16:27 | 2020-09-18 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

ეს ჩანაწერები უმძიმესი მოსასმენია! – რა ჩანაწერები აჩვენეს ჟურნალისტებს პროკურატურაში

ეს ჩანაწერები უმძიმესი მოსასმენია! – რა ჩანაწერები აჩვენეს ჟურნალისტებს პროკურატურაში

პროკურატურამ დღეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე სპეციალური ბრიფინგი გამართა და მოსახლეობას საქმის გამოძიებაზე დამატებითი დეტალები მიაწოდა.

 

ერთ-ერთი მთავარი გარემოება, რომელიც დღევანდელ პრესკონფერენციის შემდეგ გახდა ცნობილი თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეო და აუდიო ჩანაწერებია, სადაც ის ტყეში თვითმკვლელობის სურვილზე საუბრობს.

 

პროკურატურამ აღნიშნული ჩანაწერები, მძიმე შინაარსის გამო, არ გაასაჯაროვა, თუმცა ბრიფინგის დასრულების შემდეგ, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა ადგილზე მისული ჟურნალისტებისთვის დახურული შეხვედრა გამართეს და მედიის წარმომადგენლებს საქმეში არსებული ვიდეო და აუდიოჩანაწერების მხოლოდ ნაწილი გააცნეს.

 

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა ოპერატორებს კამერების, ჟურნალისტებს კი მობილურების გამორთვა მოსთხოვეს, რათა მასალის ფარულად ჩაწერა არ მომხდარიყო.

 

მათი თქმით, პროკურორები ამ მასალების გასაჯაროებას გეგმავდნენ, თუმცა გარდაცვლილი გოგონას პირადი სივრცის და ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაიფიქრეს.

 

პროკურატურის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს საერთო ჯამში 5 ვიდეო და აუდიოჩანაწერი აჩვენეს. მათგან ორში თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებაც ჩანდა. საგულისხმოა, რომ ყველა ჩანაწერი მოსასმენად ემოციურად საკმაოდ მძიმე იყო და ის გარდაცვლილი გოგონას ფსიქოლოგიურ პრობლემებს ასახავდა. ყველა ჩანაწერში ის საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და საკუთარ პრობლემებზე საუბრობდა.

 

ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, პირველ ორ ვიდეოში, სადაც თავად თამარ ბაჩალიაშვილი ჩანდა, ის ამბობდა, რომ პრობლემები როგორც სამსახურში, ისე უნივერსიტეტში, მეგობრებთან ურთიერთობისას და პირად ცხოვრებაში ჰქონდა.

 

ის უკმაყოფილებას გამოთქვამდა სწავლის მიმართ და ფიქრობდა, რომ პარიზში განათლების მიღებას ვეღარ გააგრძელებდა. ამ ვიდეოში თამარი საკუთარი თავის ზედმეტად კრიტიკული შეფასებით გამოირჩეოდა. ამბობდა, რომ საკუთარი თავი ეზიზღებოდა, რადგან ბოლო პერიოდში წონაში მოიმატა. ვიდეოში ასევე ისმის, რომ ის გასახდომ ჩაის მოიხმარდა და საკუთარ თავს მიზანიც კი დაუსახა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ წონაში დაიკლებდა.

 

ამავე ვიდეოში ბაჩალიაშვილი თანამშრომლებთან და მეგობრებთან ურთიერთობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ადამიანების მიმართ უფრო თბილი და უკონფლიქტო უნდა იყოს… ამ ჩანაწერისას თამარ ბაჩალიაშვილი თბილისის ერთ-ერთ უბანში სკვერში იმყოფება, თუმცა ვიდეოდან კონკრეტული ტერიტორიის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

 

რაც შეეხება სხვა ჩანაწერებს, ამ შემთხვევაში ჟურნალისტებმა მხოლოდ აუდიოჩანაწერები მოვისმინეთ. საგულისხმოა, რომ ყველა მათგანი ემოციურად საკმაოდ მძიმე მოსასმენია, რადგან ყველა ჩანაწერში 23 წლის გოგონა ტიროდა.

 

აუდიომასალებში თამარ ბაჩალიაშვილი თავის უფროსს, ნიკა გეჯაძესაც შეეხო. როგორც ცნობილია, მას ამ პიროვნებასთან გარკვეული ურთიერთობა აკავშირებდა. ბაჩალიაშვილი ამ ჩანაწერში გეჯაძის მიმართ არსებულ სიმპათიაზე საუბრობს, თუმცა მათი ურთიერთობის გაგრძელება ვერ მოხდა. ბაჩალიაშვილი ამაში საკუთარ თავს ადანაშაულებს.

 

ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური, რაც პროკურატურაში ჟურნალისტებმა მოვისმინეთ, ბოლო აუდიოჩანაწერი იყო. ამ მასალაში ბაჩალიაშვილს თითქოს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი სიცოცხლის სუიციდით დასრულება. ის ამბობდა, რომ თვითმკვლელობის ყველა გზა იცოდა, მაგრამ საკუთარი თავის ხელში აყვანას ცდილობდა. ერთ-ერთ ეპიზოდში მან თქვა – „არ მინდა ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა ტყეში მოსვლა და ჩემი ცხედრის ნახვა მოუწევთ.“

 

პროკურატურის წარმომადგენლებმა განგვიმარტეს, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი 2020 წლის თებერვლით თარიღდებოდა. ასევე, მასალები ნაწილობრივ გააცნეს გარდაცვლილი გოგონას მშობლებს და უფლებადაცველებს.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები