fbpx
16:52 | 2020-05-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ეს სიკვდილის გზა იყო – რას ყვება ემიგრაციაში მყოფი ქართველი რეჟისორი

ეს სიკვდილის გზა იყო – რას ყვება ემიგრაციაში მყოფი ქართველი რეჟისორი

პრაიმტაიმი გიამბობთ უცხოეთში წასული ქართველი ემიგრანტის, რეჟისორ ლიგია მუშკუდიანის ისტორიას, რომელმაც საბერძნეთში მეტად რთული და წინააღმდეგობით სავსე დიდი გზა განვლო.

 

– საქართველოდან მაშინ წავედი, როდესაც აქ დიდი გაჭირვება იყო. 20 წლიან ემიგრაციაში ვარ, ათენში ვცხოვრობ.

 

იმის მიუხედავად, რომ ვაკეთებ საქმეს, რაც არ არის ჩემი მოწოდება, ვალაგებ სახლებს და საკმაოდ მძიმე შრომა მიწევს, მიყვარს ეს ქალაქიც და ეს ქვეყანაც, რომლებმაც ჩემი ოჯახი, დედა და შვილი შიმშილს გადაარჩინა.

 

პროფესიით რეჟისორი ვარ, ჟურნალისტიც, თეატრალური ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული, წლების განმავლობაში რუსთავის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად ვმუშაობდი,

 

საინტერესო ცხოვრება მქონდა, მიყვარდა ჩემი პროფესია, რუსთავში ვაწყობდით კარგ კულტურულ ღონისძიებებს, მაგრამ შემდეგ დადგა მძიმე 90-იანი წლები, როდესაც ცხოვრება ძალიან გაჭირდა.

 

არ იყო შუქი, გაზი, წყალი, თითქმის უხელფასოდ გვიწევდა მუშაობა მეც და ჩემს კოლეგებსაც. ოთხმა მეგობარმა მივიღეთ გადაწყვეტილება, საბერძნეთში წამოვსულიყავით სამუშაოდ.

 

წამოვედით თითქმის ბრმად. მაშინ ადამიანთა უმეტესობა ასე წავიდა ემიგრაციაში. არ ვიცოდით, რას გვიმზადებდა ცხოვრება უცხო ქვეყანაში.

 

– რა არის ყველაზე რთული ემიგრანტული ცხოვრების დასაწყისში?

 

– გადაწყვეტილების მიღება, დატოვო ძვირფასი ადამიანები და წახვიდე შენი ქვეყნიდან. მე მყავდა დედა, რომლის დატოვებაც ყველაზე მეტად გამიჭირდა.

 

დედა 33 წელი მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, პარალელურად მუშაობდა ამწე კრანზე, რომელიც მაღალსართულიან სახლებს აშენებდა – ახალი რუსთავი დედაჩემის აშენებულია.

 

ამ სამსახურში კაცებს უჭირდათ, მაგრამ დედა უძლებდა. ჩემი მშობლები დაშორებულები იყვნენ და მას მარტოს უწევდა შვილების გაზრდა.

 

90-იან წლებში ისე გაგვიჭირდა, პურის ფული არ გვქონდა. ერთ დღეს, დედამ მოიხსნა ნიშნობის ბეჭედი, წითელ ხიდზე რომ წასულიყო და პური ჩამოეტანა. მაშინ გადავწყვიტე, ემიგრაციაში წამოვსულიყავი.

 

სწორედ იმ პერიოდში გაიხსნა საბერძნეთის საზღვარი. ვიზა, საბუთები მოსკოვში გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, ამისთვის ვალი ავიღეთ.

 

როდესაც საბერძნეთში ჩამოვედი, ძალიან მალე მომიწია უკან, საქართველოში დაბრუნება, რადგან მაშინ სამთვიანი ვიზების პერიოდი იყო, მისი დარღვევა მკაცრად კონტროლდებოდა.

 

ამის გამო პოლიციასთან პრობლემებიც კი შემექმნა, ათენში დამაკავეს, მაგრამ სასამართლომდე საქმე არ მისულა, ისე დაგვატოვებინეს ქალაქი.

 

იმის შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მაგრამ დღემდე მახსოვს ის ემოცია, რაც დაპატიმრების შიშს უკავშირდება.

