17:26 | 2021-05-01 ავტორი: რუსა ღვანიძე

„ეს მართლაც ღვთიური, უზენაესთან დაახლოებული გრძნობა იყო, რომელიც უსასრულობაში წავიდა“… – მიხეილ ჭიაურელი კახის და ბელას უკვდავ რომანზე

„ეს მართლაც ღვთიური, უზენაესთან დაახლოებული გრძნობა იყო, რომელიც უსასრულობაში წავიდა“… – მიხეილ ჭიაურელი კახის და ბელას უკვდავ რომანზე

ის დონ კიხოტზე ბედნიერი იყო, დონ კიხოტმა დულსინეა შეთხზა, გამოიგონა, მას კი რეალურად, 26 წელიწადი გვერდით ჰყავდა თავისი ოცნება – ბელა მირიანაშვილი… და რომ ვერ გაძღა ამ ქალით, არ ეყო, ის 26 წელიწადი…

 

არსებობს სიყვარულის ისტორიები, რომლებიც არასდროს მთავრდება, მაშინაც კი, როცა ერთ-ერთი მათგანი ტოვებს ამ ქვეყანას.. ამის ნათელი დადასტურებაა, ორი გენიალური მსახიობის მარადიული სიყვარული – კახი კავსაძე და ბელა მირიანაშვილი. კახიმ შეძლო, ბელას ერთგული ყოფილიყო სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგაც…

 

ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდარული არტისტი კახი კავსაძე, 27 აპრილს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობს, 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სუნთქვის მწვავე უკმარისობის გამო, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

 

კახის და მისი მეუღლის, ბელა მირიანაშვილის სიყვარულზე, დღემდე ლეგენდები დადის. სამაგალითო იყო, კახის გმირული საქციელი, რომელიც მან, საყვარელი ქალის მიმართ გამოიჩინა და როგორც ამბობენ, როდესაც ბელა ავად იყო, კახი კავსაძე მას წლების განმავლობაში ხელით დაატარებდა…

 

კახის და ბელას სევდიან რომანზე, მათ ურთიერთობაზე სასაუბროდ, „პრაიმტაიმი“ მსახიობის მეგობარ, რეჟისორ მიხეილ ჭიაურელს (მიხეილ ჭიაურელის შვილიშვილი) დაუკავშირდა:

 

კახის შესახებ, უამრავი ცნობილი ისტორიებია. მინდა ვისაუბრო, არა როგორც ლეგენდარულ მსახიობზე, არამედ როგორც პიროვნებაზე, ბელას და კახის სევდიან რომანზე. ეს ადამიანი, ჩემთვის, ძალიან ახლობელი იყო, განსაკუთრებით, ბოლო 25 წლის განმავლობაში.

 

 

ამას დაემატა ფილმები, სადაც კახი გადავიღე – „სიყვარული ყველას უნდა“, „მე ვარ პელეს ნათლია“, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო იყო.

 

გაიხსენეთ, კახისთან პირველი შეხვედრა…

 

პირველად რომ ვნახე, სკოლის მოსწავლე ვიყავი, კახი სტუდენტი იყო. ჩვენ შორის, ასაკობრივი ზღვარი, 5 წელი იყო. 1956 წელს, მე-9 კლასში ვიყავი, როცა თბილისში ანტირევიზიონისტული საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომელსაც მეც შევესწარი.

 

გუშინდელივით მახსოვს ჯორჯიაშვილის ქუჩაზე, ხალხი რომ კავშირგაბმულობის მიაწყდა, ავტომატის (ППШ) ჯერი მიუშვეს, რომელსაც საშინელი ხმა ჰქონდა, ისმოდა შუშების მტვრევის ხმა, სასტუმრო „თბილისს“ ესროდნენ.

 

ხალხმა უკან დაიხია, მე ვორონცოვის ხიდით გადმოვედი, სახლისკენ გავიქეცი. რას წარმოვიდგენდი, თუ ხალხს ესროდნენ და დახოცავდნენ! ეს მაშინ წარმოუდგენელი იყო, არადა აქციის დაშლისას, უამრავი ადამიანი დაიღუპა.

 

ჩემს წინ, ხალხის მასები 5-6 რიგად იყო. პირველი, ჩემთან ახლოს იყო, რომელთაც სურდათ კავშირგაბმულობის შენობის აღება და საქართველოს დამოუკიდებლად გამოცხადება, თან უცნაურ ლოზუნგებს ისროდნენ.

 

ხიდზე გადმოსვლა მოვასწარი და სახლში მისვლა მოვახერხე. მეორე დღეს, მითხრეს, რომ ასობით ადამიანი იყო გარდაცვლილი, ხიდიდანაც ბევრი გადააგდეს მტკვარში.

 

მშრალ ხიდზე რომ გადმოვედი, ვორონცოვის მოედანზე, კახი თავის სახლთან იდგა. სწორედ, იქ გავიცანი პირველად.

 

 

დაახლოებით 5 წლის შემდეგ, ერთმანეთს, ბაბუის სახლში შევხვდით. სოფიკოსთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ერთი თაობა იყვნენ და ძალიან ახლო მეგობრობა აკავშირებდათ.

 

მიშა ჭიაურელ და ვერიკო ანჯაფარიძის სახლში, საღამოობით, ხშირად იკრიბებოდნენ მსახიობები და რეჟისორები. მათ შორის კახიც, რომელსაც უფრო მეტად დავუახლოვდი.

 

მოგვიანებით კი, დიდი მეგობრები გავხდით! ჩვენი ძირითადი გამაერთიანებელი, ფეხბურთი გახდა. ძალიან მაგარი გულშემატკივარი იყო, „დინამოს“ფეხბურთელებს ხშირად დავყვებოდით თამაშებზე. ეს იყო, ეროვნული სულის გამოხატულება – მათ საოცარ თამაშებში გიორგი სააკაძის, ერეკლე მეფის „ომს“ ვხედავდით. თითქოს, ომში იბრძოდა საქართველო.

 

რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა პოლიტიკური წნეხი, შედარებით „გათბა“, ლეგენდარული ფეხბურთელი პელე გამოჩნდა, რომელიც მთელმა მსოფლიომ აიტაცა. პელე, მოკლე დროში, შეფასების კრიტერიუმი გახდა. მაგალითად, როცა იკითხავდნენ, როგორი ფილმიაო, თუ მოწონდათ, პასუხობდნენ – კარგია, პელეა!

 

 

ეს ის პერიოდია, როცა ძალიან გაუჭირდა ხალხს, განსაკუთრებით, კინოს წარმომადგენლებს. მე და კახი, ისეთ კლასტერს მივეკუთვნებით, რომლებმაც ეს პერიოდი გაიარა და გადაიტანა.

 

რა პერიოდიდან დაიწყო თქვენი და კახის შემოქმეებითი კავშირი?

 

სიყვარული ყველას უნდა“ – ჩვენი პირველი შემოქმედებითი კავშირი, სწორედ, ამ ფილმით დაიწყო. ერთ დღეს, რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ დამიბარა და მითხრა, ახალგაზრდა მწერალმა, ლეილა ბეროშვილმა, ძალიან საინტერსო ნაწარმოები შემიტანა – „ჩემი კახეთი, ჩემი კახელები“.

 

ის პირველი სცენარისტი იყო და მე პირველი მხატვრული ფილმი უნდა გადამეღო. რეზომ მითხრა, ნახეთ სცენარი, წაიკითხეთ და კინემატოგრაფიულად გააკეთეთო. ძალიან ნიჭიერი ადამიანი აღმოჩნდა ქ-ნი ლეილა. დაიბეჭდა კიდეც ჟურნალში, ლეილა ბეროშვილის კინოსცენარი, მიშა ჭიაურელთან ერთად, ანუ ერთად დავამუშავეთ ფილმი და სცენარის სახე მივეცით.

 

„ჩვეული ტემბრით საუბრობდა... უცებ ჩემ ზურგს უკან „დამანგრეველი“ ხმა გაისმა! - კახი კავსაძის „მრავალჟამიერი“ (ვიდეო)
2021-04-28„ჩვეული ტემბრით საუბრობდა... უცებ ჩემ ზურგს უკან „დამანგრეველი“ ხმა გაისმა! - კახი კავსაძის „მრავალჟამიერი“ (ვიდეო)

 

დავიწყეთ გადაღებები და სინჯები. მართალია, კახისთვის არც გვითხოვია სინჯებზე მონაწილეობის მიღება, ისე ავიყვანეთ ფილმში. მოგვიანებით, რეჟისორი გიორგი შენგელაია შემოგვიერთდა.

 

სიყვარული ყველას უნდა / siyvaruli yvelas unda

 

ფილმის პრემიერა, 1980 წლის 1 მაისს მოსკოვის კინოსახლში გაიმართა. ეს იყო ჩემი და კახის პირველი შემოქმედებითი კავშირი, რასაც მოჰყვა, ჩემი შემდეგი ფილმი „ჭიდაობას რა უნდა“.

 

ამის შემდეგ, 1989-90 წლებში, პელეს იუბილე მოდიოდა და გადავიღე „მე ვარ პელეს ნათლია“. საოცარი იდეა მოვიფიქრეთ, ვითომ კახი, პელეს ნათლია იყო.

 

 

კახი, დიდი ტკივილი…

 

გეტყვით, რატომ არის კახი, ჩემთვის დიდი ტკივილი! ყველაფერთან ერთად, ის ჩემი სულიერი მეგობარი იყო. მეგობრების და ახლობლების გარდა, არავინ იცის კახის შინაგანი სამყარო. ძალიან გულჩათხრობილი იყო, მაგრამ არავის აგრძნობინებდა, ყველგან მხიარულად გამოიყურებოდა – ცხოვრებაში, გადაცემებში და თუნდაც, სცენაზე.

 

 

ყოველთვის ცდილობდა გაემხიარულებინა, მხარი დაეჭირა ნებისმიერი ადამიანისთვის. ამ დროს კი, გულის სიღრმეში, ძალიან დიდი დარდი ჰქონდა!

 

სევდა, რომელიც ბელას უკავშირდებოდა…

 

რა თქმა უნდა, ეს იყო ბელა! რაც თავი მახსოვს, ბელა კახისთვის ხატი იყო, ხატივით კი არა! სასწაული სიყვარულის ისტორია ჰქონდათ, რომელიც არ დამთავრებულა და არც არასდროს დამთავრდება. მათ სიყვარულზე პროზა, ლექსები, მუსიკალური და მხატვრული ფილმებიც კი უნდა შეიქმნას.

 

 

ეს ყველაფრი, კახის „შიგნით“ დაჰქონდა, რასაც არსად აფიშირებდა. სწორედ, ამით იყო ეს ადამიანი, ჩემთვის ძალიან ძვირფასი – ერთის მხრივ, ბუმბერაზი მსახიობი და მეორე მხრივ, სრულიად განსხვავებული პიროვნება.

 

 

ერთი პერიოდი, მარჯანიშვილზე ცხოვრობდნენ, სადაც ხშირად მიწევდა სტუმრობა. ბელა სასწაული სილამაზის გოგო იყო, ჩიტივით დაფრინავდა. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავა იმისა, რომ სავარძელში იჯდა, მაშინაც კი ძლიერად გამოიყურებოდა.

 

ყოველთვის მხარში ედგა კახის – ერთმანეთის ზურგი ჰქონდათ, ერთმანეთს აძლიერებდნენ. მათ შორის, ერთი გრამი არ იყო „ნათამაშები“. ბელა, მართლაც საოცრება იყო, როცა გესაუბრებოდა გრძნობდი, რომ პატივს გცემდა, გპასუხობდა, არაფერი ეშლებოდა. როგორც ჩანს, განსაცდელი, წინააღმდეგობები აძლიერებს და აბრძენებს ადამიანს!

 

 

ისეთი ურთიერთობა ჰქონდა კახის და ბელას, რომ მსგავსი არ მინახავს დღემდე! მათ სიყვარულზე, არა მარტო დაიწეროს, არამედ ნახატებიც კი უნდა შეიქმნას.

 

კახი და ბელა, ყველაზე გამორჩეული წყვილი…

 

ბელა იყო ბელა! მიუხედავად მისი მგომარეობისა, სულიერად იმდენად ამაღლებული, იმდენად ძლიერი პიროვნება იყო, ბევრ „კუნთიან“ ადამიანს სჯობდა – სულიერებას, უდიდესი ძალა აქვს! კახის მიმართ, დიდი პატივისცემა ჰქონდა.

 

 

ეს ორი, ერთად შერწყმული, მართლაც ღვთიური, უზენაესთან დაახლოებული გრძნობა იყო, რომელიც არასდროს დამთავრდა – უსასრულობაში წავიდა! ბოლო ხანებში, სანამ ავად გახდებოდა, სულ ერთად ვიყავით. ყოველთვის მაგრად ეჭირა თავი, უძლიერესი პიროვნება იყო.

 

გული დამიცარიელდა, ძალიან დამაკლდა კახი, როგორც სულიერი მეგობარი, რომელსაც ჩემ გულში, დიდი ადგილი ეკავა!

 

ბატონი კახის გარდაცვალება, არა მარტო მისი ოჯახის და ახლობლების, არამედ მთელი საქართველოს დანაკლისია!

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე


X