fbpx
14:16 | 2020-11-20 ავტორი: Prime Time

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გმობს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გმობს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს თავდასხმებს საქართველოს არჩევნებში საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელზე – ამის შესახებ განცხადებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დაემსი ავრცელებს.

 

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში გარკვეული პოლიტიკური წარმომადგენლები ახორციელებენ უსაფუძვლო თავდასხმებს საქართველოს არჩევნებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის თავმჯდომარის პირადი მიუკერძოებლობის წინააღმდეგ“, – აცხადებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დაემსი.

 

„მისი განცხადებები, რომლებიც ასახავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის პოზიციას, გაკეთდა არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივად. მართალია, ყველას აქვს უფლება, არ დაეთანხმოს მათ მიგნებებსა და დასკვნებს, დაუშვებელია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიუკერძოებლობის კითხვის ქვეშ დაყენება.

 

შესაბამისად, მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ მხარეს ასეთი უსაფუძვლო ბრალდებებისგან თავშეკავებისკენ“, – განაცხადა ბატონმა დაემსმა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს საბარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ტინი კოქსი გააკრიტიკა და მას რუსეთის აგენტი უწოდა. მოგვიანებით კი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ევროპელი დიპლომატი რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს.

ავტორი: Prime Time
X