18:51 | 2021-06-08 ავტორი: თამარ გონგაძე

“ეს არ იყო ტკივილი წასული რომანტიზმის შესახებ. ეს სულ სხვა ტკივილი იყო…” – აკა მორჩილაძე რეზო გაბრიაძეს იხსენებს

“ეს არ იყო ტკივილი წასული რომანტიზმის შესახებ. ეს სულ სხვა ტკივილი იყო…” – აკა მორჩილაძე რეზო გაბრიაძეს იხსენებს

“ფეისბუქის” გვერდი “ქუთაისი”, მწერალისა და პუბლიცისტის, აკა მორჩილაძის მიერ გახსენებულ რეზო გაბრიაძეზე წერს. აი, როგორ ემშვიდობება მორჩილაძე ახლად გარდაცვლილ გენიოსს.

 

აკა მორჩილაძე: ერთხელ კოტე ჯანდიერმა რეზო გაბრიაძესთან წამიყვანა. ვისხედით და ვლაპარაკობდით. მე რა უნდა მელაპარაკა, მკითხავდა რამეს და ვუპასუხებდი. იჯდა და ხმადაბლა გვიამბობდა რაღაცებს, ლიმონათს აძალებდა ჩემს ქალიშვილს და მალიმალ ეუბნებოდა, – ყოჩაღ, თუ სამიანებს იღებ ხოლმეო.

 

მისი მობილური ყიოდა მამალივით, ის თავად ეწეოდა ძალიან წვრილ სიგარეტებს, ჩასცქეროდა საფერფლეს და ხმადაბლა გვიყვებოდა, როგორ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში, დაბალი და გამხდარი; როგორ დადიოდა საჯაროში, სად რომელი ბირჟა იდგა რუსთაველზე და ამას ყვებოდა არა წარსულისადმი მისი თაობის თბილისელთათვის ჩვეული რომანტიკით და ლაღიძის წყლებზე აქცენტით, არამედ როგორც განვლილი ტკივილის შესახებ.

 

ეს არ იყო ტკივილი წასული რომანტიზმის შესახებ. ეს სულ სხვა ტკივილი იყო. მე მინდოდა, ქუთაისზე მოეყოლა. ხომ არ დავუწყებდი გამოკითხვას. იმ ნაამბობში, ქუთაისი ერთადერთხელ ახსენა და ისე, რომ არ უხსენებია. ასე თქვა: ჩამოვედი აქ, ბავშვი. სიყვარულის მეტი არაფერი მენახა და არაფერი ვიცოდი.

 

ჰოდა, რაიმეს კითხვა ქუთაისის შესახებ რაღა საჭირო იყო.

 

კაცმა თქვა, სიყვარულიდან ჩამოვედიო.

მშვიდობით მაესტრო!

ავტორი: თამარ გონგაძე


X