19:12 | 2020-10-15 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ეს კაცი შაჰ-აბასის მიერ ამოხოცილი ბერების ძვლებს დარაჯობდა – დავით გარეჯას უხუცესი მცველი

ეს კაცი შაჰ-აბასის მიერ ამოხოცილი ბერების ძვლებს დარაჯობდა – დავით გარეჯას უხუცესი მცველი

ილო (ილუშა) ქვლივიძე 17 წლის განმავლობაში „დავითგარეჯას“ მუზეუმ-კომპლექსის დირექტორი გახლდათ.

 

საგარეჯოში მის შესახებ ვისაც უნდა ჰკითხოთ, ყველა იცნობს და ყველა გარეჯას მცველს ეძახის. საკმაოდ დიდია ამ ადამიანის ღვაწლი დავითგარეჯას კომპლექსის შენარჩუნებაში, თუმცა, გული სწყდება, რომ ვისთანაც უშუალო შეხება ჰქონია და იმ წლებში მისი ხელქვეითებიც კი იყვნენ, ილუშას სახელს დავითგარეჯასთან მიმართებაში არსად ახსენებენ.

 

 

უკვე მოხუცია, ჯანმრთელობაც შეერყა, ნოემბერში 80 წლის ხდება და დიდი ხანია, გარეჯა ენატრება კიდეც. ოჯახს სთხოვს, რომ ერთხელ მაინც მოახერხონ მისი წაყვანა იქ, სადაც ახალგაზრდობის წლები გაატარა და სულსა და გულს დებდა საქმეში, რომელსაც აკეთებდა. მას აქვს საპატიო გარეჯელის ორდენი და მოწმობაც.

 

ლავრასთან დღესაც დგას მისი დარგული ვაზი, რომლის ნაყოფსაც მომავალი თაობები აგემოვნებენ.

 

Нет описания.

 

„პრაიმტაიმი“ ილუშა ქვლივიძეს საგარეჯოში ესტუმრა. საუბრისას რესპონდენტი იღლებოდა, ხშირად აზრიც უწყდებოდა და ამ დროს მეუღლე, თამილა ქვლივიძე ეხმარებოდა. მან ყველაფერი ზედმიწევნით იცის, რადგან ქმრის გვერდით, შვილებთან ერთად შრომობდა და მიწის თითოეულ გოჯი მისთვის ნაცნობი და ახლობელია.

 

ილია ქვლივიძე:

 

– ხელმოკლე ოჯახში გავიზარდე, მამაჩემი მეცხვარე იყო. სამი და-ძმა ვიყავით. ჩემი და, ვენერა ქვლივიძე პროფესორი გახდა, გინეკოლოგი იყო. მე და თინამ უნივერსიტეტი დავამთავრეთ. ღარიბი მეცხვარის შვილებმა სწავლისთვის გადავდეთ თავი და ჩვენით მივაღწიეთ ყველაფერს. თუმცა, მე ასპირანტურის მესამე კურსიდან გამოვედი, რადგან მამას უნდა მივხმარებოდი, ოჯახის რჩენა რომ შეგვძლებოდა. მას კოდაზე ჰყავდა ცხვარი და იქ ვიყავი მეც, თიბვაში, ცხვრის მოვლაში ვეხმარებოდი, დებს სჭირდებოდათ ჩემი ხელი.

 

ძალიან ახლოს ვიყავით მიხეილ ჭიაურელის ოჯახთან. ვერიკო და მისი ოჯახი ხშირად გვსტუმრობდა. მამიდაჩემი, ანა ქვლივიძე იყო – მსახიობი. ერთ დღეს სცენიდან გადმოვარდა სპექტაკლის დროს და ფეხი მოიტეხა, რის შედეგადაც დაინვალიდდა. მოგვიანებით ვერიკომ წაიყვანა თავისთან. სოფიკო მამიდაჩემმა გაზარდა. მამიდა რომ გარდაიცვალა, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდა. ხშირად გვაკითხავდნენ საგარეჯოში და ურთიერთობა ბოლომდე არ გაუწყვეტიათ.

 

Нет описания.

 

მოგვიანებით სკოლაში ვმუშაობდი, პედაგოგად. სპორტსკოლის დირექტორიც ვიყავი. 1973 წელს მედიკო მეზვრიშვილმა დამიბარა და მითხრა – ვერც ერთმა დირექტორმა ვერ გაძლო დავითგარეჯაში და შენ უნდა წახვიდეო. დავთანხმდი და წავედი. ცოლ-შვილიც თან გამომყვა. გარეჯა სავსე დამხვდა ცხვრებით, საქონლითა და შინაური ფრინველით. მთავარი ლავრაც და გამოქვაბულებიც სავსე იყო ცხვრისა და საქონლის ფეკალიებით. აზერბაიჯანელებს ჰქონდათ იქ ფერმები.

 

ყველას ვუთხარი, – ასე არ გამოვა, მე აქ ძეგლის დასაცავად გამომიშვეს და უნდა დაცალოთ აქაურობა-მეთქი. არ მოეწონათ ჩემი ნათქვამი და წინააღმდეგობის გაწევა სცადეს. არ დაგიმალავთ და მუშტის მოქნევაც კი დამჭირდა საიმისოდ, რომ იქ წესრიგი დამემყარებინა.

 

რაც ვერ შევძელი სიტყვით, შევძელი ძალის გამოყენებითა და შიშის დათესვით. იმის მერე დაცალეს იქაურობა.

 

იქ ისეთი ზამთარი იცის, ვერც კი გამოხვალ. თავიდან ტრაქტორიც არ გვყავდა, რომ თოვლში გზა გამეკვალა და საგარეჯოში ჩამოვსულიყავი. ასე რომ, ზამთრის პერიოდში თვეობით ვიყავი გამოკეტილი გარეჯაში და თოვლი რომ დნობას იწყებდა, მაშინ თუ ჩამოვიდოდი ოჯახში. შემდეგ ტრაქტორი რომ მოგვცეს, ლამის 24 საათი ვუნდებოდი გზის გაკვალვას და სახლამდე ჩამოსვლას. ჩემი სამივე შვილი იქ გაიზარდა, მუზეუმის სხვა თანამშრომლებთან ერთად ალაგებდნენ კელიებსა და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას. ბავშვებს შრომას პატარაობიდან ვაჩვევდი.

 

 

თამილა ქვლივიძე:

– არც კი ეცოდებოდა ხოლმე, რომ პატარა ბვშვებს წამოყრიდა საწოლებიდან უთენია და სამუშაოდ მიჰყავდა. ვინაიდან თვეობით ვიყავით გარეჯაში, იქვე სახლიც გვქონდა და მოსავალიც მოგვყავდა, კვება ხომ გვინდოდა, ამიტომ ბოსტანი გავაშენეთ, ორი სული ძროხაც გვყავდა, ბავშვებისთვის რძე და ყველი რომ გვქონოდა. ჰოდა, თოხებითა და ბარებით შეაიარაღებდა პატარებს და გვერდით ამოიყენებდა ხოლმე სათოხარშიც და სხვა სამუშაოებზეც. პატარა ხელებით ასუფთავევბდნენ მონასტრის ტერიტორიას.

 

Нет описания.

 

ილია ქვლივიძე:

– ერთხელ ისე მოხდა, რომ შევედი კელიაში და რას ვხედავ? ისევ ცხვრებითაა სავსე იქაურობა. ცხვრებს პატრონიც თან ახლდა. სიბრაზე მომაწვა, ვერ მოვზომე, ვტაცე საკინძეში ხელი და დავეჯაჯგურე. ამ ჩხუბში ცოტა მეტი მომივიდა, ხელი ვკარი და კლდეზე დაგორდა. ამის გამო დიდი ამბავი ატყდა. მიჩივლეს და მილიციაში დამიბარეს. მედეა მეზვრიშვილმა მიშველა ისევ და არ დამაკავეს მაგ ამბის გამო.

 

იქვე, ახლოს იყო განლაგებული სამხედრო ნაწილი და პოლიგონი. მედეა მეზვრიშვილი იბრძოდა, რომ პოლიგონი გადაეტანათ. აუფეთქებელ ხელყუმბრებსაც კი ვპულობდით ხოლმე. ჯარისკაცები გადმოდიოდნენ და არაყს მთხოვდნენ. ხანდახან ვუმასპინძლდებოდი ხოლმე. ერთ დღეს დავინახე, რომ ტანკი მოდიოდა ჩვენკენ. საკმაოდ დიდი სიჩქარით მოდიოდა და შენელებასაც არ აპირებდა. ვერც კი გავიგე, რა უნდოდათ. ლავრა უნდა დაენგრიათ თუ რამე სხვა განზრახვა ჰქონდათ. რომ მივხვდი, გაჩერებას არ აპირებდა, ნიჩაბს წამოვავლე ხელი და წინ გადავუდექი, – არ გაბედოთ მოახლოება-მეთქი. გაჩერდა ტანკი და აღარ გააგრძელა გზა.

 

 

თითოეულ ფრესკას ვუფრთხილდებოდი. ექსკურსიაზე მოსულ ხალხს უკან დავყვებოდი ან ჩემს შვილებს გავაყოლებდი ხოლმე, რომ კედლები და ფრესკები არ დაეჩხაპნათ ექსკურსიაზე მოსულ ხალხს. ერთხელ ამოკაწრეს სახელები, მივაგენი და პასუხიც მოვთხოვე ბარბაროსობის გამო.

 

ეკლესიაში იყო იმ 600 ბერის ძვლები, რომელიც შაჰ-აბასმა ამოხოცა. თითოეულ ნაწილს ვუფრთხილდებოდი და თავს ვევლებოდი, რომ არ გაფანტულიყო.

 

მედეა მეზვრიშვილი ჩამოდიოდა ხოლმე გარეჯობის დღესასწაულზე და სულ მაქებდა, – პატრონი გამოუჩნდა დავითგარეჯასო. უამრავი სტუმარი მოდიოდა, ხშირად გვსტუმრობდა ჯუმბარ პატიაშვილი.

 

Нет описания.

 

თამილა ქვლივიძე, ილუშა ქვლივიძის მეუღლე:

 

– ისე დააყენა ილომ სიტუაცია, რომ როცა ის გზაზე მოდიოდა, აზერბაიჯანელები თავს არიდებდნენ, ხეებზე აეკვროდნენ ხოლმე – ილომ გაიაროს, მაგის თავი არა გვაქვს და მერე გავიაროთო, ერთმანეთს ეუბნებოდნენ. გიორგი სააკაძეს ეძახდნენ მაგის გამო.

 

საკმაოდ კარგი მოჭიდავე იყო. ლევან თედიაშვილი ილოს მოსწავლეა და ხშირად აკითხავს კიდეც, რომ მოინახულოს. ერთ დღეს მედეა მეზვრიშვილმა მოიყვანა ახალგაზრდა კაცი, ირაკლი მახარაძე, თავისი ოჯახით და იქ დაასახლა. ყველამ სიყვარულით მივიღეთ. ერთ დღეს დავითგარეჯაში ილია მეორე გვასტუმრა. წინასწარ მოიტანეს ხალიჩები, რომელიც იქ დააგეს, სადაც პატრიარქს წირვა უნდა აღევლინა. ილია მორემ გასცა ბრძანება, ილია ქვლივიძე მომიყვანეთო.

 

კარგა ხანს ესაუბრა და ბოლოს ერთი ნოხი გვაჩუქა კიდეც. ილომ უთხრა პატრიარქს ირაკლიზე, – კარგი ხელწერა აქვს, კარგი ადამიანიაო. პატრიარქმა კი უთხრა, – თუ ილო გიწევს რეკომენდაციას, ნამდვილად კარგი ბიჭი იქნებიო და თუ სწორად მახსოვს, ბიბლიის რაღაც ნაწილი გადააწერინა ხელით. ამის შემდეგ დაიწყო ირაკლის გზა სულიერი ცხოვრებისკენ და დღეს ის გახლავთ მიტროპოლიტი დავით აბბა ალავერდელი.

 

ძალიან ბევრი გასაჭირი გამოიარა ილომ, ბევრს გაუძლო, ერთხელ ცხვრებს მგელი დაერია და ილო კომბლით შეებრძოლა. მგელმა დაგლიჯა და ძლივს გადაურჩა სიკვდილს.

 

ახალგაზრდობაში ულამაზესი ბიჭი იყო ილო. ეგ რომ სპორტსკოლიდან გამოდიოდა, გოგონები ფანჯრებს მივაწყდებოდით ხოლმე, რომ თვალი შეგვევლო. უამრავ გოგოს უყვარდა და გული ჰქონდა შევარდნილი მასზე, მაგრამ მან მე ამირჩია და მიუხედავად იმისა, რომ 10 წლით უფროსი იყო ჩემზე, ბედნიერი, უარს როგორ ვეტყოდი? შვქმენით ოჯახი და დღემდე ბედნიერად ვცხოვრობთ, გავზარდეთ სამი შვილი და ახლა შვილიშვილებს ვზრდით.

 

Нет описания.

 

Нет описания.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები