fbpx
18:02 | 2020-02-21 ავტორი: Prime Time

Exclusive „ვიდექი და ღაპა-ღუპით გამდიოდა ცრემლები“ – ლაშა ნანობაშვილს ნატომ სიმღერა აჩუქა

Exclusive „ვიდექი და ღაპა-ღუპით გამდიოდა ცრემლები“ – ლაშა ნანობაშვილს ნატომ სიმღერა აჩუქა

მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტის – ლაშა ნანობაშვილისა და ნატო გელაშვილის ტანდემის შესახებ უკვე ყველამ იცის. გასულ ორშაბათს პროექტს გამოთიშულ კონკურსანტს გელაშვილმა ორი ათასი ლარი აჩუქა. ავტორ-შემსრულებელმა მოგვიანებით „პრაიმტაიმთან“ განმარტა: „ლაშას სიუჟეტი რომ ვნახე, დამანგრია. მისი ავადმყოფი დედა უცხოეთში სამუშაოდაა წასული, სახლი დაკარგეს. როგორც სიუჟეტიდან გავიგე, ლაშა დედასთან ჩასასვლელი ბილეთის ფულისთვის იყო პროექტში… წარმოიდგინეთ, სიმსივნით დაავადებული ქალი რომ წავა სამუშაოდ…  ძალიან იმოქმედა ჩემზე. რა კონკურსი და რა სიმღერა, ხალხო?! ამ ისტორიამ დამანგრია. ლაშა რომ პროექტს გამოეთიშა, ძალიან ვინერვიულე. წარმოიდგინეთ, იმედის ნაწერწკალი რომ გაქვს და იმასაც რომ კარგავ. ჩავთვალე, თუ მისთვის ეს ბილეთი გადამრჩენია, ვაჩუქო თანხა. თუმცა რაშიც უნდა, იმაში გამოიყენოს. რაც შემიძლია მთელი გულით გავუკეთე ამ ბიჭს. ეს იყო ჩემი, როგორც დედის გადაწყვეტილება. თუ კიდე ვინმე შემომეხიდება და დახმარებას გადაწყვეტს, ორივე ხელით მივესალმები” – გვითხრა ნატომ.

 

 

ლაშა ნანოაბაშვილი წლების წინ ვერც იფიქრებდა, რომ ერთხელაც დედამისის საყვარელი კომპოზიტორი დაურეკავდა, სიყვარულად დაიღვრებოდა და გვერდში დგომას აღუთქვამდა. სიმღერებს შორის, რომლებიც ბავშვობაში სულ ესმოდა, ერთი განსაკუთრებულად უყვარს. რა არ შეიძლება მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში… „ერთი რამე გულიანი“  ნატო გელაშვილმა ლაშას აჩუქა. ამის შესახებ ნატომ ექსკლუზიურად „პრაიმტაიმის“ მკითხველს გაუმხილა.

 

ლაშა ნანობაშვილი: – ნატომ დამირეკა და მითხრა, რომ ეს სიმღერა მხოლოდ გულიან ადამიანებს უყვართო და ეს სიმღერა პირადად შენიაო! ისეთი გრძნობით და სითბოთი მელაპარაკა, 30 წლის კაცს მეუხერხულა. სახლის ეზოში ვიდექი და ღაპა-ღუპით გამდიოდა ცრემლები… ვცდილობდი, ტირილი ხმაზე არ შემტყობოდა.

 

ნატო გელაშვილი: – ჩემი ნომერი არ ჰქონდა და რომ დავურეკე, პირდაპირ ვუთხარი – ნატომ გაკოცა მაგ თბილ გულში-მეთქი. რომელი ნატოო? ვიღაც ვეგონე. ბოლოს რომ ვუთხარი, ვინც ვიყავი, გაგიჟდა! არა, ქალბატონო ნატო, დაუჯერებელიაო. ბევრი ვეფერე, ვიმეგობრეთ. არ იცით, თქვენი ზარი ჩემთვის რას ნიშნავსო… სადღაც წავიკითხე, რომ გამორჩეულად უყვარს ჩემი „ერთი რამე გულიანი“ და გჩუქნი-მეთქი, ვუთხარი. თან გავაფრთხილე, როგორც მუსიკოსი „ვჭედავ“ და ამიტომ მე როგორც მინდა ისე 10-იანში უნდა გამიკეთო ეს სიმღერა და შენი სავიზიტო ბარათი იქნება-მეთქი. გულიდან წამოსული გულით მიდის ადამიანთან.

 

 

ლუკა რეპეტიციებზეა  და სახლში ვერ ვხედავ, ამიტომ როგორც კი კონკურსი დამთავრდება, ლაშა სახლში დავპატიჟე. ეს ბიჭი ჩემმა გულმა ნამდვილად მიიღო. და ვუთხარი, მადლიანი ხელი მაქვს და ეს საჩუქარი ჩემგან უნდა მიიღო, რა იცი, რა მადლი მოყვება-მეთქი. საერთოდ არ ვაპირებდი ამ საჩუქარზე ხმამაღლა ლაპარაკს, მაგრამ ჩემი ჩანაფიქრი იყო მოწოდება, შემომიერთდით გვერდით დავუდგეთ ლაშას-მეთქი. მე რომ მქონდეს შესაძლებლობა ზუსტად ვიცი, რასაც გავუკეთებდი.

 

ლაშა ნანობაშვილი: – უხერხულად და თანაც ამაყად ვიგრძენი თავი. ძალიან ბევრი და თბილად მესაუბრა. გულიდან წამოსული ემოციებით ამავსო. იმდენი სითბო და სიყვარული გამომიგზავნა, ისე გამამხნევა. საოცარი ქალია. თურმე დედაჩემთან კონტაქტობს იტალიაში, ეფერება და ამხნევებს. დედის ბედნიერება კიდე მსოფლიოს ოქროდ მიღირს. იმაზე სასიხარულო დედისთვის რა უნდა მეთქვა, რომ ნატო გელაშვილი, მისი საყვარელი კომპოზიტორი ასე დამიდგა გვერდით. დედას სიხარულის და სიამაყის ცრემლები სდიოდა… ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია, ვისზეც შოუბიზნესში აუგი არავის დასცდენია.

 

ნახევარი საქართველო ჩემს მდგომარეობაშია. მაგრამ არ არსებობს ციფრი და თანხა, რომელიც იმას მომცემდა, რაც ნატომ თავისი სიტყვებით და გამხნევებით მომცა. „მხოლოდ ქართულში“ საერთოდ რომ ათეულს ვერ გავცდენილიყავი და მარტო ნატოს ზარი განხორციელებულიყო, ყველაფერი ამად ღირდა.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X