11:17 | 2020-04-13 ავტორი: თამარ გონგაძე

“ეს არის ჯაჯანიძის ცუდი საქციელი, რეიტინგისთვის გამოყენებული” – გულიკო ჭანტურია სკანდალურ კლიპზე

“ეს არის ჯაჯანიძის ცუდი საქციელი, რეიტინგისთვის გამოყენებული” – გულიკო ჭანტურია სკანდალურ კლიპზე

კლიპში “Stop Covid – დარჩი სახლში“, რომელმაც „ნატვრის ხის“„შემოულაწუნეს“ ეფექტით ქართველები ეპიდმოწყენილობისგან ისევ ჩვეულ ფორმაში დააბრუნა, გულიკო ჭანტურიას გამოჩენა სიურპრიზი იყო. ჯაზის ვოკალისტი ბევრი არ გვყავს. ამ იშვიათთაგან გულიკო ჭანტურია ერთ-ერთია, რომელიც თვალში არასდროს გვეჩხირება, არც სოლო კონცერტებით, არც შოუებში ჯდომით. 12 წელია კონსერვატორიაში ჯაზის ვოკალს ასწავლის.

 

ყველას გახსოვთ ჰიტად ქცეული „გიხაროდენ“, სადაც უამრავ მომღერალთან ერთად გულიკო ჭანტურიაც მღერის. 1999 წელს ეს სიმღერა, წინასაარჩევნოდ, მოქალაქეთა კავშირის მხარდასაჭერ ვიდეორგოლად ტრიალებდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ მაშინ მომღერლებმა არ იცოდნენ ვის უმღეროდნენ და ეს მას შემდეგ გაიგეს, რაც ტელე არხებით დატრიალებულ კლიპს “მიმართულება” მიეცა.

 

სოფო ბედიას ინიციატივით შექმნილ ახალ ვიდეორგოლსაც საზოგადოებამ პოლიტიკური სარჩული დაადო, “ქართული ოცნების” დაფინანსებულ კლიპად მონათლეს. თუმცა ვიდეორგოლს “დაფინანსებულის” არაფერი ეტყობა.

 

როგორც აღმოჩნდა, ჯაზის შემსრულებელმა არც ახლა იცოდა, სად ამღერეს, რა ვიდეორგოლს ამზადებდნენ. გულიკო ჭანტურია „პრაიმტაიმს“ უამბობს, როგორ მოხვდა ამ ერის “საღლიცინო” კლიპში.

 

გულიკო ჭანტურია: – მე ყველა მომღერალთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. სოფო ბედიამ დამირეკა (პატივს ვცემ, კარგი მომღერალია), დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით თბილ სიმღერას ვწერთ, ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ და მინდა თქვენი ვოკალი დაფიქსირდეს ამ სიმღერაშიო. მქონდა უარის თქმის უფლება? არ არსებობს! ეს ხომ სიმღერაა, სადაც მთხოვეს ფრაზის შესრულება. მიუხედავად ჩემი განსხვავებული ასაკისა, დავთანხმდი.

 

ქალბატონო გულიკო, ისე დათანხმდით, რომ არაფერი გიკითხავთ – ან რას უმღეროდით, ან ვისთან ერთად? ან რას იღებდით?

 

– მე რომ სტუდიაში ჩასაწერად მივედი, მაშინ მივხვდი, რაც იყო. თითო-თითო მივდიოდით ჩასაწერად. მერე სოფომ დარეკა, სახლში სელფ-ვიდეო გადამეღო, თქვა რომ ასეთ ვიდეოებს შეკრებდა და პატარა ვიდეორგოლს გააკეთებდა.

 

ჩვენ მართლა არ ვიცოდით, რომ ასეთ კლიპს გულისხმობდა სოფო, რომელიც მერე, აუდიტორიის წინაშე, ტელევიზიით გავიდოდა. ეს არცერთმა მომღერალმა არ იცოდა. რომც გვცოდნოდა, რა პრობლემაა? ეს არის ჯაჯანიძის ცუდი საქციელი. ორი კვირით ადრე დააანონსა, რომ რაღაც “სასწაული” მზადდებოდა და სპეციალურად დაამთხვია ცხრა აპრილს. რეიტინგისთვის გამოიყენა… სასაცილოა, მოკლედ.

