fbpx
15:04 | 2020-09-25 ავტორი: Prime Time

Eurolatio – საქართველო Covid 19-ის პრობლემას წარმატებულად უმკლავდება

Eurolatio – საქართველო Covid 19-ის პრობლემას წარმატებულად უმკლავდება

„საქართველო პრობლემას წარმატებულად უმკლავდება და ეს განსაკუთრებით შესამჩნევია იმიტომ, რომ საქართველო რეგიონში გამონაკლისს წარმოადგენს – წერს გამოცემა eurolatio სტატიაში სათაურით „Covid 19: „ქართულ ოცნებასა“ და ამერიკულ კოშმარს შორის“.

 

როგორც სტატიის ავტორი, ევროპის განვითარებისა და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის (IPSE) ასოცირებული მკვლევარი, ევროპის ნარკომანიისა და ტოქსიკომანიის ობსერვატორიის (OEDT) ყოფილი დირექტორი ჟორჟ ესტივენარტი აღნიშნავს, სახელმწიფომ თავისი სტრატეგია რეაქტიულობაზე, კომუნიკაციასა და მოსახლეობის მობილიზაციაზე დააფუძნა, საპრევენციო ღონისძიებების ხელშეწყობით.

 

„სხვა ქვეყნების მსგავსად, პანდემიასთან საბრძოლველი სტრატეგიის შემუშავება საქართველოსაც სარწმუნო მაგალითების გარეშე დაჭირდა. დღეისათვის, შესაძლებელია ითქვას, რომ ქვეყანა პრობლემას წარმატებულად უმკლავდება და ეს განსაკუთრებით შესამჩნევია იმიტომ, რომ საქართველო რეგიონში გამონაკლისს წარმოადგენს. მის მეზობელ სომხეთში, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით საქართველოს უტოლდება (დაახლოებით 3 000 000 მოსახლე), ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა 44953-ია. განიკურნა 40592 პირი, გარდაიცვალა – 817.

 

ამდენად, საქართველოს მთავრობამ, a priori, კარგად შეასრულა თავისი მისია, დაიცვას ქვეყნის მოსახლეობა. გაცნობიერებული ჰქონდა რა ქართული ჯანდაცვის სისტემის სისუსტეები, სახელმწიფომ თავისი სტრატეგია რეაქტიულობაზე, კომუნიკაციასა და მოსახლეობის მობილიზაციაზე დააფუძნა, საპრევენციო ღონისძიებების ხელშეწყობით. პანდემიის მოახლოების შესახებ ძალიან ადრე გაფრთხილებულმა გიორგი გახარიას მთავრობამ, რომელსაც მხარს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა უჭერს, Covid 19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყნის ტერიტორიაზე 2020 წლის 26 თებერვალს დააფიქსირა. მთავრობის გადაწყვეტილებით, თებერვლის ბოლოდან ჩაიკეტა საქართველოს საზღვრები პანდემიის პირველ ორ კერასთან: ირანთან და ჩინეთთან. პარალელურად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეკეტა სკოლები და უნივერსიტეტები, გაეჩერებინა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დააწესა კომენდანტის საათი, რომლის დამრღვევი პირებიც 900 ევროს ოდენობის თანხით დაჯარიმდებოდნენ. დაიწყო სისტემატური ტესტირება და, ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, 5 000 ადამიანი კარანტინში მოთავსდა“ – წერს გამოცემა.

 

 

აქვე აღნიშნულია, რომ პოლიტიკოსებმა Covid-19-თან დაკავშირებული კომუნიკაცია ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების „სამ მუშკეტერად“ ცნობილ სამეულს მიანდეს, რომელმაც საოცრად იმუშავა.

 

 

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე, პაატა იმნაძე და გამოჩენილი ვირუსოლოგი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიური იმუნოლოგიის კვლევის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.

 

ქართული მედიასივრცის ვარსკვლავებად გადაქცეული მუშკეტერები სანდო ინფორმაციასა და მითითებებს აწვდიდნენ მოსახლეობას, რაც მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს მკაცრი პრევენციული ზომების დაცვას, საყოველთაო კარანტინის გამოცხადების საჭიროების გარეშე. განხორციელებული საპრევენციო, საკონტროლო და მოსახლეობის სამოტივაციო ღონისძიებებით და, შესაბამისად, მიღებული კარგი შედეგების წყალობით, სამ მუშკეტერს იმედი აქვს, რომ ქვეყანა პანდემიის „ასე საშიშ“ მეორე ტალღას თავიდან დიდწილად აირიდებს.

 

ამასთან, 2020 წლის 14 აპრილს დამტკიცებულ იქნა ერთი მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების „ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა“, რომელიც განკუთვნილია უმუშევრებისა და დაზარალებული კომპანიებისათვის, ძირითადად, ტურიზმისა (2019 წელს ტურისტულმა ნაკადმა 9 მილიონი ადამიანი შეადგინა) და სოფლის მეურნეობის სფეროებში“ – ნათქვამია სტატიაში.

 

 

ავტორის თქმით, გატარებული ღონისძიებების ეს პაკეტი და უკვე მიღებული შედეგები “ქართული ოცნების” მთავრობას საშუალებას აძლევს, 2020 წლის 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების იმედი ჰქონდეს.

