23:57 | 2020-07-14 ავტორი: Prime Time

ეს უნდა იცოდეს დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა – რა იცვლება შრომის კოდექსში

ეს უნდა იცოდეს დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა – რა იცვლება შრომის კოდექსში

პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც რამდენიმე საკითხს მოიცავს.

 

კანონპროექტის თანახმად, წესრიგდება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების საკითხები

 

ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ.

 

ასეთ შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს შესაბამისი დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ.

 

ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღება შესაძლებელი იქნება, 604 კალენდარული დღის ოდენობით. ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადი იქნება 57 კალენდარული დღე.

 

გარდა ბავშვის მოვლისთვის გათვალისწინებული საშვებულებო დღეებისა, ქალს შეეძლება ორსულობისა და მშობიარობის გამო 126 დღიანი, ხოლო მშობიარობის გართულების შემთხვევაში 143 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება აიღოს.

 

კანონპროექტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დასრულების შემდეგ, დაბრუნდეს იმავე სამუშაოზე იმავე შრომითი პირობებით, ასევე, ისარგებლოს ნებისმიერი გაუმჯობესებული შრომითი პირობებით იმ ფარგლებში, რისი მიღების უფლებაც მას ექნებოდა შესაბამისი შვებულებით რომ არ ესარგებლა.

 

ცვლილებებით, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დასრულების შემდეგ, დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლება, რამდენადაც ეს აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად და არ იწვევს დამსაქმებლისათვის არაპროპორციული ფინანსური ხარჯების წარმოშობას.

 

6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირება აკრძალული გახდება

 

6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირება აკრძალული გახდება. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა (90 მომხრე) „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებების პროექტს.

 

კანონპროექტის თანახმად, „შრომის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომელიც სტაჟიორსა და დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობებს განსაზღვრავს.

 

ამავე მუხლით განსაზღვრულია სტაჟიორის დეფინიცია: სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით.

 

დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავიდან აირიდოს შრომითი ხელშეკრულების დადება. სტაჟიორი არ ანაცვლებს დასაქმებულს. დამსაქმებელს უფლება არ აქვს აიყვანოს სტაჟიორი იმ დასაქმებულის ნაცვლად, რომელთანაც შეჩერდა ან/და შეწყდა შრომითი ურთიერთობა.

 

ცვლილებების თანახმად, არანაზღაურებადი სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა – 1 წელს.

 

ერთი და იმავე პირს უფლება აქვს ერთი და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ. სტაჟიორისა და დამსაქმებლის ურთიერთობა რეგულირდება წერილობითი ხელშეკრულებით, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ აღწერას სტაჟიორის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ.

 

ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება შესაძლოა, ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით მოხდეს

 

ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით მოხდება.

 

დამსაქმებელი ვალდებული ხდება, დასაქმებულს ყოველ ზეგანაკვეთურ საათში გადაუხადოს იმ თანხის 125%, რასაც ჩვეულებრივ სამუშაო საათში უხდის.

 

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ, დასაქმებულისათვის დამატებითი პროპორციული დასვენების დროის მიცემაზე, თუმცა დამატებითი დასვენების დროის მიცემა უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირის განმავლობაში.

 

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებებით წესრიგდება დასვენების დღეების საკითხიც. კერძოდ, სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.

 

12-საათიანი ყოველდღიური დასვენების დროის გარდა, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებული უზრუნველყოს ყოველ 7 დღეში სულ მცირე 1 დასვენების დღით.

 

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დრო შეადგენს არანაკლებ 6 საათს, დასაქმებულს წარმოეშობა შესვენების უფლება, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი.

 

დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისათვის შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.

 

ცვლილებები ასევე შეეხება ღამის სამუშაოსაც. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაო პირობებში, ღამის სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულისთვის 24-საათის განმავლობაში მაქსიმალური სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს.

 

დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წერილობითი ხელშეკრულების დადება, თუკი შრომითი ურთიერთობა 1 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, სავალდებულო ხდება.

 

დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წერილობითი ხელშეკრულების დადება, თუკი შრომითი ურთიერთობა 1 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, სავალდებულო ხდება. პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.

 

კანონპროექტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების დადება შესაძლებელია ზეპირი ან წერილობითი ფორმით, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ურთიერთობა ერთ თვეზე მეტხანს გრძელდება, წერილობითი ხელშეკრულების დადება აუცილებელია.

 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად მოქმედი „შრომის კოდექსი“ დამსაქმებელს წერილობითი ხელშეკრულების დადებას 3 თვეზე მეტ ხანს შესასრულებელი სამუშაოს შემთხვევაში ავალდებულებს.

 

ამასთან, „შრომის კოდექსს“ ემატება ახალი მუხლი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შინაარსს შეეხება. კანონპროექტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია:

 

  •  ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ;

 

  •  მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;

 

  • სამუშაო დრო და დასვენების დრო;

 

  • სამუშაო ადგილი;

 

  • თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე;

 

  • შრომის ანაზღაურება და მისი გადახდის წესი;

 

  • ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;

 

  • ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი;

 

დამსაქმებლის და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი;

 

  • კოლექტიური ხელშეკრულებების დებულებები, იმ შემთხვევაში, თუ ისინი განსხვავებულად არეგულირებენენ დასაქმებულთა შრომის პირობებს.

 

საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი არასრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმების საკითხებსაც არეგულირებს. პროექტის თანახმად, აკრძალულია შრომით პირობებთან დაკავშირებით არარსრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირის განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში სრულ განაკვეთზე დასაქმებულ პირთან შედარებით, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პირი დასაქმებულია არასრულ სამუშაო განაკვეთზე.

 

გარდა ამისა, დამსაქმებელს ეკრძალება დასაქმებული სამსახურიდან გაათავისუფლოს მხოლოდ იმის გამო, რომ დამსაქმებელმა უარი თქვა არასრულიდან სრულ სამუშაო განაკვეთზე, ან პირიქით გადასვლაზე ( გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამუშაო განაკვეთის ცვლილება შრომითი ხელშეკრულებით არის განსაზღვრული).

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X