 

მე კიდევ უფრო მარტივად გადავრჩი, მაგრამ რამდენიმე ჩემი მეგობარი დღეების განმავლობაში იყო დაპატიმრებული და მათგან ვიცი, რა მძიმეა ციხეში მოხვედრა. ადამიანებს ამის გამო თავის მოკვლაც კი უცდიათ.

 

ამის შესახებ ბევრი ისტორია არსებობს. შენს ქვეყანაში შესაძლოა, გქონოდა ნორმალური სამსახური, ჩამოდიოდი აქ, დამლაგებლად, მოხუცის მომვლელად და სავიზო რეჟიმის დარღვევისთვის მოხვდებოდი სადეპორტაციო ციხეში, რაც არის უზარმაზარი სტრესი ასეთი ადამიანისთვის.

 

გამიგია, რომ სხვა ქვეყნებში უფრო მძიმეა სადეპორტაციო ციხეში მოხვედრა, იმის მიუხედავად, რომ საბერძნეთში სამართალდამცველები არ არიან უხეშები,

 

ციხე ციხეა, საკანში ისეთ ვინმესთან ერთად მოხვდები, მკვლელთან, ნარკომანთან, თუ სუსტი ფსიქიკა გაქვს, შეიძლება ვერ გაუძლო.

 

90-იან წლებში საბერძნეთში მოხვედრა ხალხს სიცოცხლის ფასად უჯდებოდა. აქ მუშაობდა რამდენიმე ჯგუფი, რომელთაც ჩვენი ემიგრანტები გადმოჰყავდათ მაკედონიიდან და ბულგარეთიდან, ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი დაიღუპა გზაში, მთებში იყინებოდნენ.

 

ავტობუსებში, ტვირთში და სკამების ქვეშ მალავდნენ ადამიანებს, ზამთარში მდინარეებით გადმოჰყავდათ ემიგრანტები, პატარა გასაბერი ნავებით, ერთი შეხედვით პატარა მდინარეში, უცებ წყალი ისეთ დონემდე ადიოდა, ვინც ცურვა არ იცოდა, მისთვის ეს გზა სიკვდილის გზა იყო.

 

იმ პერიოდში, ვინც შეძლო საბერძნეთის ემიგრაციაში მოხვედრა, ეს იყო საუკეთესო ნაკადი საქართველოდან – ექიმები, მასწავლებლები, მეცნიერები. ადამიანები, ვინც ინტელექტუალური შრომით ვეღარ შეძლო თავის გატანა.

 

ქალებს უფრო გაგვიმართლა, საბერძნეთში ქალებისთვის სამუშაო მეტი იყო, მამაკაცებს მშენებლობებზე მძიმე ფიზიკური შრომა უწევთ, რომ თავი გაიტანონ.

 

სამწუხაროდ, ბევრმა ახალგაზრდა ვაჟმა ვერ გაუძლო ასეთ შრომას, ნარკოტიკებმა აქ ბევრი ქართველი ახალგაზრდა დაღუპა.

 

– რა გზას გადიან სამუშაოს საძიებლად ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში? 

 

– ეს ძალიან მძიმე გზაა. თუ საკუთარ თავზე არ გაქვს გამოცდილი, შორიდან ამის წარმოდგენა რთულია.

 

როდესაც ემიგრანტები ვიწყებთ საუბარს ჩვენს მძიმე ყოფაზე და საქართველოში დარჩენილებისგან მესმის, თქვენ რა გიჭირთ, შემოსავალი გაქვთ, ოჯახებს ინახავთ, ისინი ვერც კი წარმოიდგენენ, რის ფასად გვიჯდება ეს ყველაფერი.

 

მე მშვიდად ვარ იმის გამო, რომ ჩემს დედასა და შვილს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, არ შიათ და არ სწყურიათ, და მათ გვერდით ცხოვრობს უამრავი ოჯახი, ვინც არ იცის, შვილებს პური როგორ აჭამოს, მაგრამ მედალს მეორე მხარე აქვს.

 

თქვენ რომ იცოდეთ, აქ, საბერძნეთში, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით ახალგაზრდა ქალები როგორი მძიმე შრომით ვშრომობთ, რომ საქართველოში ჩვენი ოჯახის წევრები შევინახოთ, აღარ გაგიკვირდებათ, რა ტკივილზე ვსაუბრობთ, როდესაც ემიგრანტების მძიმე ყოფას ვახსენებთ.

 

მთელი კვირა რომ ჩაკეტილი იქნები სახლში, უცხო ადამიანთან და მხოლოდ საოჯახო საქმეს აკეთებ, შენს თავს არ ეკუთვნი, იცი, რომ ტყვე ხარ.

 

დროდადრო ამას ეჩვევი, მაგრამ ბოლომდე შეჩვევა წარმოუდგენელია, ღამეების გათენების, სიმძიმეების აწევის გამო, საბერძნეთში დასაქმებული ქართველი ქალებიდან ყოველ მეორე ქალს ორგანიზმი დანგრეული გვაქვს.

 

მე პირადად მაწუხებს დისკოზი, სქოლიოზი, მაქვს ხერხემლის პრობლემები. ამას წინათ ერთმა მეგობარმა, რომელიც ამერიკაში მუშაობს, მითხრა: თითოეულ კაპიკს ისეთი სიმწრით ვშოულობ, მიკვირს, საბერძნეთიდან ჩამოსული, როგორ ახერხებდი ხოლმე მეგობრებისთვის საჩუქრების ჩამოტანას და ჩვენს გახარებასო. მართლაც ასეა.

 

15 წლის წინათ უფრო ახალგაზრდა ვიყავი და ჯანმრთელობას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი, ახლა უკვე ვგრძნობ, რა მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები მოჰყვება ასეთ შრომას. მე საბერძნეთში ყოფნის დროს დავოჯახდი, შვილი აქ მეყოლა.

 

ორსულად რომ დავრჩი, ვმალავდი, მეშინოდა, რომ სამსახურიდან გამათავისუფლებდნენ. ძალიან გამხდარი ვიყავი და ორსულობა არ მეტყობოდა.

 

36 წლის ასაკში ქალისთვის, რომელსაც მძიმე სამუშაო აქვს, ორსულობა იოლი არ არის.

 

იმ დროს ძალიან დიდ ოჯახში ვმუშაობდი, მილიონერები იყვნენ, ბავშვების მომვლელად ამიყვანეს. ორ პატარა ბავშვს ვზრდიდი.

 

ჩემთან ერთად იმ ოჯახში ფილიპინელები მუშაობდნენ, სულ საათზე იყურებოდნენ, რომ დროზე დაემთავრებინათ სამუშაო და წასულიყვნენ. ქართველებმა სხვანაირად ვიცით მუშაობა, იმიტომ არის, რომ საბერძნეთში ქართველები ძალიან უყვართ.

 

რვა თვის ორსულს ორი ბავშვი ხელში აყვანილი დამყავდა, სამსართულიანი სახლი ჰქონდათ, ყოველ წუთს პირველიდან მესამე სართულზე ასვლა-ჩასვლა მიწევდა, რაც ძალიან მიჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და ვუძლებდი.

 

შემდეგ საბერძნეთში დედა ჩამოვიყვანე, რომ ბავშვის გაზრდაში დამხმარებოდა. დღემდე ვბრაზდები, როდესაც ემიგრანტები ახლობლებს დაჰპირდებიან ხოლმე, შენ აქამდე ჩამოდი, მე დაგხვდები და დაგეხმარებიო.

 

ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. წლების წინათ პატარა ბინა მქონდა დაქირავებული, თავშესაფრისა და სარჩოს გარეშე დარჩენილი უამრავი ქართველი მომყავდა სახლში.

 

მე, დედას და ბავშვს სამზარეულოში გვძინებია, რომ ქუჩიდან მოყვანილი ადამიანისთვის ღამე გაგვეთენებინა, ამაში მთელი ათენი დამემოწმება. ემიგრანტები, ვინც ოჯახებში მუშაობენ, მთელი კვირის განმავლობაში გარეთ ვერ გამოდიან,

 

ჩათვალეთ, რომ ციხეში არიან, შეიძლება, შენი ძალიან, ძალიან ახლობელიც ჩამოვიდეს საქართველოდან, მაგრამ გარეთ ვერ გახვიდე და ვერ დახვდე.

 

მე მინახავს უამრავი, ქუჩაში დარჩენილი ქართველი, ულუკმაპუროდ, უსახლკაროდ, ადრე ამას მასიური სახე ჰქონდა, ახლა საბერძნეთში უკვე იმდენი ვართ საქართველოდან ჩამოსულები, ასე აღარ ხდება.

 

შენს ქვეყანაში მშიერი რომ დარჩე, დახმარების ხელს ვიღაც აუცილებლად გამოგიწვდის, უცხო ქვეყანაში რა უნდა ქნა, საბერძნეთში ქუჩაში წყალს ვერ დალევ, უნდა იყიდო. აქ ერთი დღე ვერ იქნები უმუშევარი.

 

– რა არის ყველაზე მძიმე ემიგრანტულ ცხოვრებაში?        

 

– ადამიანები, ვისაც საბუთი არ აქვთ, ვერ ჩამოდიან საქართველოში ისეთ მძიმე დღეებშიც კი, როგორიც შეიძლება იყოს შვილის, მშობლების, ოჯახის წევრების გარდაცვალება.

 

ეს არის საშინელება. ვიცი შემთხვევები, როდესაც სკაიპით ესწრებიან მშობლების პანაშვიდებს, ვერ ჩადიან შვილის დაკრძალვაზე, მეორე შვილის მომავლის გამო.

 

ფიქრობენ, გარდაცვლილს ვერაფერს ვეღარ უშველიან და მეორე შვილის, შვილიშვილების სარჩოც არ დაკარგონ.

 

ხვდებით, ეს რა წარმოუდგენელი, საშინელი ემოციაა, შვილმკვდარი დედა რომ ამბობს, რომ ჩავიდე საქართველოში, შვილს კი დავიტირებ, მაგრამ უკან ვეღარ ჩამოვალ და შვილიშვილები დამრჩებიან მშივრები.

 

ჩვენთან საშინელი ტრაგედია დატრიალდა, ერთმა ქალბატონმა, ახალ წელს შვილი ჩამოიყვანა საბერძნეთში, ახალგაზრდა ბიჭი იყო, მოიწამლა და დაიღუპა.

 

დედამ თვითონ ჩაასვენა გარდაცვლილი შვილი საქართველოში. ქუთაისელი გოგო მუშაობდა აქ ერთ-ერთ ოჯახში,

 

ერთ დღეს გარეთ გამოსულს სახლის კარი დაეკეტა, იფიქრა, საყვედური არ მითხრანო, აივნიდან გადადიოდა დაკეტილ სახლში, მესამე სართულიდან ჩამოვარდა და 22 წლის გოგო საბოლოოდ დაინვალიდდა.

 

კახეთიდან ჩამოსული მამა და მისი ორი შვილი მუშაობდნენ ერთ-ერთ ოჯახში.

 

ზაფხულის პერიოდი იყო, ერთ-ერთი გოგონა აუზში ცურავდა, არ ვიცი, რა მოხდა, როგორც მერე თქვეს, წყალში დენმა გაიარა, როდესაც მამამ და დამ დაინახეს, რომ გოგონა იხრჩობოდა, ისინიც გადახტნენ აუზში მის დასახმარებლად და სამივე ერთად დაიღუპა.

 

შარშან მოხდა კიდევ ერთი ტრაგედია. ახალგაზრდა გოგონა ცხოვრობდა ათენში ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მისი მეუღლე დაკავებული იყო, საბუთის არქონის გამო.

 

გოგონამ ერთ ჩვეულებრივ დღეს ჯერ ერთ შვილს აჭამა, მერე მეორეს მიუტრიალდა და უფროს ბავშვზე ყურადღება მოადუნა. რამდენიმე წუთში ბავშვი გაქრა, ვერ იპოვა სახლში,

 

როგორც მერე გაირკვა, 3 წლის ბავშვი ტუალეტის ფანჯრიდან გადამძვრალიყო და მესამე სართულიდან გადავარდა, გარდაცვლილი იპოვეს.

 

ასეთი ტრაგედიები აქ ხშირად ხდება, რის გამოც ჩვენი ისედაც მძიმე ცხოვრება, ქართველების ასეთი ტრაგედიებით, უფრო მძიმდება.

 

„პრაიმტაიმი“ არქივი 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X