
ექსპერტი, მამუკა არეშიძე „პრაიმტაიმთან“ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობას აფასებს და ამბობს, რომ პროცესები პოლიტიზირებულია.
არეშიძის თქმით, გუშინდელი აქციის ორგანიზატორები „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული აქტივია, რომელთა სახელებიც და გვარებიც ცნობილია.
ექსპერტის განმარტებით, როდესაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები გამოვიდნენ და თავიანთი პროტესტი გამოხატეს, ჰქონდათ საფუძველი და ეს გასაგებია, თუმცა, აქციები ხშირად გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების გამტარებელია და სიტუაციას ხელოვნურად ძაბავს.
„ჩვენ ამის ნათელი მაგალითი სარალიძის შემთხვევაშიც გვქონდა. მისი აბსოლუტურად ლეგიტიმური გულისტკივილი და უბედურება პოლიტიკურმა პარტიამ იმისთვის გამოიყენა, რომ ამბავი შეექმნა. სარალიძის სწორი მიდგომები რომ არა, არა როგორც პოლიტიკური მოვლენა, არამედ როგორც კრიმინალური ამბავი ისე გაგრძელდებოდა.
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სამართალდამცავ უწყებებში არიან ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევებში, ხელოვნურად ქმნიან და ართულებენ გამოძიების პროცესებს.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მისი მანქანის პოვნა არ უნდა ყოფილიყო რთული. არ არის ეს ისეთი ამბავი, რომ მწყემსი შემთხვევით გადაწყდომოდა. ეს ან უღერღილობა და უნიათობა, ან პროცესის შეგნებული საბოტაჟია“, – ამბობს არეშიძე.
კითხვაზე, რა როლი და პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას ბოლო დროს ქვეყანაში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობებზე, ექსპერტი გვპასუხობს:
„ფრანგი ფილოსოფოსის და საზოგადო მოღვაწის, ბენჟამინ კონსტანის გამოთქმაა: „რაც არ უნდა მცდარი იყოს ხალხი, დამნაშავე მაინც ხელისუფლებაა“. რაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერზე პასუხისმგებლობა მას აკისრია.
დღევანდელი ხელისუფლება პასუხისმგებლობას არ გაურბის, მაგრამ საჭიროა ბევრად უფრო ენერგიული და სიტუაციებიდან გამომდინარე, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქვეყანაში ახალგაზრდული ძალადობის ფაქტები გახშირდა. ეს პრობლემა საგანმანათლებლო სისტემებსაც ეხება. ის, რომ სამწუხაროდ, ოჯახური აღზრდის ტრადიციები საქართველოში მოიშალა, ერთი შეხედვით, ხელისუფლების ბრალი არ არის. ეს არის სიტუაციის, სოციალური ვითარების და ბევრი სხვა ფაქტორის ბრალი. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ამ მხრივ, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, ხელისუფლებასაც შეუძლია“, – განმარტა მამუკა არეშიძემ.