fbpx
22:16 | 2020-07-15 ავტორი: მარი ჯაფარიძე

Exclusive: „ბევრჯერ მქონდა სუიციდის მცდელობა… ჩემნაირ ადამიანებს საზოგადოება გარიყავს!“

Exclusive: „ბევრჯერ მქონდა სუიციდის მცდელობა… ჩემნაირ ადამიანებს საზოგადოება გარიყავს!“

ძალიან ლამაზ, გონიერ, ზღვისფერთვალება, სულ რაღაც 19 წლის გოგოს ასეთი რთული ცხოვრება თუ ექნებოდა გავლილი, წარმოუდგენელიც კია.

 

არასწორად დანიშნულმა მკურნალობამ ფსქოტროპულ წამლებზე დამოკიდებული გახადა – 8 წლისა აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, რამაც დიდი დამღა დაასვა მის ცხოვრებას. მშობლებმა ფსიქიატრთან მიიყვანეს და აქედან დაიწყო ურთულესი, უამრავი წინააღმდეგობით სავსე გზა…

 

ლიკა შიოლაშვილმა „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ღიად ისაუბრა თავის უკვე წარსულ პრობლემებზე.

 

– ჩემი პრობლემები გამოწვეული იყო არასწორად დანიშნული მკურნალობის შედეგად. უკვე ძალიან პატარა ასაკში მქონდა პოსტტრავმული მდგომარეობა – 8 წლის ასაკში წავაწყდი რაღაც ისეთს, რამაც ჩემზე დიდი გავლენა იქონია და ამის შემდეგ პერიოდულად მემართებოდა პანიკური შეტევები. მშობლებმა მიმიყვანეს ექიმთან – ფსიქიატრთან, რომელმაც დამინიშნა არასწორი მკურნალობა და ვიღებდი ფსიქოტროპულ პრეპარატებს.

 

На изображении может находиться: 1 человек, в помещении

 

ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად დავდიოდი ფსიქოლოგთანაც. რაღაც დროის შემდეგ ვეღარ ვძლებდი დიაზეპამისა და ქლორაზეპამის გარეშე. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი ცხოვრების საკმაოდ დიდი პერიოდი არ მახსოვს. მქონია საშინელი აგრესია, მაგრამ არც ეს მახსოვს, შემდეგ ვიგებდი მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან. რამდენჯერმე მქონდა „პერედოზიც“ და არც ეს მახსოვს. სასწრაფო გამოუძახებიათ, როცა ცუდად ვხდებოდი და ექიმებს ვერჩოდი, მოსაკლავად ვიმეტებდი. იმდენად არასწორად ეპყრობიან თავად ექიმებიც კი ჩემნაირ პაციენტებს, რომ ეს გაღიზიანებას იწვევდა და აგრესიული ვხდებოდი.

 

მეგონა, რომ ჩემი ასეთი მდგომარეობა – გაღიზიანება და აგრესია გამოწვეული იყო პირადი პრობლემების გამო. ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე დამოკიდებულებაში პრობლემას ვერ ვხედავდი და თურმე, პირიქით ყოფილა, – რეალურად, ჩემი პირადი პრობლემები მოდიოდა ამ პრეპარატებიდან.

 

ერთ-ერთი ცენტრის ფსიქიატრმა, სადაც არ ვმკურნალობდი, მაგრამ ამ ექიმთან უბრალოდ, ვმეგობრობდი, მითხრა ასეთი ფრაზა: როცა მიხვდები, რომ საშველი აღარ გაქვს, მოხვალ და შემეხვეწები, რომ გიშველო, რადგან შენ გაქვს პრობლემა და გჭირდება მკურნალობა და შველაო.

 

ზუსტად ერთ კვირაში დავურეკე და ვუთხარი, – მიშველე, ცუდად ვარ-მეთქი.

 

სანამ მე თავად არ გავაცნობიერე ჩემი პრობლემა, მანამდე ჩემი ოჯახის წევრებიც კი ვერ ხვდებოდნენ, რომ ცუდად ვიყავი. მირჩევდნენ, – ახალ ფსიქიატრთან, ახალ კლინიკაში მივიდეთო.

 

როცა ვთქვი, – დამოკიდებული ვარ ფსიქოტროპულ პრეპარატებზე, ცუდად ვარ და მიშველეთ-მეთქი, მაშინ გაიაზრა ყველამ, რომ ჩემი პრობლემები მართლაც ამ დამოკიდებულებით იყო გამოწვეული და ეს არ იყო ჩემი ფსიქიკიდან გამომდინარე.

 

როცა გამოვჯანმრთელდი, მაშინ დავინტერესდი, რა პრეპარატებს ვიღებდი და როცა ინფორმაციას გავეცანი, აღმოჩნდა, რომ თურმე ამ პრეპარატებზე დამოკიდებულება გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ნარკოტიკზე დამოკიდებულება. შემადგენელი ნივთიერებები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რჩება ორგანიზმში და ძნელია მათგან თავის დაღწევა.

 

 

არ ვიღებდი მხოლოდ დიაზეპამს, ვიღებდი სხვადასხვა პრეპარატს, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიით დაავადებული ადამიანებისთვის და აქვს ძალიან ძლიერი მოქმედება.

ამას აქვს დროებითი ეფექტი და გაჩერებს მხოლოდ იმ მომენტში.

 

На изображении может находиться: 1 человек, улыбается

 

9 წელი ვიყავი ამ პრეპარატებზე დამოკიდებული, ბოლო ორი წელი კი ვიყავი ძალიან ცუდად და ამ 2 წლიდან ბოლო 3 თვე საერთოდ არაადექვატური ვიყავი. არაფერი მესმოდა, არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი, როგორ ვიქცეოდი…

 

მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობდი, ყველაფერი მქონდა ჩემი და საკმაოდ წარმატებული ადამიანიც ვიყავი, ისეთი არაადექვატური გამოხედვა და სახე მქონდა, ისეთი უცნაური მანერები, რომ გიჟიაო, ჩემზე ამბობდნენ. ყველაფერი თავზე ჩამომენგრა, ადამიანებმაც, მათ შორის – ბევრმა ახლობელმა ზურგი მაქცია. ჩემნაირ ადამიანებს საზოგადოება გარიყავს და ხდებიან ბულინგის მსხვერპლი.

 

ყველაზე მეტად დამეხმარა ეკლესია. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ვიყავი, როცა დავრეკე ბათუმში, მეუფე დიმიტრისთან და მიშველე-მეთქი, ვუთხარი. წავედი ეკლესიაში, სადაც მართლა ბოლომდე გამოვჯანმრთელდი, ცხოვრების სტიმული ისევ მომეცა და აღარ მინდოდა თავის მოკვლა. მანამდე კი ძალიან ბევრჯერ მქონდა სუიციდის მცდელობა და ყოველთვის გადავრჩი.

 

ფსიქიატრებისთვის რომ გეკითხათ, მე მქონდა ფსიქოლოგიური აშლილობა და შიზოფრენია, რომელიც მთელი ცხოვრება დამრჩებოდა.

 

აპირებდა კიდეც ჩემი ფსიქიატრი, რომ სურამში, შესაბამის კლინიკაში გავეგზავნე. უარი ვთქვი, რადგან არ ვთვლიდი თავს გიჟად.

 

ახლა ვიღებ მხოლოდ ანტიდეპრესანტებს და თავს ვგრძნობ ძალიან კარგად. თვიდან გამიჭირდა, მაგრამ დავძლიე.

 

ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს, ვისწავლე საკუთარი თავის კონტროლი, მივხვდი, რომ ადამიანს ცხოვრებაში ბევრად მეტი შესაძლებლობები აქვს. გამიჩნდა ახალი ჰობი, ინტერესები, ვმუშაობ ერთ-ერთ ტელევიზიაში, ვსწავლობ და აბსოლუტურად ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობ.

 

ჩემი მიზანია, მომავალში შევცვალო ჩემნაირი ადამიანების ცხოვრება და დავეხმარო პრობლემების დაძლევაში. მქონდა იდეა, რომ სოციალური კამპანია დამეწყო. ამ თემაზე ვმუშაობთ მე და ჩემი მეგობრები. ამ თემაზე ღიად საუბარზეც იმიტომ დაგთანხმდით, რომ ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, გაითავისოს, რომ ეს არ არის სირცხვილი, სირცხვილია, თუ თავის დაღწევას არ ცდილობ.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

X