 

მე არ მინდა სოფოზე ვთქვა, მოგვატყუა-მეთქი, მერე თითქოს მოიბოდიშა კიდეც. მანაც არ იცოდა, ისე სწრაფად მოხდა ამ კლიპის აკინძვა. კლიპი არც არის, მარაზმია, იმის იქით, რომ აღარ შეიძლება იყოს, აი, ისეთი. ან სიმღერა რა არის? არაფერი არ არის. ამიტომ მეცინება – ეს ერთჯერადი რაღაც ამხელა ამბად არ ღირდა.

 

ვინც მე მიცნობს, ყველამ იცის, რომ მე არცერთი მთავრობის მომღერალი არ ვარ. აპოლიტიკური ადამიანი ვარ. მე ნამდვილად უარს ვიტყოდი ვინმეს მხარდასაჭერ ვიდეორგოლზე.

 

და „გიხაროდენ“? თქვენ ხომ მღერით მასში და ის „მოქალაქეთა კავშირის“ მხარდამჭერი ვიდეორგოლი იყო…

 

– მე არც მაშინ ვყოფილვარ ვინმე კონკრეტულის მომხრე. „გიხაროდენ“ ჩვენ არ ჩაგვიწერია ვინმეს მხარდასაჭერად. ამას მთელი გადაცემა მიეძღვნა იმ დროს. მომღერლებმა სათითაოდ გააკეთეს კომენტარი, რომ ჩვენ არც ერთმა არ ვიცოდით, თუ ამ სიმღერას მერე „მოქალაქეთა კავშირის“ მხარდასაჭერად გამოიყენებდნენ. გთხოვთ, ნუ მოგვაწერთ, რომ ჩვენ ვინმეს მომხრეები ვართ – ეს აზრი მაშინ ყველამ დავაფიქსირეთ.

 

– დაახლოებით ახლაც იგივე განმეორდა, არც ახლა იცოდით რას მღეროდით, სად გავიდოდა, რა სარჩულს ამოაკერებდნენ.

 

– კი, ნამდვილად არ ვიცოდი. ახლა ამ კლიპის განხილვა რომ მოეწყო ბევრი ვიხალისე იმ კატეგორიაზე, ვისაც არ დაეზარა, “დისლაიქები” აკეთეს და აკომენტარეს. ეს სპეციალურად აგორებული ანტიპიარია. ამ ერთჯერად ნამუშევარზე როგორ გაცდნენ და პირის აყროლებაში (მაპატიეთ გამოთქმისთვის) ღამეები ათენეს. ჩაცემენტებული ტვინის ხალხის შეფასებები იყო, მეცოდებიან.

 

თქვენ, გულიკო ჭანტურია, თქვენი ბექგრაუნდით, აი, ამ „ერთჯერად რაღაცაში“ (როგორც თქვენ ამბობთ) მონაწილეობას ნანობთ?

 

– არა, არ ვნანობ. „მღვდელი ჭილოფში იცნობაო“, ნათქვამია. მე ვინც მიცნობს, იცის ჩემი ბიოგრაფია, იცის, რომ არც ერთ მხარდასაჭერ კლიპში არ ვარ და მით უმეტეს კაპიკი არ ამიღია. არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

 

იცით, სად ჩავწერეთ ეს სიმღერა? სახლში რომ ვიღაც მოაწყობს პატარა სტუდიის მაგვარს, აი, ასეთ სიტუაციაში. დამიჯერეთ. თუმცა სულაც არ ვნანობ. მუსიკოსი ვარ, კოლეგებმა მთხოვეს და ვიმღერე. იქ მღერის თემურ თათარაშვილი, ბესო კალანდაძე, მარიკო ებრალიძე, ბორის ბედია, ოთო ნემსაძე, ელენე ფოჩხუა – ყველა ცნობილი და საკმაოდ კარგი მომღერალია.

 

არც ის დამოკიდებულება ვარგა, ეს ზოგიერთი ვინ იყო და რატომ უნდა მემღერა მათ გვერდითო, რომ ითქვა შემდეგ. მუსიკოსი ხარ და კოლეგები ვართ! ამაზე საუბარი არ უნდა იყოს. მე ამ სიმღერაზე არასდროს ვიტყვი, მისი ჩაწერა როგორ ვინანე-მეთქი.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები