19:56 | 2021-07-31 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

„ეჭვი მეპარება, ამ ქვეყანაში ვინმე ჩამოვიდეს“ – არიან თუ არა ტურისტები საქართველოში

„ეჭვი მეპარება, ამ ქვეყანაში ვინმე ჩამოვიდეს“ – არიან თუ არა ტურისტები საქართველოში

ტურისტული კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებლის, ცოტნე ჯაფარიძის ცნობით, ამ დროისთვის ქვეყანაში ტურისტები პრაქტიკულად აღარ არიან.

 


მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა უცხოელი ვიზიტორების რიცხვი 2019 წლის მონაცემების მხოლოდ 15-25%-ს შეადგენდა. ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი ამ მონაცემების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ ეს დატვირთვა კიდევ უფრო შემცირდება:

 

„ტურისტების რაოდენობა არაბულ ქვეყნებში დასვენების დღეების გამო იყო მომატებული. მათ სხვაგან დასვენების საშუალება არ ჰქონდათ და შესაბამისად, საქართველოში ჩამოდიოდნენ. ტურისტების 95% დუბაიდან და არაბული ქვეყნებიდან იყო. არდადეგები არაბულ ქვეყნებში დასრულდა და ახლა ტურისტების ნასახი აღარ არის. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, 5 ივლისის ამბების შემდეგ და კოვიდ-სტატისტიკიდან გამომდინარე არცერთი ჯავშანი ევროპის და მაღალგანვითარებული ქვეყნებიდან აღარ შემოსულა. ახალი ჯავშნები საერთოდ არ გვაქვს“, – ამბობს BM.GE-თან „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი.

 

ცოტნე ჯაფარიძის განმარტებით, არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მთავრობის წევრების მხრიდან პასუხისმგებლობის კერძო სექტორზე გადატანა არასწორია და ტურისტული ინდუსტრიის ნაწილი თავის წილ პასუხისმგებლობას არ უგულებელყოფს.

 

„ჩვენს არცერთ ტურისტს ინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებია. ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირების დიდი ნაწილი კი „სინოფარმით“ჯერ კიდევ ჯანმოს აკრედიტაციამდე აიცრა.

 

ეჭვი მეპარება, ამ ქვეყანაში ვინმე ჩამოვიდეს, ერთეული შემთხვევები კი სურათს არ შეცვლის – ეს კოვიდ-სტატისტიკით და არასტანდარტული გარეგნობის უცხოელებზე ძალადობის ფაქტებით იქნება გამოწვეული. “, – განმარტა ცოტნე ჯაფარიძემ.

 

„პრაიმტაიმი“ ტურიზმის სფეროში მომუშავე ბიზნესოპერატორის მიერ გაჟღერებული ინფორმაციით დაინტერესდა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკური მონაცემები შეისწავლა.

 

როგორც აღმოჩნდა, საქართველოში გასულ წელთან შედარებით მიმდინარე წელს – იანვრის თვიდან ივნისამდე 961, 194-ით ნაკლები ტურისტი შემოვიდა. ხოლო ქვეყანამ შემოსავლის მხრივ 374 148 დოლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო.

 

„ტურიზმის დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობამ 2020 წლის ექვსი თვის – იანვარ-ივნისის მაჩვენებლით სულ 1,447,208 შეადგინა. ამავე მონაცემებით, მიმდინარე წელს, დროის იგივე საანგარიშო მონაკვეთში სულ 486,014 ტურისტი შემოვიდა. რაც გასულ წელთან შედარებით 961, 194-ით ნაკლებია.

 

რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურობიდან ქვეყანაში შემოსულ შემოსავლებს, 2020 წელს, პირველ კვარტალში დაფიქსირდა 427 699 აშშ დოლარი. ხოლო 2021 წლის იმავე კვარტალში – 53 551 აშშ დოლარი. რაც გასულ წელთან შედარებით 374 148 დოლარით ნაკლებია.” – აღნიშნულია ანაგრიშში.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი


X

error: Content is protected !!