fbpx
16:55 | 2021-02-23 ავტორი: თამარ გონგაძე

„ერთხელ სარკეში განწირული კაცის გამოხედვა რომ დაინახა, პატარა ბიჭივით დაემანჭა ანარეკლს” – გოგი გეგეჭკორი 98 წლის გახდებოდა

„ერთხელ სარკეში განწირული კაცის გამოხედვა რომ დაინახა, პატარა ბიჭივით დაემანჭა ანარეკლს” – გოგი გეგეჭკორი 98 წლის გახდებოდა

დღეს სახალხო არტისტი, მსახიობი გოგი გეგეჭკორი 98 წლის გახდებოდა. 40-მდე კინოროლი, უამრავი დაუვიწყარი სახე რუსთაველის თეატრის სცენაზე. იყო სატელევიზიო დადგმებისა თუ რადიო დადგმების ხშირი მონაწილე. რადიოში მის მიერ წაკითხული ზღაპრები და იგავ-არაკები 70-80-იანი წლების ბავშვების მეხსიერებაში დიდ ხანს დარჩა.

 

ერთ-ერთი გამორჩეულად პატიოსანი და კეთილსინდისიერი მსახიობია, რომელიც არასდროს გახვეულა თეატრალური სამყაროსთვის დამახასიათებელ ინტრიგებში…

 

სიცოცხლის ბოლომდე უზომოდ უყვარდა თავისი პროფესია და მუდმივად ფორმაში იყო, სამსახიობო სავარჯიშოებს ასრულებდა…

 

აი, როგორ იხსენებს მსახიობ სიმამრს რეჟისორი კოტე მირიანაშვილი.

 

კოტე მირიანაშვილი: – ბატონი გოგი გეგეჭკორი 23 თებერვალს აღნიშნავდა თავის დაბადების დღეს, თუმცა ნათლობის მოწმობაში, რომელიც მის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებისას აღმოვაჩინეთ, დაბადების თარიღად 21 რიცხვი ეწერა.

 

ფილმს ვიღებდით იმ ადგილებში, რომელთანაც იყო დაკავშირებული მისი ცხოვრება: მშობლების სახლი, ძველი თბილისის უბნები, თატრალური ინსტიტუტი, რუსთაველის თეატრი… ვიცოდით, რომ მალე დაგვტოვებდა, მაგრამ არაფერს იმჩნევდა, როგორც კი კადრში შევიდოდა, მაშინვე ქრებოდა მისი სახიდან განწირული კაცის გამოხედვა, ერთხელ რომ დაინახა უნებურად სარკეში და პატარა ბიჭივით დაემანჭა საკუთარ ანარეკლს.

 

ამ ფოტოზე ნიკოლოზ ბარათაშვილის როლშია. ამ როლმა მას დიდი აღიარება და ქართველი ხალხის სიყვარული მოუტანა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე უფრთხილდებოდა.

 

კვირის პალიტრა - ფოტოგალერეა - მოზაიკა - გოგი გეგეჭკორი - დიდი ქართველი მსახიობი - გოგი გეგეჭკორი კარიერის დასაწყისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ...

 

მეორე ფოტოზე კი მისი უკანასკნელი როლია სპექტაკლიდან ,,მონატრება”, ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით დადგმული ერთი მსახიობის თეატრში ბოლო სპექტაკლი ნოემბერში ითამაშა და ამის მერე მხოლოდ ერთხელ გამოვიდა სცენაზე, საკუთარ იუბილეზე, საბოლოოდ. რამოდენიმე დღეში გარდაიცვალა.

 

May be an image of 1 ადამიანი

 

წავიდა ისე ღირსეულად, როგორც იცხოვრა.

 

სიკვდილის წინ, სულ რამოდენიმე წუთით ადრე, ოჯახის წევრებზე ფიქრობდა და ისეთი რჩევის მოცემას ცდილობდა, რომელიც გაგვიადვილებდა მისი გარდაცვალების შემდეგ აუცილებელ საქმეებს. ასეთი რამ ერთხელ წავიკითხე და არ დავიჯერე.

 

ნიჭიერი, ინტელექტუალური, შრომისმოყვარე, კეთილშობილი, კეთილი, ღირსეული, ოჯახის ერთგული და მოამაგე. ახალგაზრდობაში დამსახურებული ხალხის სიყვარული მოკრძალებულად და ღირსეულად ატარა.
ნათელი დაადგეს მის სულს.

 

კვირის პალიტრა - "რბილი, ბუზღუნა, მაგრამ უხმაურო ადამიანი" და დიდი მსახიობი - რატომ უჩივლეს გოგი გეგეჭკორს ქორწინების გამო?

ავტორი: თამარ გონგაძე
X