვლიდნენ ეტყობა დროულად. ბებიას პედიატრთან რომ მივუყვანივარ, იმას უთქვამს, თუ ბავშვის აყვანა გინდოდა, წესიერი ვერ აიყვანეო? ბებიას უპასუხია, მე ამას ნახე, როგორ გავზრდიო და მართლაც, იმავე პედიატრს ერთი თვის მერე რომ ვუნახივარ, გაოცებულა, იმ მოუვლელი ბავშვისგან თუ ასეთი კარგი გოგო გამოვიდოდა, არ მეგონაო.

 

ამ მეორე ვერსიით, ბებიას გადაუხდია სამშობიაროში 500 მანეთი და ისე წამოვუყვანივარ. საბოლოოდ რომელი ვერსიაა სწორი, არ ვიცი:  სახლის კართან მიმაგდეს თუ სამშობიაროდან მიყიდეს.

 

ბიოლოგიური დედა ალბათ აქვე, ახლო რაიონიდან იქნება. არქივშიც ვიყავი, მაგრამ მითხრეს, რომ ვერ მომცემდნენ საბუთებს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ მექნება.

 

რამდენიმე თვის წინ სალონში ვიყავი, სადაც მუდმივად დავდივარ და ყველა მიცნობს. ერთ-ერთმა მკითხა, რა სიახლეა შენს ბიოლოგიურ დედასთან დაკავშირებითო?

 

– არაფერი-მეთქი, ვუთხარი.

 

ჩვენს საუბარს ყური მოჰკრა იქ მყოფმა ქალბატონმა და გამომკითხა რაღაცები.

 

მითხრა, რომ თვითონ 1984 წლის მაისის ბოლოს გურჯაანის სამშობიაროში გააჩინა ბავშვი. დამართნია სეფსისი და დიდხანს მოუწია საავადმყოფოში ყოფნა. შესწრებია ფაქტს, რომ ყვარლელ გოგოს გაუჩენია გოგო და მესამე დღეს დედა გაქცეულა. შემდეგ მისულა ბავშვის ბებია და გოგონას გაშვილებაზე თანხმობა დაუწერია. თარიღი ემთხვევა ჩემს დაბადებას და ჩემზეა ლაპარაკი თუ არა, არ ვიცი.

 

ბებიას ჰქონია ინფორმაცია ჩემი ბიოლოგიური მშობლების შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ, ის საბუთები გაუნადგურებია.

 

ბებია იყო ქსენია ფურცელაძე, ქმრის გვარი – სეფიაშვილი. გამზრდელი დედა – ნარგიზა სეფიაშვილი, მძელური ქმრის გვარია და მეც გამზრდელი მამის გვარზე ვარ.

 

ამ ამბავში თუ ვინმეს რაიმე ეცნო, იქნებ გამომეხმაუროს, ძალიან მინდა დედა მოვძებნო და დავიბრუნო.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

X