13:53 | 2020-12-14 ავტორი: თამარ გონგაძე

ეს ხომ არაადამიანური საქციელია! დღევანდელი პანდემიისას ასეთი საქციელი… – რა შეემთხვა მოხალისე ექთანს, რომელსაც სახლში 8 შვილი ელოდა

ეს ხომ არაადამიანური საქციელია! დღევანდელი პანდემიისას ასეთი საქციელი… – რა შეემთხვა მოხალისე ექთანს, რომელსაც სახლში 8 შვილი ელოდა

“პრაიმტაიმმა” ეს კეთილშობილი ქალი ერთი კვირის წინ გაგაცნოთ. ნათია დიაკონიძე რვაშვილიანი მარტოხელა დედაა, რომელმაც კოვიდი დაამარცხა და ქუჩაში სხვების დასახმარებლად, მეორე დღეს გამოვიდა.

 

ოცწლიანი საექთნო სტაჟითა და სიკეთის კეთებით აღსავსე მოხალისე ექთანი, კორონავირუსით (და არა მხოლოდ) დასნებოვნებულ ოჯახებში დადის და გადასხმებს თანხის მოთხოვნის გარეშე აკეთებს.

 

დღეში ზოგჯერ 20 ოჯახს სტუმრობს. ღამითაც უწევს პაციენტებთან მისვლა, ვინაიდან არიან ისეთი დაინფიცირებულები, რომელთაც, ვთქვათ, სისხლის გამათხელებელი ნემსის გაკეთება 12 საათში ერთხელ, ანუ დილით და ღამით აუცილებლად ესაჭიროებათ. კომენდანტის საათის გამო, ნათიას, გადაადგილებისას, პრობლემა შეექმნა. როგორც ამბობს, ორჯერ უკვე ისარგებლა საშვით და როგორც 144-ზე დარეკვისას უთხრეს, მეტად ამის უფლება აღარ აქვს.

 

გაიცანით რვაშვილიანი მარტოხელა დედა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა და ახლა სხვებს უფასოდ ემსახურება
2020-12-03გაიცანით რვაშვილიანი მარტოხელა დედა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა და ახლა სხვებს უფასოდ ემსახურება

 

ნათია დიაკონიძე: – წყნეთში ვიყავი კოვიდ პაციენტთან. გზაში დამაგვიანდა, 9 საათამდე ვერ მოვახერხე სახლში მისვლა. მე და ჩემი მძღოლი ბაგებში ვიდექით და ვრეკავდით 144-ზე. ვერ ვუკავშირდებოდით. მერე მძღოლმა დარეკა, ზარი ფასიანი ყოფილა, გაგვეთიშა ტელეფონი. მერე მივმართე იქვე მყოფ პატრულს დახმარებისთვის: ავუხსენი, რომ მოხალისე ექთანი ვარ, კოვიდ პაციენტების ვუკეთებ გადასხმებს-მეთქი… ისე ცივად მომექცა. პირადი ნომერი გამომართვა, მერე უფროსთან გავარკვევო, მითხრა, ბოლოს კი უარით გაგვისტუმრა, ვერ დაგეხმარებიო. იქნებ სახლამდე მიგვაცილოთ-მეთქი, ვთხოვე. ამაზეც უარი მითხრა!

 

ეს ხომ არაადამიანური საქციელია! დღევანდელი პანდემიისას ასეთი საქციელი… ავადმყოფებს სახელმწიფო ვერ ეხმარება, ისევ ადამიანები ვეხმარებით ერთმანეთს და ასეთ დროს, პატრული რომ გვერდით არ დაუდგება მოხალისე ექთანს, რომელიც დღის მანძილზე 20-მდე ოჯახს ემსახურება და გადასხმებს უკეთებს, ბრავო ჩვენ პატრულს! ქუჩაში ორ საათზე მეტი ვიდექი და სახლში 8 შვილი მელოდებოდა.

 

ბოლოს, ჩვენს შორი-ახლოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მანქანა გაჩერდა. ავუხსენი ჩემი სიტუაცია. პატრულის თანამშრომელზე აღფშოთდა – დახმარება უნდა გაეწია. პოსტს ვერ დატოვებდა, მაგრამ ქუჩაში არ უნდა დაეტოვებინეო. მოკლედ, პატრულის ეკიპაჟი გაგვაყოლა სახლამდე.

 

მთელი ხვეწნის შემდეგ 144-მა განმეორებით გამიკეთა საშვი, რომ კომენდანტის საათის დროს სახლამდე მივსულიყავი. განმეორებით არ ვაკეთებთ, იცოდეთ, უკანასკნელად გიკეთებთ საშვსო, გუშინწინ მითხრა ოპერატორმა.

 

მჭირდება მუდმივი საშვი. ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მივმართო. დღეს გვიან ორ პაციენტთან ვარ მისასვლელი. რა უნდა ვქნა, არ ვიცი. იქნებ რაღაცნაირად საშვიანი მანქანა ვიშოვო.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე


X