13:32 | 2020-05-14 ავტორი: თამარ ბუჩუკური

Exclusive: დედას, რომელიც ჩვილის დაბრუნებას ითხოვს, ორი შვილი მიტოვებული ჰყავს – რას უყვება „პრაიმტაიმს“ წყარო

ამ წუთებში სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ერთ-ერთ ტერიტორიულ ერთეულში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

 

ისინი მინდობით აღზრდის სერვისში გადაყვანილი ჩვილის ბიოლოგიური მშობლებისთვის დაბრუნებას მოითხოვენ. ადგილზე ახალშობილის დედა მარიამ გეთიაშვილი, მისი მეუღლე და ახლობლები არიან.

 

„პრაიმტაიმს“ ინფორმირებული წყარო დაუკავშირდა, ის ოჯახის ახლობელია. მან განაცხადა, რომ მარიამ გეთიაშვილს და მის მეუღლეს ორი შვილი, 3 წლისა და 6 წლის ბავშვები მიტოვებული ჰყავთ. ისინი სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში იზრდებიან და მათ მშობლები მოსანახულებლად არ აკითხავენ.

 

„მარიამ გეთიაშვილი და მისი მეუღლე ბავშვებს იყენებენ. ისინი კი არ ზრუნავენ შვილებზე, არამედ – მათ აიძულებენ, რომ ოჯახში ფული შეიტანონ. ორი ბავშვი მათხოვრობას გადარჩა, მათ 6 წლისა და 3 წლის ბავშვები მიატოვეს და ისინი ნინოწმინდაში იმყოფებიან. სახლში სტუმრადაც არ მოჰყავთ, არ დამინახავს ისინი, არც სხვებს უნახავთ უბანში.

 

პატარებს მშობლები მოსანახულებლადაც კი არ აკითხავენ. ახლა, რომ აპელირებენ ისინი, ჩვილი ზუგდიდში რეგისტრირებულ მიმღებ ოჯახში რატომააო?!

 

უკაცრავად, მაგრამ ისინი შვილები არ არიან, რატომ არ აკითხავენ? მათზე სახელმწიფო ზრუნავს, ბავშვებს უბრალოდ არ კი ნახულობენ, არც კი ინტერესდებიან.

 

მარიამ გეთიაშვილი 6 თვის ორსული იყო, როცა მშობიარობა დაეწყო და ჩვილი სასწაულებრივად გადარჩა. მას ეს ოჯახი ვერ მოუვლის. მამას გონებრივი ჩამორჩენის სტატუსი აქვს ოფიციალურად მინიჭებული.

 

დედას მზრუნველის დაბალი უნარ-ჩვევები აღენიშნება. აღარაფერს ვამბობ იმ შემზარავ ფაქტზე, რომ საკუთარ შვილებს მათხოვრობას აიძულებენ.

 

ოჯახში ხუთი ბავშვი უნდა იზრდებოდეს, მათან ორი მიტოვებული ჰყავთ, ორს ქუჩაში აგდებენ და ახლა, ამ ჩვილზე გახდნენ მზრუნველი მშობლები?!

 

ამ ჩვილის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა მისი ოჯახიდან გაყვანაა და სრულიად მართებული გადაწყვეტილებაა სოციალური მუშაკების მხრიდან.“ – ამბობს წყარო.

 

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმი” სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაუკავშირდა.

 

როგორც უწყების ხელმძღვანელმა მერი მაღლაფერიძემ განაცხადა, ის კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულების გამო, ვერ უპასუხებს კითხვას – ჰყავს თუ არა მარიამ გეთიაშვილს ორი ბავშვი მიტოვებული, რომლებიც სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არიან.

 

„პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების უფლება რა თქმა უნდა, არ მაქვს. ამიტომ, ვერ ვისაუბრებ თქვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე” – აცხადებს მერი მაღლაფერიძე.

 

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, „პრაიმტაიმი“ ამ ოჯახის მეზობლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დაყრდნობით წერდა, რომ მარიამ გეთიაშვილი და მისი მეუღლე თავიანთ ოჯახში მცხოვრებ კიდევ ორ შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებენ.

 

ჩვილი, რომლის დაბრუნების გამო სკანდალი არ წყდება, სპეციალისტების მიერ თავისი არასრულწლოვანი დედმამიშვილების მსგავსად, შეფასებულია, როგორც მაღალი რისკის უგულვებელყოფისა და შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X