14:37 | 2021-06-07 ავტორი: თამარ გონგაძე

“ერთხელ მაინც დამესიზმროს…“ – ნათელა მაჭავარიანი 37-წლიან ტკივილზე

“ერთხელ მაინც დამესიზმროს…“ – ნათელა მაჭავარიანი 37-წლიან ტკივილზე

7 ივნისს გეგა კობახიძე 60 წლის გახდებოდა. 82 წლის ნათელა მაჭავარიანს ერთადერთი სურვილი აქვს, 37 წლის წინ გარდაცვლილი შვილი ერთხელ მაინც ნახოს სიზმრად.

 

2021-05-11"ეს ტრაგედია რომ დატრიალდა "ლაზარეს" მეოთხედი უკვე გადაღებული იყო. აღარ მინდა ამ ფილმის ნახვა..." - ნათელა მაჭავარიანი გეგა კობახიძეს და "ლაზარეს თავგადასავალს" იხსენებს

 

ბოლო დროს თავს ცოტა შეუძლოდ ვგრძნობ, თავბრუსხვევები მაქვსო, გაგვიმხილა. თუმცა სუსტად ყოფნის მიუხედავად, დღეს რასაც აუცილებლად გააკეთებს, გეგასთვის პანაშვიდის გადახდაა.

 

ნათელა მაჭავარიანი: – ახლა წამოვდგები, ხილს და ტკბილეულს ვიყიდი, ცოტა ღვინოს მივიტან ტაძარში და პანაშვიდს გადავუხდი. რომ ვკვდებოდე, ამას ყოველთვის ვაკეთებ, სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო.

 

ხილი და ტკიბილეული ძალიან უყვარდა…

 

სულ მაინტერესებს, როგორი იქნებოდა 60 წლის ასაკში. ალბათ, თმა არ ექნებოდა. მამამისსაც ახალგაზრდობიდან გასცვივდა თმა.

 

 

 

რისი თქმა შემიძლია… ძალიან კარგი შვილი დავკარგე. ალბათ, მეტად უნდა გავფრთხილებოდი, თუ რა უნდა მექნა, არ ვიცი. შეიძლებოდა, რომ თავისი ცხოვრება კარგად აეწყო. რაღაც ეტყობა გამომეპარა. არ ვიცი. სულ კონტროლის ქვეშ მყავდა. თვითონაც სულ მირეკავდა და აქ ვარ, იქ ვარო, საქმის კურსში მაყენებდა. კითხულობდა, ხატავდა და უცებ გაუგებრობაში გაება…

 

ჩემს მიმართ სხვანაირი სიყვარული ჰქონდა. ალბათ, ჩემმა და მიშას დაშორებამ იმოქმედა მასზე. არ ვიცი. მე მისთვის არაფერი ნეგატიური არ მიგრძნობინებია, მამამისი არ გამილანძღავს. თუმცა ამ ყველაფერმა, ალბათ, მაინც იმოქმედა მასზე.

 

სხვათა შორის, თინა ფეტვიაშვილი ხშირად მირეკავს, მოდის, მნახულობს. არაჩვეულებრივად დადებითი პიროვნებაა. ჰყავს მეუღლე, შვილი უცხოეთში ცხოვრობს. დღესაც დარეკავს, ველოდები… ყურადღებიანია. მიხარია, რომ ბედნიერია.

 

წყნარი და მშვიდი ადამიანია. ბევრჯერ მიფიქრია, როგორ გაჰყვა, რატომ არ მითხრა, ამას რომ აპირებდნენ-მეთქი. მაგრამ ის სიყვარული, რომელიც მათ ჰქონდათ, ალბათ, ამ ყველაფერზე ძლიერი იყო. თან რას იფიქრებდნენ, როგორი დასასრული ექნებოდა ამ ყველაფერს.

 

მე არასდროს მისაუბრია თინასთან იმ ამბავზე, არც მაშინ, არც შემდეგ. მე ვიცი, რომ მის გულში დღემდე არის გეგა. ამიტომ ტკივილი არ მიმიყენებია. მინდა ბედნიერი იყოს. მეუბნება ინტერვიუზე დამირეკეს, მაგრამ არ მინდა, დეიდა ნათელა, ვისაუბროო. ძნელი გასახსენებელია ეს ტრაგიკული მოვლენა. ფილმიც არ უნახავს.

 

გეგა თვითნასწავლი მხატვარი იყო. დახატა ჩემი პორტრეტი. ვკითხე, ასეთი უშნო ვარ-მეთქი? და რა მიპასუხა? შენ თითქოს ძლიერი ხარ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან უბედური და საწყალი ადამიანი ხარო. მან თითქოს წინასწარ დამხატა, ხელებშემოხვეული და უსუსური… თუმცა მე არ ვთვლი, რომ უბედური და საწყალი ვარ. რატომ ვარ საწყალი? გარშემო მყავს ხალხი…

 

სულ იმაზე ვფიქრობ, ერთხელ მაინც დამესიზმროს. არც ერთხელ არ მინახავს სიზმრად. ზმანება მქონდა ერთი ორჯერ, თითქოს იყო და არც იყო.

 

 

 

სადაც არის, დარწმუნებული ვარ, კარგად იქნება.

 

მივულოცავ დღევანდელ დღეს და მინდა, ვუთხრა, რომ დადგება დრო (შეიძლება მალეც), მასთან მივალ და მერე სულ ერთად ვიქნებით.

 

დიდი მადლობა, რომ გახსოვთ და მირეკავთ.

ავტორი: თამარ გონგაძე


X