fbpx
16:15 | 2020-10-27 ავტორი: თამარ გონგაძე

“ეს რომ ვნახე, მომცელა!” – ოთო ნემსაძე სამხედრო ვაგონის სახლად გადაკეთებას გეგმავს

“ეს რომ ვნახე, მომცელა!” – ოთო ნემსაძე სამხედრო ვაგონის სახლად გადაკეთებას გეგმავს

პანდემიიდან მოყოლებული დღემდე ოთო ნემსაძემ მიწაზე მუშაობას მოანდომა. შემოდგომაზე ბოტნეულის მოსავალი აიღო. როგორც ამბობს, ყველაზე მეტად პომიდვრის მოსავალმა გაახარა.

 

ოთო ნემსაძე: – მიწასთან მუშაობას დიდი ენერგეტიკა აქვს. დადებითად გმუხტავს. რითი შემავსო და თავისუფალი დრო ამინაზღაურა. საქმე არ მქონდა და გავიჩინე.

 

დედულებს და მამულებს მივხედე. ეს სიახლე არ არის ჩემთვის. ბავშვობიდან ვეხმარებოდი ბებია-ბაბუას, დედ-მამას მიწაზე მუშაობაში.

 

 

უფლისციხესა და სკრაში ნაკვეთები მაქვს. იქ რომ სახლი მქონოდა, დიდი ხანი არ წამოვიდოდი. არ გამიმართლა და საკუთარი სახლი არც გორში მაქვს, იქაც კორპუსში ვცხოვრობ.

 

ერთ-ერთ ნაკვეთში კი დიდი სამხედრო ვაგონი დგას და მინდა გავარემონტო. აგარაკად გავაკეთებ. რელსებზე დგას, ორ ოთახიანი ვაგონი თავისი მისაღებით. ძალიან დიდია. ჩემი ხელით მინდა გავაკეთო. საინტერესო საქმეა. წინ ვერანდა მინდა მივადგა. ჯერჯერობით ჯანზე ვარ! (იცინის)

 

 

დიდი ბედნიერებაა, როდესაც საკუთარ ნაშრომს მოსავლის სახით იღებ. თავიდან რომ ვრგავდი, შიში მქონდა, რომ არ მოისხას-მეთქი… მერე უკვე რომ მოისხა, ძალიან გამაბედნიერა.

 

ყველაზე კარგად პომიდორი მოვიდა. სხვა სუნი აქვს, ძველი სუნი გამახსენა. გემოც სხვა აქვს, ძალიან გემრიელია. ფერადი ჩერის მოსავალი ავიღე.

 

 

დიდი შრომა სჭირდება. თუ ეს საქმე არ გიყვარს, არ უნდა დაიწყო. არც არაფერი გამოგივა. ცოდნა უნდა. მე მეზობლები დამეხმარნენ.

 

მეგობრები ხომ არ დაპატიჟე ბოსტნეულის დეგუსტაციაზე?

 

–  ამ პერიოდში სახლში არავის ვეპატიჟები. თავსაც ვუფრთხილდები და სხვასაც. მეგობრებო, შენახულია და მერე დაგპატიჟებთ ჩემს მოყვანილ ბოსტნეულზე.

 

რითი შეგცვალა ამ პერიოდმა?

 

– ადამიანები ყველაფერს ვეჩვევით. 21-ე საუკუნეა, მაინც თავისუფლება გვინდა. ეს თავისუფლება ჯერჯერობით გვეზღუდება და რთულია. თუმცა ერთმანეთის გვერდში დგომის გარეშე არაფერი გამოვა.

 

მივხვდი, თუ რაოდენ ბოროტი შეიძლება იყოს ადამინი სხვა ადამიანის მიმართ. ჩინეთიდან გავრცელებულ კადრებს ვგულისხმობ, დაინფიცირებულები ლიფტებში ყველგან რომ უსვამდნენ ხელებს ინფექცია რომ გაევრცელებინათ. ეს რომ ვნახე, მომცელა!..

 

გადაფასებები მოხდა. სულ სხვა ზრუნვა გიჩნდება მეგობრებისა და ახლობლების მიმართ. მე არ შევცვლილვარ, ისევ ოთარა ვარ!

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X