 

 

„აღსანიშნავია, რომ ამ პროევროპულმა და ნატოში გაწევრების მომხრე პარტიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნების მეორე ტურში, 2018 წლის 29 ნოემბერს, ხმათა 59,52% მოიპოვა, თავისი ყველაზე სახიფათო მოწინააღმდეგის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ (ხმათა 40,48%).

 

მიუხედავად დემონეტიზაციისა, რომელიც ქართველ პოლიტიკოსებსაც ისევე ეხება, როგორც სხვებს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში პოლიტიკურ უმრავლესობას შეუძლია ლეგიტიმურად მოითხოვოს კორონავირუსის სწორი მართვის აღიარება და საარჩევნო ურნებთან ძალთა თანაფარდობა თავის სასარგებლოდ წარმართოს. მთავრობის მიერ სანიტარული კრიზისის მართვა შესაძლოა, გადამწყვეტი გახდეს ქვეყნის პოლიტიკური სტაბილიზაციასა და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაში. ამდენად, შეგვიძლია, დავადგინოთ, რომ, ზოგადად, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ დანერგილი ფორმულა წარმატების გასაღებად გადაიქცევა“ – წერს გამოცემა.

 

 

როგორც ავტორი აღნიშნავს, იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია Covid 19-ის კარგ მენეჯმენტს მთავრობის საარჩევნო შანსების გაზრდა, უახლეს მაგალითს გვთავაზობს სამხრეთ კორეაც.

 

„პრეზიდენტ მუნის დემოკრატიულმა პარტიამ მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა 57 დამატებითი ადგილით. საქართველოს მთავრობის მსგავსად, დემოკრატიულმა პარტიამ მოხერხებითა და ექსპერტიზით მართა ვირუსი, რისთვისაც კორეის მოსახლეობამ დააჯილდოვა კიდეც. მსოფლიოში საარჩევნო კამპანიები ზოგჯერ ანეკდოტურ ან ტრივიალურ “სკანდალებად” შეიძლება გადაიქცეს. 2020 წელს არჩევნები ფაქტიურად სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხებზე წყდება.

 

მათ, ვინც გონივრულად მოიქცა და შეძლო თავიანთი მოქალაქეების დაცვა, დაჯილდოების დიდი შანსი აქვთ“ – წერს გამოცემა.

 

სტატიაში საუბარია აშშ-ში არსებულ ვითარებაზე.

 

„ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა 331 მილიონ მოსახლეს ითვლის 9834 000 კმ2 ფართობზე. მისი მშპ კი 20 494 მილიარდ დოლარს უდრის. 2020 წლის 15 აგვისტოს, ქვეყანაში 5 371 638 დადასტურებული დაინფიცირებული იყო, რომელთაგან 55 057-ს ინფიცირება ერთ დღეში, 15 აგვისტოს დაუდგინდა. ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 169 382 პირს აღწევს, მათგან 1 234 დაინფიცირებული 15 აგვისტოს გარდაიცვალა.

 

ასეთი სავალალო მდგომარეობა, ძირითადად, დონალდ ტრამპის, სამწუხაროდ, მდგრად არჩევანს უკავშირდება, რომელიც ჯერ პანდემიის უარყოფაში, უდავო სამეცნიერო თვალსაზრისის ზიზღში, შემდეგ კი – სიტუაციის გამოსასწორებელ, დროში აცდენილ ღონისძიებებში მდგომარეობს. ამას ემატება სხვადასხვა პოლემიკა, როგორიცაა დოქტორ დიდიე რაუს მიერ რეკომენდებული ჰიდროქსიქლოროქინით სასწაულებრივი მკურნალობის შესახებ.

 

ნიღბის ტარების მოწინააღმდეგე ტრამპმა 21 ივლისს აზრი შეიცვალა, შემდეგ თავი დაავადების ჰიდროქსიქლოროკინით მკურნალობის გულმხურვალე მომხრედ გამოაცხადა, თუმცა, თავისი ძირგამომთხრელი საქმიანობა „პაციენტის დაცვისა და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების შესახებ კანონისა (Obamacare)“ და ჯანმოს წინაამდეგ გააგრძელა. პრეზიდენტმა ტრამპმა, პანდემიისადმი თავისი არასწორი მიდგომით, შესაძლოა, საბოლოოდ დაკარგა შანსი, 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორეჯერ გაიმარჯვოს.

 

ამდენად, რაკი მისი პოზიციები დასუსტებულია, მან დამატებითი პოლემიკა გააჩაღა ხმის დისტანციურად მიცემის ჩაშლისათვის, ან, სულაც, არჩევნების (მისთვის) უკეთესი დროისათვის გადადებისთვის. როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენის დემოკრატიული პარტიიდან, კამალა ჰარისმა აღნიშნა : “ვირუსმა დააზიანა თითქმის ყველა ქვეყანა, მაგრამ, არსებობს ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკა სხვა განვითარებულ ქვეყნებზე მეტად დაზარალდა. ეს მიზეზი არის ტრამპის უუნარობა, სერიოზულად აღექვა ვირუსი… ამ მიზეზით, ყოველ 80 წამში ერთი ამერიკელი Covid 19-ით იღუპება“- წერს გამოცემა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X