18:37 | 2020-04-23 ავტორი: თამარ გონგაძე

“ერთმანეთს რომ ვემშვიდობებოდით, ძალიან ბევრი ვიტირეთ” – ამერიკიდან ჩამოსული ნიტა ლომიძის ემოციები

“ერთმანეთს რომ ვემშვიდობებოდით, ძალიან ბევრი ვიტირეთ” – ამერიკიდან ჩამოსული ნიტა ლომიძის ემოციები

რეჟისორისა და ტელეწამყვანის, ნიკა ლომიძისა და ქორეოგრაფ თეა გობეჯიშვილის ქალიშვილი, ნიტა ლომიძე სექტემბრიდან ლოს-ანჯელესის ქალაქ აიდილ ვაილდის კერძო სკოლა-აკადემიაში ქორეოგრაფიულ ფაკულტეტზე სწავლობს, სადაც პრესტიჟული სასწავლო სტიპენდიით – 50 ათასი დოლარით დაფინანსდა.

 

ნიტა ერთი თვის წინ ჩამოვიდა ამერიკიდან, ორ დღეში კი მსოფლიომ ეპიდზომები გაამკაცრა. ნიტამ შემოწმება გაიარა და ჯანმრთელობის ცნობით გამოემგზავრა.

 

როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, სახლში მისულს ოჯახის წევრები არ უნახავს, თავის ოთახში შევიდა და ორი კვირა თვითიზოლაციას იცავდა.

 

ნიტა ლომიძე: – სკოლის ხელმძღვანელებს შეეშინდათ, რომ ჩვენს სკოლამდეც არ მოეღწია ვირუსს. საგანგებო სიტუაცია შეიქმნა და ერთი კვირით ადრე გამოგვიცხადეს, რომ სკოლა დაგვეცალა.

 

ეს ჩვეულებრივი შოკი იყო, ნერვიულობა დავიწყეთ. ზოგი ამ ვადაში ვერ დაბრუნდა თავის ქვეყანაში, ზოგს, ვირუსის გამო, აეროპორტში მისვლის ეშინოდა.

 

ერთმანეთს რომ ვემშვიდობებოდით, ძალიან ბევრი ვიტირეთ, რადგან მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი.

 

მე ძლივს გამოვასწარი და შევძელი გამოფრენა. აეროპორტი დაცლილი იყო. სახლში რომ მოვედი, მეშინოდა ვირუსი ხომ არ მოვიტანე-მეთქი, ჩემ ოჯახზე ვნერვიულობდი.

 

ამიტომ როგორც კი სახლში მივედი, პირდაპირ ჩემ ოთახში შევედი და ორი კვირა არ გამოვდიოდი. ბებო მეხვეწებოდა, დამენახე, რაღა ამერიკაში ყოფილხარ და რაღა შენ ოთახში შეკეტილიო.

 

ნიტა ყვება, თუ რა მისცა რამდენიმეთვიანმა ამერიკულმა ცხოვრებამ და განათლებამ. ამბობს, რომ უკვე ენატრება სკოლა და მეგობრები.

 

ნიტა: – ძალიან ბევრი რამ მომცა ამერიკულმა სკოლამ. ოცნება ავიხდინე, ამერიკაში ჩემი განხრით ვსწავლობ. ბევრი მეგობარი შევიძინე, რომლებიც ჩემი ცხოვრების განუყოფები ნაწილნი გახდნენ.

 

მარტო ცხოვრებას შევეჩვიე. ვსწავლობ ენას. ვიზრდები ბალეტისა და მოდერნის განხრით.

 

მასწავლებლები არ ისვენებენ და ონლაინგაკვეთილებს გვიტარებენ – სკოლის საგნებშიც და ქორეოგრაფიაშიც. მოგეხსენებათ, დროში სხვაობაა.

 

ზოგჯერ დილის ექვს საათზეც მიხდება ადგომა, რომ ონლაინლექციას დავესწრო.

 

საღამოობითაც გვაქვს გაკვეთილები, ცეკვისაც, რაც სასაცილოა. ტექნიკას დაწვრილებით გვიხსნიან. ბევრი რამ შეიძლება ამ „არაფრისგან“ ისწავლო.

 

სკოლა მენატრება. მენატრებიან მეგობრები, ამერიკელი ხალხი, რომელიც სულ გიღიმის ქუჩაში.

 

– მოცეკვავე დედაც გამეცადინებს, ალბათ, ცეკვაში…

 

– არა (იცინის). არც მე ვაძლევ ამის საშუალებას. ამერიკაში სულ სხვა მოთხოვნა და ტექნიკაა და მირჩევნია მხოლოდ მათ გაკვეთილებზე ვისწავლო და ჩემ თავზე თვითონ ვიმუშაო.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები